ამინდი მკვეთრად გაუარესდება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1739387080
"ჩუბჩიკაზე წიგნის წერა ზურა შევარდნაძის შემოჩენამ გადამაწყვეტინა. როდესაც მან ჩემი პატარა ჩანაწერები ნახა, ჩამაცივდა, ეს ხომ უკვე წიგნია?! რატომ არ წერო?.." - ამბობს ეთერ თათარაიძე "პრაიმტაიმთან".
გენიალური თენგიზ მირზაშვილი - ჩუბჩიკა 91 წლის გახდებოდა... ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან, 73 წლის ასაკში და თანაც პირველ იანვარს. ამაზე სევდიანი რა უნდა იყოს;
იდგა მის სახელოსნოში საღებავებისა და მისი მოხარშული მურაბების მოტკბო არომატი. ღუმელზე ჩაიდანი შიშინებდა და სტუმრის მოლოდინში თვლემდა ცეცხლი...
თურმე, ჩუბჩიკა ეთეროს ეუბნებოდა, მე შენი ლექსების შემდეგ უკეთესი გავხდიო. ეთეროს ლექსების წყალობით თუშური დიალექტი თუშებზე უკეთ უსწავლია.
ეთერ თათარაიძე: - ზეპირად იცოდა ჩემი ლექსები. მე არც ერთი საკუთარი ლექსი ზეპირად არ ვიცი. მე რატომ არ მომცა ღმერთმა ხატვის ნიჭი-მეთქი, ვეტყოდი და რას მპასუხობდა?! შენ ლექსებში ხატავ, ბევრ რამეს შენი ლექსებიდან ვიხატავო. რა ხარბი გამოდექი, ხატვაც მოგინდაო, მეტყოდა. არა, ვოცნებობ-მეთქი, ვპასუხობდი.
სულ მიყვებოდა თავის ბავშვობაზე, მოკლედ, ბევრი მასალა დამიგროვდა. ჩემს თავს იმაში ვემადლიერები, რომ მასზე დაწერილ ნაგლეჯსაც არ ვაგდებდი.
ჩუბჩიკას ხსენებაზე სინათლე მახსენდება. ძალიან თბილი მზე და სინათლე. არ არის დღე, მე ის არ გამახსენდეს. არც მჯერა რომ აღარ არის. მგონია, რომ სადღაც არის წასული და შევხვდები. ასეთი შეგრძნება მაქვს გოდერძი ჩოხელზე. სულ მგონია, მოვა და შემოიჭყივლებს რაღაცას. ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა სულ ყურში მაქვს, მგონია, რომ რაღაცას ამოთქვამს. ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თურმე იმას, ვერ ივიწყებს ადამიანი.
ჩემი და ჩუბჩიკას მეგობრობა ჩემი პირველი შემოქმედებითი საღამოდან - 1979 წლის 14 აპრილიდან იწყება. სანამ ეს საღამო დაიწყებოდა ის და ვახუშტი კოტეტიშვილი ვნახე და გავიცანი. მას შემდეგ ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. თავის ინტერვიუში ამბობდა, არც ერთი დღე არ არის ეთერის ლექსებზე არ ვიფიქროო. შენი ლექსების შემდეგ მე სულ სხვა ადამიანი გავხდიო...
სანამ მე და ამირანს ჩვენი სახლი გვექნებოდა, თავის სახლში გადაგვიყვანა საცხოვრებლად. მერე უკვე გვერიდებოდა და გავიპარეთ.
როგორი უბედნიერესი დღეები მახსოვს... სახელოსნოში თავის აივანზე ხატავდა, ქვევით მე ჩემი ლექსები უნდა წამეკითხა, ამირანსაც დავალება ჰქონდა. ღუმელი ენთო... დაიძახებდა, წამევიდააა და ფრიალით ჩამოაგდებდა სველ ნახატს. ჩვენ ვიჭერდით და ვფენდით გასაშრობად.
ბევრი ნახატი მაქვს მისგან. გეტყვით, რატომ არ მჯერა, რომ აღარ არის. როდესაც ძალიან ვიღლები და ცუდ ხასიათზე ვარ, ვჩქარობ, რომ მივიდე სახლში და შევხედო ჩუბჩიკას ნახატებს, მაშინვე ვწონასწორდები. ვხდები მისნაირი - არც დარდს იმჩნევდა, არც წუხილს.
ეს ბოროტი ავადმყოფობა, სიმსივნე ჰქონდა და არ იმჩნევდა. მერე რაო, ამბობდა. ყველა ავად ხდებაო... ჩვეულებრივი მოკვდავი არ იყო.
ისეთი სურნელი ტრიალებდა მის სახელსონოში, როგორი ოხშივარიც აღმოსავლური ბაზრების ნახატებიდან შეიგრძნობა. ვიხსენებ ხოლმე, რას ურევდა ერთმანეთში და ხანდახან სახლში ვამბობ, ჩუბჩიკას მურაბა უნდა მოგიხარშოთ-მეთქი. მისი მურაბები არავის მსგავსი არ იყო, ნახატს ჰგავდა. სხვადასხვა ხილს ურევდა. კომშს და ატამს ერთმანეთში ურევდა. ლიმონის და ფორთოხლის გარეშე მურაბას არ მოხარშავდა. ციტრუსს სულ ურევდა. ყურძენს ჩააწურავდა... სქელ სიროფს იღებდა. ისეთი არომატი ჰქონდა, ვერავინ მსგავსს ვერ გააკეთებს. არც უნდა სცადოს.
ხილ-ბოსტნეულის გარდა, რძის პროდუქტების ცნობა იცოდა. ბაზარში ყველას მაგას დაესეოდა, ჩვენი კაცი მოვიდაო. ყველზე მოვაჭრე ქალები გამორბოდნენ ჩუბჩიკასკენ. ესეც, უნდოდა თუ არა, ყველასგან ყიდულობდა.
***
გალერისტ ზაირა ბერელიძის ამ ჩანახატიდან მხატვრის სახეს ნათლად დაინახავთ.
ჩვენი ჩუბჩიკა
სახელოსნოს კარზე არცთუ მოკრძალებულად დავაკაკუნე.
_ ე, მევიდა ვინცხა _ გაისმა ოთახის სიღრმიდან ჩუბჩიკას ხმა.
ეს მიმართვა ყველა სტუმარს ეკუთვნის. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სტუმარი საქართველოს პრეზიდენტია თუ დამლაგებელი. კარი გამიღო. _ როგორ ხარ? _ ვკითხე მე.
_ ქე ვარ ფაქიზად _ მიპასუხა ჩვეული ხალისით.
ოთახის სიღრმიდან ეთერ თათარაიძის თბილი მზერა შემომეგება.
როგორც გავიგე ეთერის ახალი ლექსების კრებული გამოდის. წიგნის გაფორმება ჩუბჩიკას ეკუთვნის. ესეც ბუნებრივია.
ჩუბჩიკა დაჯდა, საოცრად „მოუწესრიგებლად“ დალაგებულ მაგიდასთან და ალბომში ჩვეული ვირტუოზულობით ხატვა დაიწყო. დავხედე ფურცელს და ჩავილაპარაკე:
_ ეს რა მაგარი პეიზაჟი გამოვიდა!
_ ამას რა უნდა, თვალდახუჭულიც დავხატავ, _ გაიღიმა ჩუბჩიკამ.
_ რასაკვირველია, ხუმრობს, _ თქვა ჩვეული სიდინჯით ეთერმა.
_ არა, არ ვხუმრობ, თუ გინდათ თვალები ამიხვიეთ!
_ ეთერ, მოდი ვცადოთ _ ვუთხარი მე.
_ მოიცა! _ ფურცელი და პასტელები მოვუმზადე. აიღო სხვადასხვა ზომის სამი ფერის პასტელი, ფერები ზომების მიხედვით დაიმახსოვრა და თქვა:
_ ჰე, ამიხვიეთ თვალები!
თვალები ავუხვიეთ და ირონიანარევი ღიმილით ვუთხარი:
_ აბა დაიწყე! რამდენიმე წუთში თეთრ ფურცელზე ულამაზესი ოფოფი გაჩნდა. მოულოდნელობისაგან გავშრი. შევხედე ეთერის გაოგნებულ სახეს.
_ გამევიდა რაცხა? _ გამოგვაფხიზლა ჩუბჩიკას შეძახილმა.
_ შეიძლება ეს ოფოფი მე მაჩუქო? _ ამოვილუღლუღე მე.
_ წეიღე, _ თქვა მან და სამზარეულოსკენ გაემართა.
_ ახლა მე ჩაის მოგიმზადებთ, რაცხა მურაბით. სახელოსნოს კედლებს მზერა მოვავლე, თითქოს ამ ყველაფერს პირველად ვხედავდი. ფარდაგები, თუნგები, მაგიდაზე გადაშლილი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი, კედლებზე უამრავი ნამუშევარი კიდია, იატაკზეც ყრია, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს. ცხვრები, ხიდი, წითელკაბიანი ქალი (რომელზედაც ვგიჟდები), ფერდობზე სადღაც შორს ეკლესიის კონტური, ფორთოხლისფერი მზე, „უზრდელი ქალები“, ხეები, ზამთრის პეიზაჟი... ამ ფიქრებიდან მოულოდნელად რაღაცამ გამომაფხიზლა. გავხედე ჩემს ჩანთას, რომელშიც წითელნისკარტა ოფოფია მოკალათებული და კიდევ ერთხელ გავიფიქრე: არა, ჩუბჩიკ, შენ მართლა გენიოსი ხარ!