დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
74 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი უშანგი ხუმარაშვილი.
უშანგი ხუმამ კლასიკური ავანგარდის სტილში, კლასიკური აბსტრაქციონიზმის მოტივებით 80-იანი წლებში დაიწყო ხატვა.
"მინიმალისტური ფერწერაა. რაც ადამიანის შინაგანია, მისი ფერწერაც ის არის. სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე... ნაკლებად მაინტერესებს ფიგურა, პორტრეტი. მე მშურს იმ ხალხის, ისე კარგად აკეთებენ ამას, მაგრამ მე ამაში ვერ ვიხარჯები. დიდ შრომას ვატან ამ ნახატების კეთებას. ვუკეთებ ანალიზს, რომ იყოს ახალი და ნამუშევრის არ მრცხვენოდეს. რომ ყიდულობენ ნახატს, არ მრცხვენია, რომ მერე სადმე შევხვდე იმ ნახატს.
სხვა ამას ვერ გააკეთებს, ეს ჩემი ხელწერაა" - ამბობდა მხატვარი.
არტისტის ბოლო პერსონალური გამოფენა რამდენიმე თვის წინ, დეკემბერში, "გალერეა 9"-ში გაიმართა. "მეხსიერება" ასე ერქვა გამოფენას, რითიც უშანგი ხუმა თავად უკანასკნელად მასპინძლობდა დამთვალიერებელს.
გიორგი ნიორაძე, ჟურნალისტი: დავურეკავდი და სანამ მივიდოდი, საკუთარი სახლის სადარბაზოს წინ იდგა და დინჯად მელოდა.
შემდეგ ძველი იტალიური ეზოს სადარბაზოს წითლად შეღებილ ხის ჭრიალა კიბეს ლანდებივით ავივლიდით და მის პატარა სახლში აღმოვჩნდებოდით. მისაღები ოთახის უკან, ქაოტურად, ერთმანეთზე მიწყობილი სხვადასხვა ზომის უამრავი ნამუშევარი ეწყო, ეს ნახატები ადამიანს, რომ ნორმალურად დაეთვალიერებინა, სათითაოდ უნდა გამოეძვრინა წყებად კედელზე მიწყობილი ტილოებიდან.
ასე ირეოდა სტუმრების მიერ ნახატებისთვის განკუთვნილი უკანა ოთახი, რომელსაც შემდგომ ისევ თავადვე ალაგებდა.
ასეთი დარბაისელი, დინჯი და თავმდაბალი ადამიანი, იშვიათად შემხვედრია.
არც მისი გარეგნობა დარჩებოდა ვინმეს შეუმჩნეველი - მაღალი, თეთრწვერიანი, თხელი, ოდნავ მხრებში მოხრილი, ჩამოთლილი და გრძელი კიდურები განსაკუთრებულ არისტოკრატულ შარმს სძენდა არტისტს.
ძალიან დიდი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა.
ძალიან, ძალიან დიდი. უშანგი ხუმარაშვილი თანამედროვეობის გენიოსი იყო, სამწუხაროდ მისი სათანადო დაფასება მოხდება დღევანდელი დღის შემდეგ.ხვალ, მისი ნახატები მთელ მსოფლიოს აუცილებლად აღფრთოვანებაში მოიყვანს.