"ირაკლი ჩარკვიანი ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში და ამჯერად, კიდევ უფრო ემოციურად" - მებო ნუცუბიძე მეფეზე

mebo

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში 23 ოქტომბერს პრემიერაა. მიუზიკლი - „მე გადმოვცურავ ზღვას“ დათო დოიაშვილმა ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგა. პროექტის მთავარი მუსიკალური პროდიუსერია გიორგი ასანიშვილი, ხოლო მუსიკალური ვერსიების ავტორები - გიორგი ასანიშივილი, ბეთხო და მებო ნუცუბიძე არიან.

აი, რას წერს მებო სოციალურ ქსელში.

მებო ნუცუბიძე: ვინც უნივერსიტეტიდან მიცნობთ, გემახსოვრებათ, სულ გიტარით რომ დავდიოდი. დავდიოდი და ვმღეროდი. ვმღეროდი ყველგან - უნივერსიტეტის ბაღში, კიბეებსა და აუდიტორიებში. ის კი არა, მაღლივის მეთოთხმეტე თუ მეთხუთმეტე სართულზეც კი მიმღერია, სტატისტიკის ლექციებს შორის შუალედებში.
იმ პერიოდში, სულ ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს ვუსმენდი და ვმღეროდი. აღფრთოვანებული ვიყავი მისი ცხოვრებით, მისი ისტორიებითა და იმ ამბებით, რომელსაც თავისი ლექსებითა და სიმღერებით გვიყვებოდა.
გავიდა დიდი დრო, თითქმის ათი წელი, ან სულაც - უფრო მეტი. და ირაკლი ჩარკვიანი ისევ დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში და ამჯერად, კიდევ უფრო ემოციურად.

წელიწადზე მეტია, რაც მე და ბეთხომ ჩვენი კომპანია - ჰეიმა პროდაქშენი შევქმენით და დავიწყეთ მოგზაურობა სულ ახალ სამყაროში, ახალ გამოწვევებსა და თავგადასავლებში.

ივნისში კი, კიდევ ერთი დაუვიწყარ მოგზაურობაში გადავეშვით: შემოდგომამდე, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების მიხედვით უნდა შეგვექმნა მუსიკა მიუზიკლისთვის. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენ უნდა მოგვეფიქრებინა ირაკლის სიმღერების აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიები, გვემუშავა მთავარ მუსიკალურ პროდუსერთან, რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად.

დეტალებში რომ შევიდე, რამდენიმე დღე მაინც მომიწევს საუბარი იმ ყველფერზე, რაც ამ დროის განმავლობაში გამოვიარეთ. ამიტომ, მხოლოდ ერთს ვიტყვი: მეფე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკა არის უსასრულო ოკეანე, რომელშიც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ცურვა.

ამ ოთხი თვის განმავლობაში, ჰეიმა პროდაქშენში შეიქმნა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერების 22 ახალი ვერსია, სპეციალურად მიუზიკლის ამბავსა და თხრობას მორგებული. ამ პერიოდში, სესიურად ვიმუშავეთ ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკოსთან და ადამიანთან, რომლებმაც ზუსტად და სწორად გააჟღერეს ჩვენი იდეები.ბევრი ადამიანია, ვისაც მადლობა ეკუთვნის ამ დაუვიწყარი ამბისთვის, თუმცა, მეშინია ვინმე არ გამომრჩეს. ამიტომ, მხოლოდ ერთს გამოვყოფ: ჩემს მეგობარსა და ჩემს პარტნიორს - ბეთხოს.ბეთხომ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების წყალობით, შეძლო ის, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა: მთლიანად მის მხრებზე გადაიარა ჩაწერილი კომპოზიციების მიქსინგმა და მასტერინგმა და მთელი ჩვენი შრომა წყალში რომ არ ჩაიყარა და ყველაფერი ისე ჟღერს, როგორც ჩვენ გვინდოდა და როგორც თქვენ გესიამოვნებათ, თეატრში მისულებს, სწორედ რომ მისი დამსახურებაა.აუცილებლად წადით ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში და ნახეთ არაჩვეულებრივი მიუზიკლი - „მე გადმოვცურავ ზღვას“.ჩვენ კი, გვწამს, რომ სიმღერა დაგვიცავს და ეს ამბავიც აუცილებლად დარჩება ისტორიას.