„ის გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში“ - პრემიერის სამძიმარი ნუგზარ შარიას ოჯახს და ახლობლებს

პრემიერ-მინისტრი

კინოსა და თეატრის მსახიობის, ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას გარდაცვალების გამო. ბატონმა ნუგზარმა არაერთი დაუვიწყარი როლით შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კინოხელოვნების ისტორიაში. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ნუგზარის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ნუგზარ შარია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილმა მსახიობმა ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“ და „ენგურის ნაპირებზე“. 1970 წლის შემდეგ ნუგზარ შარია ემიგრაციაში ცხოვრობდა. 1971 წელს ის ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კინორეჟისურაზე ლექციებს კითხულობდა.