Exclusive: „სიყვარული რომ ამიხსნა, ვუთხარი, ეს გრძნობა რომ გაგივლის, მოდი და ისევ ვიმეგობროთ-მეთქი...“- გოჩა აბაშიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია

გოჩა აბაშიძე მეუღლესთან, ნუნუ გაბუნიასთან ერთად

დღეს, გოჩა აბაშიძე იუბილარია, მსახიობი 86 წლის გახდებოდა. 

მაია წყნეთელი”, „გლახის ნაამბობი”, „ჩვენი ეზო”, „ცისკარა”, „ისინი ჩამივიდნენ მთიდან”, „ჩრდილი გზაზე”, „აბეზარა”- მხოლოდ, ამ ფილმების დასახელება კმარა, რომ ყველას თვალწინ დაუდგეს ახოვანი და სიმპათიური მსახიობი გოჩა აბაშიძე, რომელიც 24 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საოცარი ნიჭისა და გარეგნობის წყალობით, სრულიად ახალგაზრდა, უკვე კინოვარსკვლავი გახდა. მისმა ფილმებმა, უდიდესი აღიარება და პოპულარობა მოიპოვა. 

დიდი მომავალიც ელოდა წინ და ყველაზე რთულ მწვერვალებსაც კი დაიპყრობდა, რომ არა მისი ტრაგიკული ცხოვრება.

ერთი შეხედვით, განებივრებული ბიჭისთვის, უცხო არ ყოფილა ტკივილი და გაჭირვება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა, მხოლოდ, ათამდე ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მან სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.

 „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც მის მეუღლესთან, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას და ერთადერთ ქალიშვილ, მამანა აბაშიძესთან ერთად, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაწერა:

ნუნუ გაბუნია: - გოჩა დღეს იუბილარია. ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო. ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. ცოტა შეუძლოდ ვიყავი და არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩემი მეგობარი არ მომეშვა, ძალით წამიყვანა, ახალგაზრდა მსახიობები იქნებიან და წამოდიო.

იმ პერიოდში, უკვე დაწყებული იყო ფილმის „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ გადაღებები და მსახიობები გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული.

რას ვიფიქრებდი, რომ მერე, ნუკრი ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ბევრი ვიმღერეთ. საღამოს სახლში, გოჩამ მოგვაცილა.

სასწაული მოხდა, გაცნობიდან, მეორე დღესვე სახლში მომადგა. კარი გავაღე და დგას გოჩა! ასე უბრალოდ, შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა.

იმდენად უშუალო და თავისუფალი ადამიანი იყო, რომ მეორე დღესვე, ახალ გაცნობილ გოგონას, სახლში მომაკითხა. ამის შემდეგ, ძალიან დავმეგობრდით.

რამდენ ხანში შეუღლდით?

სკოლაში ვსწავლობდი და გათხოვებაზე, არც მიფიქრია. გოჩა მეგობრად მიმაჩნდა, მიხაროდა, რომ კინომსახიობი მეგობარი მყავდა.

არც ვიცოდი, თუ ვუყვარდი. არც მიფიქრია, რომ ცოლად გავყვებოდი. სიყვარული რომ ამიხსნა, ვუთხარი, ეს გრძნობა რომ გაგივლის, მერე მოდი და ისევ ვიმეგობროთ მეთქი.

იმდენად ტკბილი ადამიანი იყო, რომ ძმასავით ვუყურებდი. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მაგრამ რამდენიმე ხანში დავქორწინდით.

გოჩამ საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება გადაიტანა. როცა ცოლობას მთხოვდა, მეუბნებოდა, შენ თუ მომიცილებ და გამაგდებ, ჩემ სიცოცხლეს ფასი არ ექნებაო.

მოვილაპარაკეთ, უმაღლესს რომ დავამთავრებ, მერე გამოგყვები მეთქი. არ ვიყავი სრულწლოვანი და ჩვენი ქორწინება პრობლემა იყო. ყველაფერი გააკეთა ამისთვის, რომ ხელი მოგვეწერა.

ხელი რომ მოვაწერეთ, ვთხოვე, არავის სცოდნოდა ჩვენი დაქორწინების ამბავი, მაგრამ მეორე დღესვე ამოვიდა ჩემთან ოჯახში და დედაჩემს, ქორწინების მოწმობა აჩვენა.

ამ ამბავმა, დედა ძალიან გაანერვიულა, რადგან სურდა, რომ ჯერ უმაღლესი განათლება მიმეღო და მერე შემექმნა ოჯახი.

რამდენი წელი იყავით ქორწინებაში?

3 წელი ვიყავით ერთად, განქორწინება არც გაგვიკეთებია.

რა იყო განქორწინების ძირითადი მიზეზი?

ეს თემა, ყველამ კარგად იცის. არ მინდა, ამ თემაზე საუბარი.

გოჩა აბაშიძის და ნუნუ გაბუნიას ქალიშვილი მანანა აბაშიძე:

ძალიან პატარა ვიყავი, გოჩა რომ გარდაიცვალა. სამი წლის ვიყავი და მამასთან ურთიერთობები, კარგად არ მახსოვს. გარეგნულად კი დამამახსოვრდა.

რამდენიმე ხნის წინ, მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოვაქვეყნე, სადაც პირველ მაისის დღესასწაულზე, აღლუმზე ვართ და მე მხრებზე ვყავარ შემომჯდარი.

რამდენიმე ფოტო მაქვს შემორჩენილი. ერთ-ერთი ფოტო, სადაც მე, დედა და მამა ვართ ერთად, საკმაოდ ცნობილია და ყველას აქვს ნანახი.

–  სთხოვდა დედას შერიგებას?

ბევრჯერ იყო მისული და დედა არ ურიგდებოდა. ეს ის პერიოდია, როცა გოჩა, რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმზე – „თეთრი ქარავანი“ დაამტკიცეს. მოხდა ისე, რომ მის როლზე, იმედა კახიანი აიყვანეს.

რა მოხდა რეალურად თვითმკვლელობამდე?

როგორც ვიცი, გადაღებაზე დააგვიანა და ეს გახდა მიზეზი. რეჟისორმა შენიშვნა მისცა, გაბრაზებულმა ელდარ შენგელაიამ, როლიდან მოხსნა.

როლიდან მოხსნის შემდეგ, უხელფასოდ დარჩა და ეს მისთვის ძალიან დიდი პრობლემა იყო, რადგან იმ პერიოდში, ძალიან სჭირდებოდა გარკვეული თანხა.

გოჩა კინოსტუდიაში მივიდა, დირექტორთან დასალაპარაკებლად, სადაც ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე იმყოფებოდნენ. დევი ჩვენი ახლობელი იყო და გვიყვებოდა, რომ როცა მამა, კობახიძესთან კაბინეტში შევიდა, იქიდან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა.

მამა ამბობდა, დამაბრუნეთ როლზე, თორემ თავს არ ვიცოცხლებო. კობახიძეს უთქვამს, შენც ახლა ჟორა შავგულიძე არ იყოო, შენ კი არა, შავგულიძეს არავინ გადაყოლიაო.

დევი ჰყვებოდა, რომ გოჩა, ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა კაბინეტიდან და განერვიულებული, მანქანაში ჩაჯდა. დევის ლეილასთვის უთქვამს - გაჰყევი, თავს არაფერი მოიწიოსო.

ლეილა, მართლაც გაჰყოლია სახლში. მამა სახლში რომ მივიდა, მაგიდაზე ვაზის შესაწამლად გამზადებული შაბიამანი დახვედრია, როგორც ჩანს, ბებიაჩემი, იმ დროს მეზობელთან იყო გასული.

აუღია შაბის რამდენიმე მარცვალი, ადუღებულ წყალში გაუხსნია, უფრო სწრაფად რომ გახსნილიყო და დაულევია. ცოტა ხანში, ცუდად გამხდარა.

ლეილა რომ მივიდა, გოჩა უკვე უგონო მდგომარეობაში დახვდა. სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გადასხმების შედეგად, მეორე დღეს კარგად გახდა.

მეგობრებმა როცა მიაკითხეს, მხიარულად იყო თურმე, კიდეც უმღერია. უთქვამს, რა სულელი ვიყავი, ეს რა სისულელე გავაკეთე, კიდევ კარგი გადავრჩიო.

რამდენ ხანში გარდაიცვალა?

სამი დღის შემდეგ, გარდაიცვალა. როგორც აღმოჩნდა, შინაგანი ორგანოები სულ ჩამწვარი ჰქონდა – კუჭი, საყლაპავი მილი, მისი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა. ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა და როგორც ჩანს, ამან გადაატანინა ორი-სამი დღე. მამა, 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, თვითმკვლელობა ფილმის გამო მოხდა?

ვფიქრობ, საბოლოო წერტილი იყო, ფილმი. კინოში რომ ყოფილიყო დაკავებული, შესაძლებელია, ეს  უბედურება არ მომდარიყო.

ერთხელ დაიბეჭდა ეს სტატია დეტალებში და ბ-ნი ელდარ შენგელაია ნაწყენი იყო დედაზე, ამოდა, გამოდის რომ მეც დამნაშავე ვარო.

მარტო ელდარი კი არა, ყველა დამნაშავე იყო. დედაჩემიც ადანაშაულებს თავის თავს, ამბობდა რომ შევრიგებოდი, ფილმიდან რომ არ მოეხსნათ, ან მევალეს არ შეეწუხებინა, იქნებ, ეს ამბავი არ მომხდარიყოო. ყველაფერი, ერთმანეთს დაემატა.

საკმაოდ ახალგაზრდა იყო – 24 წლის და თავისი დაუფიქრებლობის გამო მოუვიდა ეს. გარეგნობა ჰქონდა ისეთი, რომ 40 წლის გეგონებოდათ, მაგრამ 26 მაისს, მხოლოდ 24 წლის გახდა და 8 სექტემბერს – უკვე აღარ იყო…

გოჩას ერთადერთი ქალიშვილი ბრძანდებით…

კი, ნამდვილად ასეა. არ ვიცი, თუ ვინმესთან ჰქონდა კიდევ რომანი, მაგრამ მე არ გამიგია. გიჟდებოდნენ ქალები და იმ დროს, ერთ-ერთ ლამაზ მსახიობ მამაკაცად ითვლებოდა.

ათეულში იყო შესული, როგორც ქართველი ლამაზი მამაკაცი. როგორც ამბობენ ცხოვრებაში უფრო კარგი გარეგნობის იყო ვიდრე ეკრანზე ჩანდა. მყავს მეუღლე – ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი

უმცროსი ქალიშვილი ნინუცა ბედიაშვილი მომღერალია, ბებიის კვალს გაჰყვა, ხშირად ჩანს ეკრანებზე. უფროს ქალიშვილს სოფოს, სარეჟისორო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ სხვა სფეროში მუშაობს.