"ისეთი წარმოუდგენელი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა..." - ერის მარგალიტები, დები თათარაიძეები

tataraidzeebi

ლელა თათარაიძე 75 წლისაა. ამ ძვირფასი ფოლკლორისტისადმი მიძღვნილი ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა. ისმოდა თუშური ჰანგები, სიტყვა, პოეზია... ანსამბლებთან ერთად ლელა მღეროდა, ეთერო თავისი პოეზიით ატკბობდა დამსწრეთ.

განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე. ლელამ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო, ხოლო ეთერომ - ასე ტკბილად, მხოლოდ სახელით რომ მოვიხსენიებთ, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა. გადაარჩინა უძველესი და უმდიდრესი ქართული ენის კილო.

ეთეროსგან განსხვავებით, ლელას ინტერვიუს ვერ გადააწყდებით. მდუმარება და ფიქრი მიყვარსო, ამბობს. ამიტომ საჯარო საუბრისგან  - ინტერვიუებისგან თავს შორს იჭერს. ეს იშვიათი შემთხვევაა, ფოლკლორისტმა ჟურნალ "ქართულ ფოლკლორს" მისცა ინტერვიუ. აი, რას ამბობს ის გამოცემასთან. "პრაიმტაიმი" ამონარიდს გთავაზობთ.

ლელა თათარაიძე: სიმღერის და სიყვარულის მეტი, სხვა არაფერი გვქონია სახლში. სხვათა შორის, მამაც და დედაც მღეროდნენ, მაგრამ ვერ გამოჩნდნენ იმდროინდელი ცხოვრების გამო. მუსიკოსობა, კაცის სიმღერა სირცხვილი იყო და დამალულად მღეროდნენ ხოლმე.

***

მე მუსიკისთვის ლექსს არ ვარჩევ, ლექსი მარჩევინებს მელოდიას. შეკვეთებიც რომ იციან ხოლმე, ის გააკეთე ჩემს ლექსზეო, არ არის ეს ჩემი სამყარო. შეკვეთით ჩემს ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია. ლექსს რომ წავიკითხავ, იმ ლექსიდან თუ ორი ხაზი მაინც დარჩა გულში და მომეწონა, ის თვითონ მაწვალებს და როცა მოვა, მოვა... შეიძლება ღამე საწოლიდან წამოგაგდოს. „ლომო, შე ლომის მოკლულო“ – ეს ლექსი რომ წავიკითხე, როცა მოვიდა, თვითონ მოვიდა და ასევე სხვა.

ბევრი ფილმი მაქვს მუსიკალურად გახმოვანებული. „სურამის ციხისთვის“ ზურაბის დედის ტირილი მე ჩავუწერე. ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე იყვნენ მაშინ.

„ადამიანთა სევდა“, „ექვსი თოვლიანი დღე“, „წიგნი ფიცისა“ – ამ ფილმებში ჩემი სიმღერაა გამოყენებული. „წიგნი ფიცისა“ რომ გადაიღეს, ბიძინამ (კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე) სიმღერა გააკეთა, გიგა ლორთქიფანიძე იყო რეჟისორი. მითხრეს, რომ იქ უნდა მემღერა ინგილო ქალის „ნანა“. ვუთხარი, ვიმღერებ, მაგრამ ისე, როგორი განწყობაც მოვა, მელიზმები, ჩახვევები უნდა ყოფილიყო ჩემი. მერე მითხრეს, რომ „დალაი“ – თუშური „ზარი“ გვჭირდებაო. ვუთხარი, რომ ეს კაცების „ზარი“ იყო და ამას თავისი განუყოფელი მელოდია ჰქონდა. იქვე შევასრულე, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ ესეც მე უნდა შემესრულებინა. უარი ვუთხარი, რადგან ქალები არ ასრულებდნენ „ზარს“. მოიყვანეს ჰამლეტ გონაშვილი. ჰამლეტი სიმღერის დას მეძახდა, სახელით არ მომმართავდა. საოცარი ადამიანი იყო, ბუნების, მთების მოყვარული. ისწავლა, მაგრამ ხმის ტემბრი არ მიესადაგა, თვითონაც ასე ფიქრობდა. მოიყვანეს თემურ ქევხიშვილი და ჩაწერეს თემური.

ეთერ თათარაიძე:  მე არ მამღერებდნენ. ჩემ და-ძმებს რომ ავყვებოდი, ესენი ჩუმდებოდნენ. დედა რომ იკითხავდა, რად არ ამღერებთო, ურევსო, სამივე უპასუხებდა. 

ისეთი ხმა ჰქონდა, ღამე სოფელი რომ ჩუმდებოდა, ნიავს მიჰქონდა ლელას სიმღერა, წარმოუდგენელი ხმა იყო. 

დილიდან საღამომდე მღეროდა ამვლელ-ჩამვლელისთვის, საჭმელიც არ ახსოვდაო, დედა იხსენებდა. ვინ გამოხვალო, რომ ეკითხებოდა, მამის მეგარმუნე ქალიო. 

ფოტოები: ლაშა ღუღუნიშვილი