პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამუკა ჩარკვიანი იუბილარია. დღეს ის 67 წლის გახდა. მეცხრე წელია ეტლში ზის. ცხრა ოპერაციისთვის გაკეთებულმა ცხრა ნარკოზმა მეხსიერებასა და ხმაზე იმოქმედა. ამიტომაც არის, რომ ბოლო დროს არ ჩანს... თუმცა მალე სამი ახალი სიმღერით გაგვახარებს.
როგორც თაკო ჩარკვიანი "პრაიმტაიმთან" ამბობს, იუბილარი ამჟამად გრიგოლეთში ისვენებს.
თაკო ჩარკვიანი: - სხვათა შორის, მამუკა ბათუმშია დაბადებული. დედა და მამა დასასვენებლად იყვნენ ჩასულნი. სექტემბრის შუა რიცხვებში ელოდებოდნენ და მოულოდნელად, 24 აგვისტოს გაჩნდა მამუკა. ამიტომ ორმაგად უყვარს ეს ქალაქი.
არა ორდინალური და მრავალფეროვანი ტიპია. მთელი მისი ცხოვრება თავგადასავალია… ცალკე თემაა ჩვენი ურთიერთობა. ჩვენ ძალიან მაგრად ვმეგობრობთ. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ბავშვობაში უფრო იგრძნობოდა. ოთახში არ მიშვებდნენ მამუკა და მისი მეგობრები და მე ვეკვეტებოდი.
“მამუკა ჩემია” – ვიჩემებდი და მერე ამაზე შაყირი დადიოდა. რომ მეტყოდნენ, არა, მამუკა ჩემიაო, მე ვტიროდი. ერთხელ კიკეთში ვისვენებდით, ბევრი ბავშვი ვიყავით და ერთ-ერთმა მშობელმა ტყეში წაგვიყვანა. ამ კაცს ტყეში გზა აებნა. უკან წამოსასვლელ გზას ვერ ვაგნებდით. ტყეში ვტრიალებდით… მამუკას დაკაწრულ-დასისხლაინებული ჰქონდა ფეხები. მშობლები გვეძებდნენ, 12 ბავშვი ვიყავით.
და მახსოვს, მამუკამ ამ სიარულის დროს ზუგრზე ფუთასავით მომიკიდა და ისე გამომიყვანა ტყიდან. ამ ამბავს ახლა უფრო ვიხსენებ. ტყეში კი ფეხით არ მატარა, ზურგზე მომიკიდა და ასე ვიარეთ.
წლების მერე მე ვმზრუვნელობდი მასზე. სულ რაღაცებს მეკითხებოდა. მისგან მიგრძვნია, უთქვამს კიდეც, რომ მე მასზე გავლენები მქონდა. 16-17 წლიდან უკვე საერთო სამეგობრო გვყავდა.
ჯანსუღი და მამუკა
მთელი რეპერტუარი, ორი სიმღერის გარდა, ჯანსუღის ლექსებზე აქვს დაწერილი. “სულ ყველაზე ლამაზი” დედაჩემის ტექსტზეა. დანარჩენი ჰიტები სულ მამას ლექსებზეა. მამუკას და მამას ფსიქოლოგიური ტანდემი ჰქონდათ. სიმღერა “ჩემი აღარა ხარ, მორჩა” მამუკას განცდას და ისტორიას უკავშირდება. მამამ ლექსი დაწერა და მიაწოდა. პრაქტიკულად, ჯანსუღმა მამუკას შეგრძნება და ტკივილი გამოიცნო, ამოიღო და ლექსად მისცა.
მამუკა ჯანსუღის შემოქმედების აბსოლუტური ფანია და ეს მის რეპერტუარს ეტყობა კიდეც. ისეთი ლექსები აქვს ამოჩხრეკილი… საერთოდ, ლიტერატურა და პოეზია უყვარს, ნაკითხი ადამიანია.
ჯანსუღთან ფანტასტიკური ურთიერთობა ჰქონდა, მათ ურთიერთობაში სასმელი ერთადერთი ოპოზიცია იყო. მამა ნერვიულობდა, მამუკა რომ სვამდა. ეს იყო განსჯის თემა. შენიშვნა ან მამას, ან მამუკას იუმორით სრულდებოდა. ხომ იცით, რა ენა ჰქონდა ჯანსუღს, ბადალი არ ჰყავდა.
კონცერტზე მთვრალი არასდროს ყოფილა, არ არსებობს. ამიტომ ჯანსუღს უხაროდა, როდესაც მამუკას სცენაზე ხედავდა. იცოდა, რომ ამ პერიოდში აბსოლუტურად ფხიზელი იყო და არ სვამდა.
მამუკას ბევრჯერ უთქვამს, სასმლის სმის დროს არაფერი იწერებაო. შემოქმედების დროს ალკოჰოლს არ ეკარებოდა და ზუსტად ამიტომაც იყო, რომ ყოველი გაცდენილი დრო ენანებოდა ჯანუკის.
ჩვენთან სახლში სცენა იყო, გადაჭარბების გარეშე, არ ვიპრანჭები. ჩემთვის ბედნიერებაა ამის მოგონება. ვის არ ნახავდით ჩვენთან – ბიძინა კვერნაძეს, მიშიკო შენგელიას, ჯანსუღ კახიძეს, შოთა მილორავა, მედიკო ძიძიგური. ეს სცენა არ არის? მედიკოსგან რამდენიმე რომანსი მამუკას პირადად აქვს ნასწავლი. ჩვენთან ოჯახში ამ პროფესიონალი მსმენელით კმაყოფილდებოდა და შესაბამისად სცენაზე, ფართე აუდიტორიისთვის, ძალიან გვიან ამოალაგა თავისი შემოქმედება.
თეატრალურში გიო ხუციშვილმა და მამუკამ “თავისი დრო აქვს” ერთად შეასრულეს. მერე უკვე დიდ სცენაზე მერაბ სეფაშვილთან ერთად დუეტში გამოჩნდა. “მწვანე რტოები” მერაბს ამღერე-მეთქი, დავიჩემე. რეპეტიციის დროს მერაბი რომ ჩვენთან მოვიდა, მაშინ გადაწყვიტეს, მერაბმა უთხრა, მოდი, რა ერთად ვიმღეროთო. და ოპერაში, ჯანსუღის საღამოზე ერთად შეასრულეს და ბუმიც ატყდა. მერე ერთ წელიწადში ფილარმონიაში ზედიზედ ორი კონცერტი ჩაატარა. ისეთი ანშლაგით ჩაიარა, მეორე კონცერტი დაამატა. მერე უკვე გამოფინა და გამოფინა თავისი სიმღერები…
დაბოლოს სიახლე - მამუკას სამი ახალი სიმღერა აქვს დაწერილი. სექტემბერში სტუდიაში შევა ჩასაწერად. სიმღერები მოსმენილი მაქვს და გეუბნებით, რომ ერთი უდავოდ ჰიტია. ორი აზრი არ არის. სიმღერები, ტრადიციულად, ჯანსუღის ლექსებზეა...
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944