პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აკაკი წერეთლის ლეგენდარული “სულიკოს” პროტოტიპის ისტორია ცოტა ადამიანმა თუ იცის. რა გახდა მგოსნისთვის ამ ლექსის ინსპირაციის წყარო. ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძის ინფორმაციით, “საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო”, ამ ფრაზის მიღმა, ტრაგიკული ისტორია იმალება.
როგორც ის ჰყვებოდა,- ერთ-ერთი ექსპედიციის დროს, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ პატარა თონეთში, იგივე დვალთაში მუშაობისას, ერთმა მოხუცმა, შემთხვევით ჰკითხა: ეს ხომ იცით, რომელი სოფელია? სიმღერა “სულიკო” ხომ იციო? ის სულიკო ამ სოფლიდან იყოო?
ისტორია კი, რომელმაც ფოლკლორისტმა მოიკვლია, ამგვარი აღმოჩნდა:
ამ სოფლის მამაკაცებს, ურმებით თბილისში გასაყიდად ნახშირი ჩამოჰქონდათ. (1960 წელში 90 წელს გადაცილებული მამაკაცების ნაამბობს მოგვიანებით მივაკვლიე) მათ შორის, იყო 30 წლის ზალიკო სამადალაშვილი. ეს ზალიკო თბილისში გაეცნო აკაკი წერეთელს და მისთვის, ნახშირთან ერთად, სხვა პროდუქტებიც ჩამოჰქონდა. ამ ზალიკოს ჰყავდა უმცროსი ძმა, სულიკო სამადალაშვილი, რომელსაც შეუყვარდა მისსავე სოფლელი გოგო. წყვილი დაინიშნება. გვიანი შემოდგომა იყო და ქორწილისთვის ემზადებოდნენ. სულიკო წავიდა ქალაქისკენ, საქორწილო ტანსაცმლის საყიდლად. გავიდა ორი დღე, სულიკო არსად ჩანდა. დაიკარგა ეს ახალგაზრდა კაცი. დანიშნულიც ელოდება. ატყდა განგაში. მოიკითხეს ქალაქშიც, მიმდებარე სოფლებშიც, მაგრამ გზა-კვალი არსად ჩანდა. ეს საცოლეც დადის ტირილით და ეძებს თავის საქმროს. რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, ხალხური ნარატივის თანახმად, მანგლისის ტყეში იპოვიან ძვლებს, ქამარ-ხანჯალს და სამოსის ნაფლეთებს. ბალთით და სამოსით იცნობენ, რომ სულიკოს ნეშტია.
გაზაფხულზე ჩავიდა ისევ ზალიკო ქალაქში და მივიდა აკაკისთან. აკაკის გამხდარი მოეჩვენა და შეცბუნებულმა ჰკითხა – რა გჭირს, სად დამეკარგე, არც ვიცოდი, როგორ უნდა მეპოვე. მშვიდობა გაქვსო? არ მაქვს მშვიდობაო, უპასუხია ზალიკოს და უამბია თავისი ძმის ამბავი…
აკაკიზე ამ ისტორიას ძალიან უმოქმედია და მეორე ჩასვლაზე ზალიკოსთვის მისი უკვე საქვეყნოდ ცნობილი “სულიკოს” ლექსი დაუხვედრებია. ოღონდ ასე იწყებოდა – “ჩემი ძმის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე, დაკარგულიყო”… თან უთქვამს, ჩვენ იმდენი ხნის ნაცნობობა გვაქვს, მე ვერ გავძლებ და შენს ოჯახში ამოვალ სამძიმრის სათქმელადო.
არსებობს მოხუცის ნაამბობი, რომელიც ჰყვებოდა: 12 წლის ვიყავი, როდესაც აკაკი წერეთელი დვალთაში ეტლით შემოვიდაო. სოფელმა პატივით მიიღო მგოსანი. აკაკის სულიკოს საფლავზე მისვლა უთხოვია. იქ მისულს, მომტირალი საცოლე უნახავს. ეს გაუბედურებული და განადგურებული გოგო რომ უნახავს, მერე გადაუკეთებია აკაკის თავისი ლექსი, “საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე დაკარგულიყო”. ისე კი ლექსის პირვანდელი ვერსია, იქვე წაუკითხავს მგოსანს.
მერე ვარინკა წერეთელმა ამ ლექსზე დაწერა სიმღერა, რომელმაც მსოფლიოში პოპულარული გახადა ის და “საყვარლის საფლავის” მძებნელი ადამიანის სევდიანი ამბავზე ბევრიც აღიღინა.
ლექსი “სულიკო” პირველად 1895 წლის 9 ივლისს დაიბეჭდა ჟურნალ “კვალში”. 1900 წელს კომპოზიტორმა კოტე ფოცხვერაშვილმა “სულიკოს” მელოდია ნოტებზე გადაიტანა ფორტეპიანოზე შესასრულებლად. 1905 წელს “სულიკო” პირველად შესრულდა ქუთაისის სახალხო თეატრში, 1937 წელს კი მოსკოვში ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები, რომელსაც სტალინი დაესწრო. ქალთა ანსამბლმა შეასრულა “სულიკო”, რომელიც ხალხურ სიმღერად გამოცხადდა. მას შემდეგ””სულიკოს” ყველა ხალხურ სიმღერად “ასაღებდა. ამ აღმაშფოთებელ ფაქტს თავად ვარინკა წერეთელმა მიხედა, ხელისუფლებას მოსთხოვა საავტორო უფლებების აღდგენა და დასტურიც მიიღო. 1938 წელს””სულიკოს” მელოდიის ავტორად ვარინკა წერეთელი დადგინდა.
ვარინკა 1848 წელს “სულიკოს” ჰანგების თანხლებით დაუკრძალავთ.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944