"ყველა აღმერთებს იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ტიპია. ქეთი მატაბელი რომ არ ყოფილიყო, სამყარო ბევრს დაკარგავდა" - რას გვიყვება 70 წლის ცოლზე გია გუგუშვილი

gia

"ბრწყინვალე ხელოვანი, თბილისის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დღეს იუბილარია.!" - წერს გია გუგუშვილი მეუღლეზე, ქეთი მატაბელზე.

თუ ცოლ-ქმარი ერთი მთლიანია, მხატვართა ეს წყვილი ამის მაგალითია. 

ქეთი მატაბელი 70 წლის გახდა. მხატვარი, რომელმაც თავისი ადგილი დაიმკვიდრა, შემოქმედებით არავის ჰგავს, მას შეიძლება ჰგვანან, მაგრამ ის უნიკალურია.

"პრაიმტაიმის" მკითხველს კარგად ახსოვს, ჩვენთვის მოცემული ქეთის ინტერვიუები მის შერეულ ტექნიკაზე, ფოლიანტებზე, კოლაჟებსა თუ ასამბლაჟებზე. 

ქეთი მატაბელი: უფალს და სამყაროს მადლობას ვეუბნები, რომ ამდენი ხანი ვიცოცხლე, ჯანმრთელად ვარ. მყავს შესანიშნავი ოჯახი, ორი შვილიშვილი, მეგობრები. შესანიშნავ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელზედაც ვგიჟდები. 

უნდა წარმოვიდგინოთ მშვიდობა. როდესაც ვმედიტირებ, ძალიან ხშირად მშვიდობა მაქვს წარმოდგენილი, რომ ყველაფერი დაწყნარდეს და კარგად იყოს. ამის იმედი მაქვს. მინდა, რომ ეს ჩემი ოცნება - დამყარდეს მშვიდობა და ერი ერთიანი, გახდეს მატერიალური. ყველა აზრი და ფიქრი ბოლოს მაინც მატერიალური ხდება და მე ამის მჯერა. 

დღეს ასეთი განწყობა მაქვს, ზამთრის ბოლო დღეს და მერე ყველას გაზაფხულის დადგომას ვულოცავ.

შეყვარებული მეუღლე ყვავილების მაღაზიაში "გამოვიჭირე". ბატონი გია ქეთისთვის დიდ თაიგულს არჩევდა.

გია გუგუშვილი: ქეთი მატაბელი ერთი და განუმეორებელია. 

ბედნიერებაა ცხოვრობდე მის გვერდით. ის საოცარია შინაც და გარეთაც.

ჩვენ ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. იმ დროს სადმე გამგზავრება სირთულე იყო. 70-იან წლებზე ვყვები. ქეთი იყო მგონი ჩეხეთში და ჩამოიტანა ფანტასტიკური ფანქარი. ვითხოვე, წავიმუშავე ამ ფანქრით და ასე წავიდააა... მერე ამურმა დაგვაყარა და დაგვაყარა ისრები...

როგორც ხელოვანს აქვს თავისი ნიშა, სტილი, რომლის მსგავსი არ არსებობს. ქეთი მატაბელს ბევრი ბაძავს, მაგრამ ძალიან მდარედ. მისი გამოცნობა შეიძლება. ქეთი რთული ტექნოლოგიით მუშაობს. ხომ არის ხელოვანის პატარა ფოკუსები. ის არავისთან არ ამხელს ამ ფოკუსებს. ისეთ მასალებს ხმარობს, რასაც სხვასთან ვერ ნახავთ და ამით მარტივად იშიფრება, რომ ნამუშევარი "მატაბელი" არ არის. ათას ძველმანებში დადის, არჩევს. კოლაჟებითვის 1920-21 წლის ჟურნალებიდან და გაზეთებიდან ჭრის, 37 წლის გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილების ნაგლეჯებს იყენებს... ეს მაგარი რისკია. ხელოვანის რისკფაქტორი მასთან არ არის, არის ხელოვნება და არის ქეთი.

სამყარო ბევრს დაკარგავდა ქეთი მატაბელი რომ არ ყოფილიყო. ის ძალიან საინტერესო ხელოვანია. ქეთის წინა პერიოდის ნამუშევრები რომ ნახოთ, "მატაბელის" სტერეოტიპი იმდენჯერ არის დანგრეული, გაოცდებით. 90-იანი წლების ნამუშევრები რომ ნახოთ, ვერაფრით ვერ მიხვდებით, რომ მისი ნამუშევარია. 

სასიამოვნოა, როდესაც შენი მეუღლე განათლებულია და რაღაცების ახსნა არ გიწევს.

ორივემ ისეთი პლატფორმა შევქმენით, სადაც ჩვენი შვილები თავს შესანიშნავად გრძნობენ. 

ცოტა გულდასაწყვეტია, რომ არც არავის ახსოვს, რომ ასეთი ხელოვანი დღეს 70 წლის გახდა. შეიძლება ვჩქარობ და ადრე ვამბობ. არადა, ძალიან ცოტა გვყავს ქეთი მატაბელისნაირი ხელოვანი. 

ხელოვანი და ასაკი პირობითი მცნებაა. ნამდვილი ხელოვანის ნამუშევრებს რომ უყურებ, არ გაინტერესებს, რა ასაკის იყო, ოსტეოხონდროზი ჰქონდა თუ წელგაკავებული ხატავდა. უასაკოდ გელაპარაკებიან. 

ქეთის ასაკი არც ეტყობა, გენიალურად გამოიყურება. ჩვენი ხელშეწყობაა, რომ ქალი დედოფალია. შვილები, სხვები, ყველა აღმერთებს იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ტიპია. პრინციპულიც არის და კომუნიკაბელურიც. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა.