იცით, ვინ არის აკაკის "ჩემო ციცინათელას" სიმღერის ავტორი?

akaki

იცით, ვის ეკუთვნის აკაკი წერეთლის ლექსზე დაწერილი სიმღერა - "ჩემო ციცინათელა"? რატომღაც საზოგადოების დიდ ნაწილს ხალხური ჰგონია. ამ სიმღერის ხსენებისას სმენას დები იშხნელების დაუვიწყარი შესრულება იპყრობს.

მოკლედ, "ჩემო ციცინათელა" ექიმ-ინფექციონისტ დავით ფაღავას ეკუთვნის. პეტერბურგში მოღვაწე არტისტული და მუსიკალური ფაღავა სოფელ ბანძაში (გეგეჭკორის რაიონი) დაბადებულა. პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს დაუმთავრებია. გახლდათ საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. წყალტუბოსა და ქობულეთის ცნობილი სანატორიუმები  სწორედ მისი ინიციატივით  დაარსებულა. 

აი, როგორ იხსენებდა მას და "ციცინათელას" შექმნის ისტორიას კოტე მახარაძე;

კოტე მახარაძე: პეტერბურგში მუშაობდა ექიმი დათიკო ფაღავა. შესანიშნავი ექიმი იყო, თუმცა მხოლოდ ამით არ იყო განთქმული. მთელმა პეტერბურგმა იცოდა, რომ თუ სუფრაზე დათიკო ფაღავა გიტარითაა დაპატიჟებული, ეს ნიშნავდა იმას, რომ კარგ დროს გაატარებდი. ყველაფერს უკრავდა ნეაპოლიტანური და ფრანგული სიმღერებით დაწყებული, მეგრულით დამთავრებული. თუ მეგრელები იყვნენ სუფრასთან, უკრავდა თავის მოგონილ მეგრულ სიმღერებს. ან რომელიმე ოპერიდან აიღებდა მელოდიას და მეგრულ ტექსტს ჩასვამდა. დღემდე მეგრული სიმღერები რომ ჰგონიათ, იტალიური სიმღერებიდან დათიკოს გადმომეგრელებულია.

ალექსი წერეთელმა, აკაკის ვაჟმა, საუკუნის დასაწყისში, თბილისში იტალიური დასი ჩამოიყვანა. სულ იტალიური სიმღერებით აივსო თბილისის ქუჩები. ყველაზე დიდი წარმატება ჰქონდა ოპერას "ტრავიატა". თუ დათიკო გამრეკელი მღეროდა, ინგრეოდა იქაურობა. 

თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ელოდებიან აკაკი წერეთელს. დათიკოს უთხრეს, აკაკი მოდის და რამე მუსიკალური  ნომერი მოამზადე მისთვისო. მომეცით აკაკის წიგნიო, უთქვამს და აურჩევია ლექსი "ციცინათელა". მოვიდა მგოსანი. იმღერეს სხვადასხვა სიმღერები. და ბოლოს, ბატონო დავით, ჩვენს მგოსანს ვუმღეროთ რამეო, მიმართეს ექიმს. დათიკომ გიტარას მოჰკიდა ხელი და "ჩემო ციცინათელა" ისე შეასრულა, შემდეგ ჩვენამდე რომ მოაღწია. მელოდიის მოტივი აბსოლუტური გამეორებაა არიისა "ტრავიატადან", მხოლოდ მეტრი და რიტმია შეცვლილი.  

ასე რომ, დროა ვიცოდეთ, "ციცინათელას" ავტორი.