პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
10 მარტი მწერლისა და პროზაიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ლევან გოთუას დაბადების დღეა.
ავტორი "გმირთა ვარამისა", რომელიც საბჭოთა საქართველოში ბესთსელერად იქცა, 118 წლის წინ მოევლინა სამყაროს. ცხოვრების დიდი ნაწილი პატიმრობაში გაატარა. დისიდენტ მწერალს, შემოქმედების დიდი ნაწილი, გადასახლებაში გატარებულ მძიმე წლებში აქვს დაწერილი.
"გმირთა ვარამი" ძვლისგან გამოთლილი კალმით იწერებოდა, მელანს ტექნიკურ სპირტში გახსნილი ქვა-ნახშირის მტვრით ამზადებდა. რომანი გაზეთების მინდორზე, თხელ ფიცრებსა და ასანთის ყუთებზეა დაწერილი. მორებით საქართველოში მოხვედრილ რომანს კი, ლევანის დები ათეთრებდნენ.
რახან წერას უშლიდნენ, ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა, ტრანსფორმატორს დაწერა "სიცოცხლისთვის სახიფათოა", ორმო ამოთხარა, შიგნით ძვრებოდა და ზედამხედველებისგან მალულად, ქაღალდის ნაგლეჯებზე, ასანთის კოლოფებსა და გაზეთის კიდეებზე წერდა რომანებს.
ნაგლეჯებს საქართველომდე რომ ჩამოეღწიათ, პატიმრები ხის მორებს გულს ამოაჭრიდნენ, შიგ ფურცლებს ჩადებდნენ და ზონიდან ასე გაჰქონდათ. ზონის გაღმა სხვა სანდო კაცი ფურცლებს ამოიღებდა და საქართველოში გზავნიდა, ადრესატი სიმონ ჩიქოვანი იყო.
„სიმონ ჩიქოვანი ამ ტექსტს აწყობდა და როდესაც ლევანი ჩამოვიდა, დაახვედრა. 11 კაცი მონაწილეობდა ტექსტის გამოტანაში. იმ 11 კაციდან ერთი მაინც რომ ყოფილილყო გამცემი, მთელი გეგმა ჩაიშლებოდა“, - ჰყვება მწერალი როსტომ ჩხეიძე.
უკანასკნელი გადასახლებიდან 50 წლის ასაკში დაბრუნდა.
„მსოფლიო მასშტაბის და დღემდე დაუფასებელი“, - ასე ახასიათებს მას ჩხეიძე.
გადასახლებიდან დაბრუნებულს თბილისში ცხოვრებას უკრძალავდნენ, ჩეკისტებს ადევნებდნენ, თეატრებში მისი პიესები ისე იდგმებოდა, მხოლოდ რეჟისორებმა იცოდნენ, ვინ იყო ავტორი.
ალპინიზმითაც იყო გატაცებული და კავკასიის საუკეთესო ალპინისტის წოდებაც მოიპოვა.
ნაკუწ-ნაკუწ დაწერილი „გმირთა ვარამი“, ეს ისტორიული რომანი, განსაკუთრებული ენითა და სტილით, უშუალოდ მწერლის მიერ შექმნილი სიტყვებითაა გაჯერებული... ნეოლოგიზმები ლევან გოთუას განსაკუთრებით უყვარდა და ასეთ სიტყვებს იგონებდა:
„მხარჩამოშლილი, ბადალუპოვარი, მხარჯავარი, ქვაბ-ქალაქები, ქვა-ყუთი, ქვა-კამარა, კეთილმოქალაქეობა, კეთილხმოვანი, კლდე-ჭერი, თვალკიაფა, ჯუჯაგულობა, ბრძენ-პაპა, ნადირ-კაცი...“ („ლევან გოთუას პუბლიცისტური და ეპისტოლარული მემკვიდრეობა“, ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი).
„გმირთა ვარამის“ გარდა ლევან გოთუას დაწერილი აქვს: „კრწანისის სევდა“ , „ყინწვისის ანგელოზი“, „ხანძთის ზარი“, „სიბრძნე სიკვდილისა“, „სერაფიტა“ და ასე შემდეგ.
როსტომ ჩხეიძე ამბობს, რომ ეს წიგნები ახალგაზრდებს ხშირად რთული ეჩვენებათ, რადგან ლევან გოთუას, ისევე როგორც ყველა მწერალს, შეჩვევა უნდა:
„ფოლკნერს, რა, არ უნდა შეჩვევა? შეეჩვიე! ხუთი გვერდი წაიკითხე და ისე ჩაგითრევს, ვეღარ შეელევი. ლევან გოთუა წერდა არა დამწვარ და დაბუგულ ქვეყანაზე, არამედ ისეთ საქართველოზე, როგორიც სურდა, რომ ის ყოფილიყო. ძალიან მხნეა. ვერ გრძნობ, რომ ეს დაპყრობილი ქვეყნის შვილმა და კატორღელმა დაწერა...