თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
„მე ამ გამოფენას „სულის სიმღერა" ვუწოდე, არა იმიტომ, რომ ის აუცილებლად ჩემს სულს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ თავად„სულის”განმარტება, თითქმის მთლიანად საპირისპიროა ყოველივე იმისა, რაც მხოლოდ ჩემთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“...
გაიცანით, ახალგაზრდა მხატვარი ალიზე ანტუანეტ დიუმა, რომლის პირველი პერსონალური გამოფენა 15-17 ივლისს, სახელწოდებით - „სულის სიმღერა“ (Soul’s Song), 1Silk Factory Studio“-ს (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა) გალერეაში გაიმართა. გამოფენა სამი დღე მიმდინარეობდა. ყველაზე უცნაური, რაც გამოფენაზე იყო, ყველა ნახატს, საკუთარი ლექსი ახლდა თან.
21 წლის ნიჭიერი შემოქმედი, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, საქართველოზე და პირადი ცხოვრების დეტალებზე გულახდილად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვერასდროს ვერავინ გააკეთებინებს იმას, რის გაკეთებაც არ სურს და ყოველივე ეს, აძლევს უნარს შექმნას ისეთი ნამუშევრები, როგორსაც ქმნის:
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიწევდა ინგლისში, საქართველოში და საფრანგეთში ცხოვრება სხვადასხვა დროს. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ინგლისში გავატარე, სადაც დავიბადე.
მაგრამ 2018 წელს, როდესაც საქართველოდან ინგლისში დავბრუნდით საცხოვრებლად, ვიხვეწებოდი საქართველოში დავბრუნებულიყავით და ასეც გავაკეთეთ.
2020 წელს. სწორედ, პანდემიის დაწყების დროს დავბრუნდით, მარტის თვეში. ძალიან მენატრებოდა ჩემი აქაური ნათესავები, მენატრებოდა თბილისის მომხიბვლელი ქუჩები, მეგობრული ადამიანები. აქ ყოველთვის მიღებულად, სახლში ვგრძნობდი თავს, რისი მიღწევაც რთულია ევროპაში.
ქართველ ხალხს ჩემნაირი პრიორიტეტები აქვთ: სიყვარული და ოჯახი, სულიერება, უანგარობა. ვგრძნობ, რომ მე აქაურობას ვეკუთვნი ყველაზე მეტად. სწორედ ამიტომ მინდოდა, ჩემი დებიუტი საქართველოში შემდგარიყო, რადგან მიმაჩნდა, რომ მსგავსი ხასიათის ადამიანები, უფრო უკეთ გამიგებდნენ მე და ჩემ ხელოვნებას.
დავიბადე ქალაქ ლონდონში 2001 წლის 1 მარტს. სკოლა ლონდონში დავამთავრე და შემდგომ „West London“ -ის კოლეჯში გავაგრძელე სწავლა ხელოვნებისა და დიზაინის განხრით. მამა: - არნო დიუმა, პროფესიით ჰოსფითალიტის სექტორის მენეჯერია, დედა - ჯულიანა ნადირაშვილი- დიუმა კი - ჟურნალისტი.
- მშობლების როლი შენი პიროვნების და პროფესიის არჩევაში...
მადლობელი ვარ, რომ ჩემი მშობლების მხრიდან აბსოლუტური თავისუფლება მქონდა პროფესიის არჩევის საკითხში. სწორედ, ამან შემაძლებინა მთლიანად მიმეძღვნა თავი, ჩემი გატაცებისთვის.
რაც შეეხება ჩემი მშობლების როლს, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში, შეიძლება ითქვას, რომ მე, ჩემი მშობლების მკაფიოდ განსხვავებული ხასიათის ერთობლიობა ვარ.
დისციპლინა და ორგანიზება, მამისგან ვისწავლე, ასევე სრულყოფილებისკენ სწრაფვა ჩემს საქმიანობაში, დედისგან კი თანაგრძნობა, სითბო და მზრუნველობა, რომლებიც ჩემთვის აუცილებელი უნარებია, რომ გაჰყვე კარიერას ხელოვნებაში.
არ მგონია ზემოთ ჩამოთვლილი უნარების გარეშე, შემძლებოდა მიმეღწია იმ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე მივაღწიე.
- რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრისთვის ოჯახური გარემო?
მხატვარს გააჩნია, თუ ჩვენ ვგულისხმობთ კონკრეტულად თავად ხატვის მომენტს, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რამის შექმნას ესაჭიროება გარემო, რომელიც თანმხვედრი უნდა იყოს იმის, რასაც კონკრეტული შემოქმედი ანიჭებს უპირატესობას.
რაც შემეხება მე, ჩემი ნამუშევრების უმეტესობა, ჩემთვის ემოციურად რთულ პერიოდში შეიქმნა. ასე რომ, მე ვხატავდი იმ ემოციების განცდის მომენტში, ან შემდეგ, რომლებზეც ჩემი ნახატებია დაფუძნებული.
ვხატავდი როცა ვბრაზდებოდი, ან როცა ღრმად დავფიქრდებოდი. ჩემი გარემო, ამ დროს ნაკლებად მაღელვებდა, თუმცა დედაჩემის მხარდაჭერა, როგორც ფიზიკურ ასევე ემოციურ დონეზე, იქნებოდა ეს ფუნჯის გარეცხვა თუ გამხნევება, რომ არ გავჩერებულიყავი, გარკვეულწილად ყოველთვის მიმსუბუქებდა იმ ტვირთს, რაც ჩემს მისწრაფებას ახლდა თან.
- სად საქმიანობ ამ ეტაპზე?
მე ვარ სრულიად ერთგული ჩემი არჩევანის, რომ ვიყო კრეატიული პროფესიის ადამიანი, რადგან ხატვა, წერა და დიზაინი არის ის სფეროები, რომლებშიც მე წარმომიდგენია მოღვაწეობა, თანაც ისე, რომ სრულფასოვანი ცხოვრება მქონდეს.
ჩემი გამოფენა ახლახან დამთავრდა და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, თუ რა იქნება ჩემი შემდეგი სვლა და როგორ განვახორციელო ისე, რომ ისეთივე განმაცვიფრებელი, ან კიდევ უფრო მეტად ემოციურად შემძვრელი იყოს, როგორიც ჩემი დებიუტი.
- აუცილებელია მხატვარს უმაღლესი განათლება ჰქონდეს მიღებული?
მიმაჩნია, რომ უმაღლესი განათლება სასარგებლო შეიძლება იყოს, ზოგიერთისთვის. გააჩნია, ხელოვნების რომელ დარგს სურთ გაჰყვნენ.
ერთი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ხელოვნებას და დიზაინს ლონდონში და სულ იმაზე ვფიქრობდი, რამდენად უკეთესი იქნებოდა, რომ შემძლებოდა დამეხარჯა ჩემი დრო და ენერგია რისი შექმნაც მსურდა და არა იმაში, რასაც მავალებდნენ.
ყოველთვის დამოუკიდებლად ვაზროვნებდი და შემეძლო ჩემთვის საჭირო ინფორმაციის, სხვების დახმარების გარეშე მოპოვება.
არ ვამბობ იმას, რომ მხატვრობის ცოდნა და მასალის გამოყენების ტექნიკის შესწავლა არ არის საჭირო, მაგრამ ჩემთვის, პირადად, იმასთან შედარებით, თუ რა არის ხელოვნების „გული“, მეორე ხარისხოვნად მიმაჩნია.
„გული“კი, ჩემთვის არის იდეების გამოხატვა, განაცხადის გაკეთება, ემოციები და უნარი გადმოსცე საკუთარი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ ესთეტიკური გზით, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, ის შეიძლება ნებისმიერ რამეს ნიშნავდეს, ნებისმიერი ადამიანისთვის.
ასე რომ, ხელოვნება არსებობს რათა აამოძრაოს ადამიანები, რომ აჩვენოს მათ რაღაც ახალი, ის არსებობს, რომ დაეხმაროს ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებაში და ეს თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ სამყაროში საკმაო ადგილია ნებისმიერი სახის ხელოვნებისთვის, ყველანაირი ტიპის ადამიანებისგან.
ასე რომ აუცილებელია თუ არა, მხატვარს უმაღლესი განათლება ჰქონდეს მიღებული, ვფიქრობ, რომ არა.
- როდის შეამჩნიეთ, რომ განსაკუთრებით გიტაცებს ხატვა?
როცა 6 წლის ვიყავი, მაშინ ლონდონში ვცხოვრობდი და დედამ აკრილის საღებავები მიყიდა, ჩემმა ქართველმა ბებიამ კი - მეორადი, ტილოზე დაბეჭდილი პრინტები, რომელსაც ზემოდან ვახატავდი. მაშინ დავიწყე ძალიან უმნიშვნელო რაღაცების ხატვა. აბსტრაქციის მიმართულებით, ისინი არაფრით გამოირჩეოდნენ და ალბათ, ცხოვრებაში არასოდეს გამოვაჩენ მათ, თუმცა შენახული მაქვს.
რადგან ლონდონში ვიზრდებოდი. ხშირად ვსტუმრობდი მსოფლიოში სახელგანთქმულ მუზეუმებს და გალერეებს :„ბრიტანეთის ეროვნულ გალერეას“, „ტეიტ მოდერნს“ და „სააჩის“, ალბათ, ამის დამსახურებაა, რომ იმ დროს ჩემი ინსპირაციის წყარო, პიკასო იყო.
ახლა ვხვდები, რომ 6-7 წლის ასაკშიც კი, ჩემი ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზული ვიყავი და უკვე მაშინ გავერკვიე იმაში, რომ ბევრი მხატვრობას არა პრაქტიკულად მიიჩნევდა, რის გამოც, ძალიან მალე დავანებე თავი ხატვას, თუ არ ჩავთვლით, დღიურში და MS Paint-ში რეკრეაციული ჯღაბნის მომენტებს. ამის შემდეგ, ჩემს უმეტეს დროს, პატარა მოთხრობების წერას და კითხვას ვუთმობდი.
თუმცა, გულში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წერა უფრო სარგებელ ხელობად ითვლებოდა, მხატვრობა იყო ის, სადაც მე შევძლებდი სრულად გამომეხატა საკუთარი თავი. თუმცა, 15 წლამდე არ მეყო გამბედაობა, ხატვას დავბრუნებოდი.
- მოგვიყევი შენ პიროვნებაზე, ხასიათზე...
ზოგადად, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მჩვევია და ეს დამოკიდებულება, ჩემი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე აისახება. მირჩევნია ვიყო მარტო, ვიდრე დავმორჩილდე იმას, რისი მოლოდინიც ჩემგან აქვთ.
ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა, რომ არ ვაკეთო ის, რაც არ მაბედნიერებს. მე საოცრად მგრძნობიარე ვარ და აბსოლუტურად ვაცნობიერებ ყველა ჩემს ემოციას, ამიტომ ჩემთვის ადვილია გავნაწყენდე, ან თუნდაც ავტირდე. ძალიან გულისხმიერი ვარ და ზედმეტად გულუბრყვილო, მაგრამ ვერასდროს ვერავინ გამაკეთბინებს იმას, რის გაკეთებაც არ მსურს. ყოველივე ეს მაძლევს უნარს შევქმნა ისეთი ნამუშევრები, როგორსაც ვქმნი.
- ხელოვნებაში უამრავი მიმდინარეობაა - რა სტილი აირჩიე?
ჩემთვის ძნელი სათქმელია, კონკრეტულად, რომელ მიმდინარეობაში ჯდება ჩემი შემოქმედება. ბევრმა მას „სიურეალიზმი“ უწოდა. ეს გარკვეულწილად მართალიცაა, რადგან ჩემი ნამუშევრები ალტერნატიულ რეალობას ასახავენ.
თუმცა, ჩემს შემოქმედებას, უფრო „კონცეპტუალიზმს“ და „ექსპრესიონიზმს“ მივაკუთვნებ. ჩემი ნახატების ძირითადი კომპონენტები, რაც მათ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულს ხდის, არის ის, რომ საფუძვლად კონცეფცია და ემოცია უდევთ, რადგან სხვა ასპექტები, მეორე ხარისხოვანი ხდება, იმასთან შედარებით, რასაც უპირატესობას ვანიჭებ, მათი შექმნის დროს.
- პირველი და ბოლო ნამუშევარი ( მათი ინსპირაციის წყარო)...
„სულის სიმღერის“ კოლექციის პირველი ნახატი „ორიონის მსახურის“ (Servant of Orion) პირველი ვარიანტია, რომელიც მე კოლეჯში ჩარიცხვისას წარსადგენი პორტფოლიოსთვის შევქმენი.
ამ ნახატის ინსპირაცია, ყოველთვის ეგზისტენციალიზმს უკავშირდებოდა, ჩვენს ადგილს სამყაროში და ადამიანების კავშირს ვარსკვლავებთან და ბუნებასთან.
მაგრამ როდესაც რამდენიმე თვის წინ „ორიონის მსახური“ დიდ ტილოზე ხელმეორედ დავხატე, მაშინ ის ფიზიკის იმ კონცეფციას დავამყარე, რომელიც ორიონის თანავარსკვლავედს ეხებოდა, რადგან ორიონის კორელაციის თეორია, ძალიან კარგად განსაზღვრავდა ჩემს პირვანდელ გრძნობებს ეგზისტენციალიზმისადმი, რომელთაც პირველი ვარიანტის ხატვის დროს განვიცდიდი.
ამ კოლექციის ჩემი ბოლო ნამუშევარი იყო - „შენს წინ“ (before you), ის ტექნიკურად ორი სხვადასხვა ტილოსგან შედგება, რომლებიც ერთ ნახატს ქმნის, რომელიც გამოფენის გახსნის წინა ღამეს დავამთავრე და ისიც გაუმჯობესებული ვარიანტია, ჩემი ადრეული ნამუშევრის.
მას საფუძვლად ჩემი ის გრძნობა უდევს, რომელსაც მე განვიცდიდი, როცა დავფიქრდებოდი იმაზე, რომ ხშირად ადამიანები ვერ ამჩნევენ სიყვარულს, რომელიც მათ ცხოვრებაში აქვთ, ფულის, ამბიციების, სიხარბის ან სხვა რამის გამო.
- პირველი პერსონალური გამოფენა - რატომ „სულის სიმღერა?“
ჩემი პირველი გამოფენა სახელწოდებით - „სულის სიმღერა“ (Soul’s Song), „Silk Factory Studio“ -ს (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა) გალერეაში გაიმართა და სამი დღე მიმდინარეობდა, 15 - 17 ივლისის ჩათვლით.
„სულის სიმღერა“ შედგება ნახატების სერიისგან, რომლებიც გამოხატავენ ადამიანის სულის ანარეკლს, ვგულისხმობ, სულს ზოგადად და არა მხოლოდ ჩემს სულს, რადგან ნახატებს აქვს ემოციური უნივერსალურობა, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ არა მხოლოდ ჩემი, არამედ თავიანთი სულიც ამოიცნონ მათში.
ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ დამთვალიერებლებმა შეძლეს ჩემს ნამუშევრებში საკუთარი თავის დანახვა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, ადამიანებს ბევრი გვაქვს საერთო, ჩვენში არსებული განსხვავებების მიუხედავად.
- რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკა შენთვის (განიცდი, როცა გაკრიტიკებენ? )
ჩემი აზრით, ზოგადად, ხელოვნების გაკრიტიკება, საკმაოდ რთული საკითხია, რადგან ნახატის შექმნის სწორი გზა არ არსებობს, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნებაში.
თუმცა, ამ კოლექციის მიზანი იყო ინდივიდებში გამოეწვია ემოცია და რეაქცია, რაც თავის თავად შეიძლება უარყოფითიც ყოფილიყო და დადებითიც.
მესმის, რომ ადამიანები არ არიან მიჩვეულები ჩემი სტილის ნახატებს და ალბათ, თავს ცოტა უფრო კომფორტულად იგრძნობდნენ მათთვის უფრო ნაცნობი სტილის ნამუშევრების წინაშე და როდესაც ადამიანები ამის მანიშნებელ კომენტარს აკეთებენ ხოლმე, ჩემს ნახატებთან მიმართებაში, ამას უფრო კომპლიმენტად აღვიქვამ, რადგან მათ ვაჩვენე რაღაც ისეთი, რასაც არ ელოდნენ, ჩემში კი, ეს მხოლოდ, აღფრთოვანებას იწვევს.
- რა მახასიათებლებია, რაც გეხმარებათ, რომ თქვენი ნაშრომი, განსაკუთრებული და საინტერესო იყოს?
არასდროს შემიქმნია ნახატი, რომელიც მიზნად არ ისახავდა ინტენსიური ემოციების, იდეების ან ფიქრების გამოხატვას. ვცდილობ, ჩემი ნახატები თვალშისაცემი, მკაფიო და გაბედული იყოს.
ზოგადად ადამიანები ჩემს ნიშას სწორედ, რომ მძიმე საკითხების კონტრასტული და მჭახე ფერებით გამოხატვას მიიჩნევენ, რაც ჩემი მხრიდან მცდელობაა, გამოვხატო ემოციებში არსებული გაორება (პოზიტიური და ნეგატიური).
ბევრი ამბობს, რომ ჩემი ნახატების დათვალიერებისას, ისეთი გრძნობა ეუფლებათ, თითქოს ფილმს უყურებენ, ან წიგნს კითხულობენ, რადგან ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ თითქოს მათში ყველაფერი ცოცხალია.
ყველაზე მეტად, ვცდილობ, რომ მოსაბეზრებელი არ ვიყო, როცა საქმე ჩემს ნამუშევრებს ეხება. მათთვის კი, ვინც ინგლისურად საუბრობს, ლექსები რომელიც ჩემს ყველა ნახატს მოჰყვება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, მათი მნიშვნელობის.
- რა დროს ანდომებ ერთი ნამუშევრის შექმნას?
ყველაზე პატარა ნამუშევარს, დაახლოებით, 10 საათი დასჭირდა, ხოლო ყველაზე დიდ, მაგალითად, „სულის სიმღერას“, 100 საათი ვხატავდი.
ხანგრძლივობა, ნახატის დეტალების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, „გამბიტი“ მიუხედავად თავისი საშუალო ზომისა, უფრო მეტი დრო დასჭირდა ვიდრე „კვანტურის„ სწორედ იმ დეტალების გამო, რომელიც ნახატშია.
ასევე, ვცდილობ გადავეჩვიო ჩემს ძალიან ცუდ ჩვევას, რაც იმაში გამოიხატება , რომ ნახატის დასრულების შემდეგაც კი, ვასწორებ შეცდომებს, ჯერ ვაკვირდები რამდენიმე დღე და მერე ვიწყებ. ესეც ალბათ, ჩემი „პერფექციონიზმის“ დამსახურებაა.
- რას გადმოგვცემს ნახატებზე გამოსახული ფიგურები (რეალური და ირეალური სამყარო)
ფიგურები ჩემს ნახატებში ყოველთვის გამიზნულია ემოციის წარმოსაჩენად. სწორედ, ამის გამო, მათ ხშირად არარეალური კანის და თმის ფერი აქვთ. ემოცია არასოდეს არის მდორე, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ლოგიკურია, რომ ფერებიც ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც ჩემ ემოციებს აღვიქვამ.
აბსტრაქტული ფიგურები, უფრო აბსტრაქტულ გრძნობებს გამოხატავენ ხოლმე და ცხოვრებისეული ფიგურები, ხშირად განასახიერებენ ამ გრძნობების მფლობელებს. მათი დეტალები განსხვავებულია, თუმცა მათი შექმნის პროცესში, ყველაფერი ეს, უფრო ინტუიციური ხდებოდა ჩემთვის.
- რომანტიზმის მნიშვნელობა მხატვრობაში - მოთხრობა, ან ლექსი თუ დაგიწერია და რა ენაზე?
16 ნამუშევარს, ჩემს მიერ ინგლისურ ენაზე დაწერილი ლექსები ახლავს, რომელთა მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს ჩემი ნახატების რომანტიკულობა, რადგან ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რომანტიზმი კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული კონცეფციის სილამაზესა და სევდას.
ეს იგივეა, ერთმანეთს „მიაქსოვო“ ზღაპარი და რეალობა, სწორედ, ამ დროს ხდება სიურრეალიზმის ელემენტი, კიდევ უფრო ეფექტური.
რომანტიზმი, ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ეს არის ამაღლება ისეთი საკითხების, რაც შეიძლება ძალიან უბრალო იყოს სხვისთვის, ეს არის სიღრმის, სილამაზის და ვნების ექსპლორაცია და ამ ყველაფრის გაძლიერება, განაპირობებს დამთვალიერებლებში ძლიერი ემოციის წარმოქმნას.
- პანდემია და მხატვრობა - დადებითი და უარყოფითი მხარეები...
ჩემი კოლექციის უმეტესობა, სწორედ, პანდემიის დროს დავხატე. ჩემს შემთხვევაში, ის სარგებლიანი აღმოჩნდა, რადგან მომცა საშუალება, კონცენტრირება გამეკეთებინა ჩემს კრეატიულობაზე და ასევე ბევრი დრო დამეთმო ჩემი ფიქრისთვის.
ვფიქრობ, რომ იმ დროს შექმნილმა, ე.წ. პანიკამ, განაპირობა ჩემში ეგზისტენციალური იდეების (რასაც ჩემი ნახატები ეფუძნება), კიდევ უფრო მეტად ზრდა.
მეორე მხრივ, როდესაც შენ ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და შენი სული ვერ იღებს სამყაროდან საზრდოს, ბევრად უფრო ძნელია განიცადო ემოცია, ისევე ინტენსიურად, როგორც ამას, აქტიური ცხოვრების პირობებში შევძლებდი.
თუმცა, ჩემი მგრძნობიარე ხასიათის დამსახურებაა, რომ მაინც შევძელი შემეგრძნო და საკუთარ თავში ამომეცნო ბევრი რამ, მიუხედავად არააქტიური ცხოვრებისა.
- ყველაზე საყვარელი ნამუშევარი...
ჩემი საყვარელი ნამუშევარი, კვირიდან კვირამდე იცვლება ხოლმე, ზოგჯერ, დღიდან დღემდე. გააჩნია რომელთან შევძლებ კავშირის დამყარებას იმ მომენტში.
როდესაც ნახატები ჩემს სახლში კიდია, მიყვარს მათზე ფრთხილად თითების გადასმა, რომ საღებავის ტექსტურა შევიგრძნო.
დიდი აღტაცების შეგრძნებას მგვრის იმის გააზრება, რომ მე შევქმენი ისინი. ამიტომ ჩემთვის, ერთი რომელიმეს ამორჩევა, პრაქტიკულად შეუძლებელია. 22 ნახატი მაქვს და ზოგჯერ მგონია, რომ 22 შვილი მყავს - ისინი ჩემი სხეულის ნაწილია.
- რაც ყველაზე მეტ სტიმულს გაძლევთ - შენი მუზა...
ჩემი მუზა, ჩემი ფანტაზიის უნარია. ზოგადად, ძალიან ბევრ რამეს შეუძლია ჩემში ემოციის წარმოქმნა. ეს შეიძლება იყოს მუსიკის ჰანგები, ან კიდევ რაიმე, ჩემი ცხოვრების სცენარიდან. ან თუნდაც ჩემი მეგობრის ცხოვრებიდან.
თუმცა, საბოლოოდ, თავად ის, რაც ჩემში ემოციას აღძრავს, ნაკლებ მნიშვნელოვანია იმასთან შედარებით, რასაც ჩემი ფანტაზია ძერწავს მის საპასუხოდ.
- თქვენი ხასიათი გამოიხატება საკუთარ ნამუშევრებში?
აბსოლუტურად! წარმოუდგენელი იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. ეს ყველაფერი ჩემი სულის ანარეკლია. მაგალითად, ვფიქრობ, რომ გამოხატული თანაგრძნობა „სულის სიმღერაში“, ზეწოლის განცდა „ინსიგნია“-ში და უკეთესობისკენ ლტოლვა „ტრანსცენდენციაში“.
ეს ყოველივე, ძალიან კარგად წარმომადგენს, მაგრამ ამასთანავე, „დაუოკებელში“ წარმოდგენილი ის აზრი, რომ ადამიანები ხშირად ვერ კმაყოფილდებიან იმით რაც აქვთ - ეს ჩემს ობზერვაციებზე დამყარებული, ეგრეთ წოდებული ჩემი კომენტარია და არა ჩემზე, ის შთაგონებული იყო იმ ირონიულობის და იუმორისტული შეგრძნებებით, რომელსაც მე ასეთი სიტუაციებზე დაკვირვების დროს განვიცდიდი.
- გიჩუქებიათ ნახატი?
ჯერ არა და არც უახლოეს მომავალში ვაპირებ! ეს ალბათ, იგივე შეგრძნების ტოლფასი იქნება რომ თითქოს ჩემი შვილები დაქორწინდნენ და ახლა ოჯახს ტოვებენ. ჯერ კიდევ, დრო მჭირდება, რომ მათთან გავატარო, ხუმრობას თუ გვერდზე გადავდებთ.
ჩემი პრიორიტეტია, რომ „სულის სიმღერა“კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, სანამ მას მისი რომელიმე ნაწილი გამოაკლდება. ვფიქრობ, სხვაგვარად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ თითქოს რაღაც აკლია, თუ ამ კოლექციას, რომელიმე ნახატის გამოკლებით გამოვფენ .
- ხატვა, როგორც შემოსავლის წყარო...
ჯერ არ მაქვს მაგ მხრივ გამოცდილება, მაგრამ როგორც ადრე აღვნიშნე, ამჟამად, ან ეს ყველაფერი, ან საერთოდ არაფერი. რა თქმა უნდა, ოცნების ახდენა იქნებოდა, რომ თავის დროზე, ამ ყველაფრით შემოსავალი მქონდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ეს ყველაფერი ჩემთვის შემოსავლის მოტანას, ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, აუცილებელია შემეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა და ამას მაინც გავაკეთებ ფინანსური სარგებლის მიუხედავად.
- რა არის მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნებაში და რა განსხვავებაა ძველისგან... რომელ მხატვარს ანიჭებ უპირატესობას?
ვფიქრობ, თანამედროვე ხელოვნება, იმით არის გასაოცარი, რომ მას არანაირი შეზღუდვები აქვს. ის ძირითადად, ემყარება ე.წ. განაცხადის გაკეთებას ან იმ სიხარულის გადმოცემას, რასაც ადამიანი, თავად ხატვის პროცესში განიცდის.
თუმცა, ასევე ძალიან მიყვარს მხატვრობა, რომელიც ფოკუსირდება უფრო ძლიერ წარმოსახვით იდეებზე, ან თუნდაც, გამოავლენს გამაოგნებელი დონის ოსტატობას, ეს მახასიათებლები, ასევე ხშირად, ტრადიციულ მხატვრობაშიც გვხვდება.
მაგრამ საბოლოოდ, თუ ის მე შთამაგონებს და ჩემში აღძრავს ემოციას, მაშინ მისი თაყვანისმცემელი ვხდები. ჩემი საყვარელი მხატვრები არიან გუსტავ კლიმტი, რომლის ფერთა გამა გულს მიფრთხიალებს, მარკ შაგალი, რომელიც შთამაგონებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავწვდე ჩემი ფანტაზიის სიღრმეს და ჰიერონიმუს ბოსხი, მისი ნამუშევრების გამაოგნებელი დეტალების მასშტაბურობით.
- რამდენად აუცილებელია, თქვენი ნახატების მნახველი, გარკვეული იყოს ხელოვნებაში?
ვიტყოდი, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი. მთავარია, ჰქონდეთ მათი გაანალიზების მზაობა თანაგრძნობის პოზიციიდან და ასევე, შეეცადონ არ მიიღონ ისინი ზედაპირულად.
თუმცა, აქვე ვიტყოდი რომ თუ ისინი მათ ზედაპირულად შეხედავენ აბსოლუტურად სამართლიანი იქნება, რომ მათ ჩემი ნახატები მხოლოდ ესთეტიკურობის დონეზე აღიქვან. ვისურვებდი, რომ ყველას შესძლებოდა რაიმე საერთოს გამონახვა მათთან, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებენ, ვიმედოვნებ, რომ უბრალოდ ვიზუალურად სასიამოვნოდ მაინც აღიქვამენ მათ.
ერთადერთი განსხვავება, მხატვრობაში გარკვეულ ადამიანებსა და ნაკლებ გარკვეულ ადამიანებს შორის, ალბათ ის არის, რომ ვინც უკეთ ერკვევა, მათ უფრო მეტად მოუნდება, მათ სიღრმეებში გზის გაკვლევა.
თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ორივე ტიპის მნახველმა, საკმაოდ კარგად შეძლო ჩემს ნახატებში ჩადებული გზავნილების გაშიფვრა რაიმე განსაკუთრებული სიძნელეების გარეშე.
- ვის გამოარჩევდი თანამედროვე ქართველი მხატვრებიდან?
რუსუდან ფეტვიაშვილის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რადგან ძალიან მომწონს მისი ფერების გამოყენების სტილი- ხშირად ცივი, მაგრამ ამავდროულად დელიკატური ტონების შერწყმა, თითქოს სიმშვიდეს მგვრის.
ასევე ფანატიკურად მიყვარს ძველი ეგვიპტე და მისი თითქოსდა მითოლოგიური სტილი, ეგვიპტურ პაპირუსებს მაგონებს. ასევე ვეთაყვანები ნინო მორბედაძეს. ძალიან მიყვარს თუ როგორ ხატავს ცას, ხშირად საოცრად მშვიდია.
ასევე მომწონს ის, რომ მის ნახატებში ასახული სამყარო, არის ორდინარული ცხოვრების და მისტიურობის ნაერთი, რომლის სიცოცხლე და რომანტიკულობა, კიდევ უფრო ლამაზს ხდის მათ.
- რა არის შენი მიზანი...
მინდა „სულის სიმღერა“ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და შეძლოს მათთან კავშირის დამყარება ემოციურ დონეზე, ასევე, უფრო მაღლა ავწიო თამასა და გავაოცო ადამიანები იმით, თუ რა იქნება შემდეგი. მინდა ხალხს ვაჩვენო ის, რაც ჯერ არასდროს უნახავთ.
- რა გეგმები გაქვს?
ვგეგმავ, მეტი გამოფენა მოვაწყო, კიდევ უფრო წარმოვაჩინო ჩემი ნახატები და ამით მივიღო კომპენსაცია. ძალიან ბევრი იდეა მაქვს, ახლა მიჭირს ყველაფერზე კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ერთ დღეს იქნება ახალი კოლექცია, მერე კიდევ ახალი და ასე შემდეგ...
ვაპირებ, რომ გავაგრძელო ხატვა. ამ ეტაპზე მინდა, რომ „სულის სიმღერის“ სამყაროს სიღრმე, თავისი სრული პოტენციალით იქნეს აღქმული და ჩემი ყურადღება სწორედ, აქეთ არის მიმართული.