Exclusive: „ცერემონიალის შემდეგ ბენისიო დელ ტოროს ბოდიშები ვუხადეთ. სასაცილოები ვიყავით“ - რა გადახდათ ქართველ მსახიობებს კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე

del toro

კარლოვი-ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალიდან სოსო ბლიაძის ფილმი "ჩემი ოთახი" ჯილდოებით დაბრუნდა. 

საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცათ მთავარი როლის შემსრულებლებს - თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს.

ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე მსოფლიოში ცნობილმა მსახიობმა და პროდიუსერმა, ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა. 

ეს ოფიციალურად. ახლა კი ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, მეგის შემსრულებელი, მარიკა ხუნდაძე, "პრაიმტაიმის" მკითხველს თავად მოუთხრობს ამ წარმატებული ფილმის შესახებ.

მარიკა ხუნდაძე: - ფილმი არის გოგონაზე, თინაზე, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე, სულ სხვა შეხედულებები და ცხოვრების წესი ჰქონდა. თუმცა უწევს თავისი მოცემულობა და კომფორტის ზონა დატოვოს და ცხოვრება ახლიდან, სხვანაირად დაიწყოს. თინა მეგისთან ანუ ჩემს გმირთან ერთად გადადის საცხოვრებლად. მეგის მისგან განსხვავებული ცხოვრების სტილი და შეხედულებები აქვს. ფილმში კი ვხედავთ, ერთმანეთის გაცნობით როგორ იცვლება მათ ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი.

ჩემთვის ფემინისტური ნარატივია და მნიშვნელოვანია: საქართველოში, ამ პატრიარქალურ გარემოში, ქალის პოზიციის და სივრცის წამოწევა.

მეგის, ჩემს პერსონაჟს, შეიძლება ყველა ვიცნობდეთ ჩვენი ბაბლიდან. მე ვეცადე მასში რაღაც ჩემიც შემეტანა.

მე და თაკი მუმლაძე (თინას როლის შემსრულებელი) სინამდვილეში მეგობრები ვართ. საინტერესო იყო მასთან მუშაობა. ჩვენმა მეგობრობამ რაღაცები გააადვილა, პირიქით, უფრო საინტერესოც გახადა სამუშაო.

გამოცდილება იყო უცნაურიც. ჩვენ მაგ სახლში, სადაც ფილმი გადავიღეთ, ვცხოვრობდით. საერთოდ პანდემიის დროს, ეს სახლი თავად გახდა ფილმის გადაღების ინსპირაცია.

თაკი და სოსო ბლიაძე, რეჟისორი, ასევე - დიტო და თორნიკე, ხმის რეჟისორი და ოპერატორი, ყველა საკითხზე მხოლოდ ეს ადამიანები მუშაობდნენ.

მართლა მეგობრობის ხარჯზე, უბიუჯეტოდ და დიდი ინთუზიაზმით გავაკეთეთ ეს ფილმი. და როდესაც ამ შრომას ასე დაგიფასებენ, კიდევ უფრო დიდი ბედნიერების მომნიჭებელია.

არ ველოდი, რომ ასეთ რეზულტატს მივიღებდით. მე და თაკი გამარჯვებულებად ერთად რომ გამოგვაცხადეს, კიდევ უფრო სიმბოლური იყო ჩვენთვის. მართლა ახლო მეგობრები ვართ, ბევრი რამ გვიკეთებია ერთად, უნივერსტიტეტიდან მოყოლებული, სპექტაკლებში თამაში, უამრავი რამ... და უცებ ჯილდოებით სცენაზე ერთად აღმოვჩნდით!.. არ გვეგონა, არ ველოდით. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ თაკი აიღებდა ამ ჯილდოს, მართლა საოცრებაა. ის ასევე ფილმის სცენარის ავტორიც გახლავთ.

მოკლედ, ორივეს ერთად დაჯილდოვებამ ისე დაგვძაბა, რომ მოულოდნელობისგან და სიხარულისგან, არაადეკვატურები გავხდით. ნორმალურად მადლობაც არ გადავუხადეთ ბენისიო დელ ტოროს. ვფიქრობდით, რომ ალბათ ეგონა კიდეც, რომ არ ვიცით, ვინ არის. ცრემონიალის შემდეგ ბოდიშები ვუხადეთ, ძალიან ვინერვიულეთ-თქო. სასაცილეობი ვიყავით...

ფესტივალი საოცარი გამოცდილება იყო. ხალხი იყო კეთილგაწყობილი ჩვენს მიმართ. მოდიოდნენ, გვილოცავდნენ. საოცარი გრძნობა იყო, მართლა.

ფილმს კარგი ფიდბექი ჰქონდა. ჩემთან და თაკისთან ერთი ქალი მოვიდა, თვალცრემლიანი და გვითხრა, გოგო შვილი მყავს და ხანდახან ვერ ვუგებ, ამ ფილმის შემდეგ კი, გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლეო. ჩვენი საზოგადოებაც პატრიარქალურია, ბევრი პრობლემაა და თქვენმა ფილმმა მართლა ბევრი რამ მასწავლაო. თვალებში ცრემლი ჰქონდა და მადლობას გვიხდიდა. ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, თაკისთვის, მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის. ანუ ფილმი შედგა. ფილმები ხომ იმისთვის კეთდება, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ცხოვრება.

კარგი რეცენზია და კრიტიკა დაიწერა. ჟურნალისტები გვეუბნეოდნენ, "ჩემი ოთახი" ჩვენი ფავორიტი ფილმია ამ ფესტივალზეო. BBC-ის კორესპონდენტმა პრაღიდან ჩემთან ერთად იმგზავრა, ბევრი მელაპარაკა, თუ როგორი მნიშვნელოვანია ასეთი ფილმები.