"გამოვტყდები, ასე არასდროს მითამაშია... წარმოიდგინეთ, საათი და თხუთმეტი წუთი ვქაქანებ" - ჩცდ-ს "ლამარამ" ეთოს როლით ფურორი მოახდინა

marina

ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე ზუგდიდის თეატრს ორი პრიზი გადაეცა.

საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, მარინა დარასელიას და მეორე ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაციისთვის - ნიკა ჩიკვაიძეს.

ნიკამ თამთა მელაშვილის ბესტსელერი - "შაშვი შაშვი მაყვალი" შარშან დადგა. ეთოს როლი კი მარინა დარასელიას მისცა. მარინას ყველა კარგად ვიცნობთ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", სადაც ის გრიშა კაკაჩიას მოახლის, ლამარას როლს ასრულებს.

მსახიობი "პრაიმტაიმს" თავის ემოციებს უზიარებს.

მარინა დარასელია: არ ველოდი ეთოს როლით პრიზს თუ ავიღებდი. არადა, გამოვტყდები, ასე არასდროს მითამაშია. მოვინდომე იმიტომ, რომ ფესტივალი იყო, თანაც ჟიურიში თეატრმცოდნეები ისხდნენ, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი იყო, კინოსკრიტიკოსი - ლელა ოჩიაური, თეატრის კრიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი ისხდნენ.

მინდოდა ზუგდიდის თეატრი საუკეთესოდ წარმომეჩინა და სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, ლამის გული ამომივარდა. ძალიან განვიცადე. 40 წელი ხდება, რაც სცენაზე ვდგავარ და ასეთი შიში აქამდე არ დამუფლებია. თითქოს პირველად გავდიოდი სცენაზე. დიდად საპასუხისმგებლო როლი მებარა, ამხელა სტრესი ამიტომაც მივიღე. 

როგორც კი ფარდა გაიხსნა, სასწაული დადებითი მუხტი წამოვიდა, ჯადოსნური სითბო ვიგრძენი. ამ შეგრძნებას სიტყვიერად ვერ ვხსნი. პირი გავაღე თუ არა, ეს ნერვიულობა მომეხსნა. მაქსიმალურად ვეცადე ამ ქალის ცხოვრება მომეყოლა. 

მაყურებელმა  საათი და თხუთმეტი წუთი მისმინა და გამიძლო. თითქმის მონო სპექტაკლია. წარმოიდგინეთ, საათი და თხუთმეტი წუთი ვქაქანებ. არ გინდა ამდენი ხანი დაიჭირო მაყურებელი? თან რა გასუსული მისმენდა ეს საოცარი მაყურებელი!

მადლობა ჟიურის, ფესტივალის მონაწილეებს და ოზურგეთის თეატრის მაყურებელს.