პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნუგზარ შარიას, გარდაცვალების გამო.
ნუგზარ შარია 1941 წლის 19 თებერვალს დაიბადა. პირველი როლი 15 წლის ასაკში შეასრულა და უკვე 26 წლისას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.
„მან არაერთი კინოროლით დაგვამახსოვრა თავი. მონაწილეობდა ფილმებში: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“. მისი თითოეული გმირი გამოირჩევა უაღრესად საინტერესო ხასიათით.
ნუგზარ შარიამ უმაღლესი სარეჟისორო განათლება რუსეთში მიიღო ლეონიდ ტრაუბერგის ხელმძღვანელობით. მისი სადიპლომო ნამუშევარი „შუადღე“ ანტისაბჭოთა ფილმად მონათლეს და ამის გამო, თბილისში დაბრუნებულს, კინოსტუდიებსა და თეატრებში აღარ იღებდნენ.
1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა და საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულა. ამ ფაქტის გამო იგი სამშობლოს მოღალატედ აღიარეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლებისა” და „თავისუფალი ევროპის” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს ნიუ-იორკში ჩავიდა და საქმიანობა გააგრძელა რადიოსადგურში „ამერიკის ხმა“. გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. მოგვიანებით მუშაობდა „ნიუ-იორკ თაიმსში”, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის ტელევიზიებში.
მსახიობი იყო ოთხი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას აკრედიტებული წარმომადგენელი.
ნუგზარ შარიამ იმუშავა მსოფლიოში ცნობილ 37 რეჟისორთან, მათ შორის - უოლტ დისნეისთან. ბროდვეის თეატრის სცენაზე მან მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლი „ძია ვანია“, რის შემდეგაც ნიუ-იორკის ბროდვეის თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც საუკეთესო მუსიკალური გამფორმებელი.
2020 წელს ლოს-ანჯელესში ნუგზარ შარია ფარული კენჭისყრით აირჩიეს „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ. მისი კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ნუგზარ შარიას ხსოვნას და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.