დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ალბათ, იქ ნამდვილად არის თეატრი!“ - გასული წლის23 ნოემბერს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე.
ლეგენდარული მსახიობი, 70 წლის მანძილზე, ღირსეულად ემსახურა ქართულ კინოს და თეატრს.
ცხოვრებამ ისიც არგუნა, რომ ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი და დუბლიორი ყოფილიყო არაერთ სპექტაკლში. სწორედ, ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, თამარ სხირტლაძემ, პირველმა მოხსნა მისი რეკორდი - 70 წელი სცენაზე.
„მოვესწარი, პრაქტიკულად, ყველა მსახიობს, ვინც კი მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. ყველასთან ვითამაშე, უშანგი ჩხეიძის გარდა. ბევრის, უშუალო პარტნიორიც ვიყავი, ზოგის - დუბლიორი.
უშანგი არ მინახავს სცენაზე, თუმცა საამაყოდ მაქვს, რომ მისი სამსახიობო კურსი, მხოლოდ, ერთხელ შედგა და მე, ჩემი მეუღლე კოტე თოლორაია, თენგიზ მაისურაძე და გივი ვლადიმერაშვილი მისი ყოფილი მოწაფეები ვიყავით“ - ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობი ეკა ჩხეიძე „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში, ლეგენდარულ მსახიობზე, საინტერესო ისტორიას იხსენებს: „როცა ქ-ნ თამარს, 2004 წელს ერთადერთი შვილი (თაზო თოლორაია) გარდაეცვალა, უმძიმესი მდგომარეობიდან, სწორედ, თეატრმა გამოიყვანა...“
2010 წელს, მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა ლევან წულაძემ დადგა სპექტაკლი - „ეუხენა ბალბოა“, სადაც თამარ სხირტლაძე და გივი ბერიკაშვილი თამაშობდნენ.
ქ-ნი თამარი, იმ პერიოდში, 81 წლის იქნებოდა. ლევანმა, პიესაში ბევრი რამ შეცვალა და ამიტომ დიდხანს მოგვიწია სპექტაკლზე მუშაობა. მთელი რეპეტიციების განმავლობაში, თამარა სულ იძახდა, ჩქარა დავდგათ, ვერ მოვასწრებ, დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მალე მოვკვდებიო.
მთელი დასი ვაწყნარებდით, ვერ ვხვდებოდით, ასე რატომ განიცდიდა. ერთ დღესაც გაგვანდო ნერვიულობის მიზეზი - 62 წლის რომ ვიყავი, ერთმა ბოშა ქალმა მიმკითხავა და მითხრა, 82 წლის ასაკში, ტანჯვით მოკვდებიო.
ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, ყოველ დღე სიკვდილს ელოდებოდა. ამ წლის დადგომის ეშინოდა, ამბობდა - 82 წლის გავხდები და მოვკვდები, თან ტანჯვითო.
- 20 წელი ებრძოდა სიკვდილის შიშს...
ასე გამოდის, მთელი 20 წელი, ამ წლის დადგომაზე ფიქრობდა და ნერვიულობდა, რაც ადამიანის ფსიქიკაზე, ძალიან მოქმედებს.
რეპეტიციები რომ დავიწყეთ სულ იძახდა - 81 წლის ვარ, ეს ჩემი ბოლო სპექტაკლია, ჩქარა დავდგათო. ყველა აწყნარებდა - „ციგანკას“ როგორ უჯერებ, არაფერი მოხდებაო.
ცხონებული გივი ბერიკაშვილი, რომელიც სასწაული იუმორის პატრონი იყო, რომ დაინახავდა - თამარა, შენ კიდევ ცოცხალი ხარო, ეუბნებოდა.
ერთ დღეს გამოვუცხადე! - თამარა დეიდა, მერე არ იცი, ამ დროს რა უნდა გააკეთოთ-მეთქი? არ ვიციო, მიპასუხა.
შვიდი ტაძარი უნდა მოილოცო და ყველგან, შვიდი სანთელი უნდა დაანთოთ-მეთქი. ეს ყველაფერი, იქვე მოვიგონე, მაგრამ ისე დარწმუნებით ვეუბნებოდი, დაიჯერა და წამიყვანეო მთხოვა.
მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი და წავედით. სამების ტაძრიდან დავიწყეთ და ქაშუეთით დავასრულეთ - ყველა ტაძარში 7 სანთელს ანთებდა და ლოცულობდა. ასე მოვატარე შვიდი ეკლესია.
მოხდა სასწაული, მართლაც მოეხსნა ყველანაირი შიში, მას შემდეგ, 11 წელი იცოცხლა. ისეთი დარწმუნებით ვუთხარი, შიში გაუქრა, თან ყველა ამყვა - როგორ არა, ჩვენც გვაქვს ეგ ამბავი გაგონილიო.
იმდენად დამაჯერებელი იყო ჩემი ნათქვამი, მე თვითონაც დავიჯერე. ამის შემდეგ, სულ მეუბნებოდა, შენ ხარ ჩემი გადამრჩენელიო.
„ეუხენია ბალბოას“ რომ დანიშნავდნენ, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ გივი ბერიკაშვილი მეუბნებოდა - რა გინდოდა, რატომ აიკიდე ჩემი ცოდვა, რატომ გადაარჩინე, რატომ ატარე ეკლესიებში, ხომ გადავრჩებოდით ახლა ამხელა სპექტაკლის თამაშსო! - რა თქმა უნდა იუმორში, გიჟდებოდნენ ერთმანეთზე.
- ამბობდნენ, რომ ბოლო დროს, ყველა სპექტაკლის დაწყების წინ, ძალიან ნერვიულობდა...
ზოგადად, ყველა სპექტაკლზე ნერვიულობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში. სულ მეუბნებოდა, ტექსტი მავიწყდება, ცოტა ადრე მოდი თეატრში, გავიმეოროთო.
გივისაც ავიწყდებოდა ზოგჯერ და სცენაზე, პარტნიორები ვკარნახობდით ორივეს. ასაკი საშინელებაა, მაგრამ ამ ორი ადამიანის დუეტი, ეს იყო სასწაული.
ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ჩემთან სახლში აღვნიშნეთ და ისე საოცრად იცეკვეს გივიმ და თამარამ, ყველა გაოცებული ვუყურებდით.
ძალიან მეგობრული იყო, ძალიან ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა, ხშირად მირეკავდა და ვჭორაობდით-ხოლმე. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, როცა ერთადერთი შვილი გარდაეცვალა, სწორედ თეატრმა გამოიყვანა მდგომარეობიდან - სამეფო უბნის თეატრში, ახალი სპეტაკლი, სპეციალურად მისთვის დაიდგა - „აქ, ამ სავანეში“, რომ რეპეტიციებზე ევლო.
ძალიან ძლიერი ქალი იყო, თავი ხელში აიყვანა, არც ერთ რეპეტიციას არ ტოვებდა, სპექტაკლებსაც თამაშობდა თავისი საქმით ცხოვრობდა.