„ბენიფერის“ დიდი დაბრუნება – ჯეი ლო და ბენ აფლეკი წითელ ხალიჩაზე

ბენი და ჯეილო

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან.

ყოფილი ცოლ-ქმარი ახალი ფილმის, სახელწოდებით „ქალი ობობას კოცნა“ პრემიერას დაესწრნენ.  აღსანიშნავია, რომ განქორწინების შემდეგ ეს მათი პირველი ერთობლივი გამოჩენაა.  კინოსურათში ჯეილო ერთ-ერთ მთავარ როლში გვევლინება, ბენ აფლეკი კი ფილმის თანაპროდიუსერია.

წითელ ხალიჩაზე ლოპესი ყვავილებიანი კაბით გამოჩნდა, რომელსაც კინოსურათის თემატიკასთან შესაბამისი შავი დეტალი ამშვენებდა. ხოლო ბენ აფლეკმა არჩევანი ლურჯი ფერის შარვალ-კოსტიუმზე შეაჩერა.

საზოგადოებას არ გამოჰპარვიათ ის ფაქტი, რომ აფლეკი და ლოპესი ერთმანეთის მიმართ სიყვარულის  საჯაროდ გამოხატვას  არ ერიდებოდნენ.

გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს,  თუ როგორ აწყვეტინებს ინტერვიუს ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესს და მასთან ფოტოს გადაღებას სთხოვს.  მოგვიანებით მსახიობმა ყოფილ მეუღლეს სცენიდან ამ სიტყვებით მიმართა - „ჯენიფერ, შენ განსაკუთრებული ხარ“.

 

აფლეკი და ლოპესი იანვარში განქორწინდნენ.

გამოცემა „დეილი მეილის ცნობით“, განქორწინების მთავარ მიზეზად მომღერალმა მაშინ „გადაულახავი დაბრკოლება“ დაასახელა. როგორც ლოპესთან დაახლოებული წყარო ამბობდა,  „ჯეილომ ქორწინების შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა აფლეკს ამის სურვილი არ ჰქონდა“.

აფლეკისა და ლოპესის  სიყვარულის ისტორია ათწლეულების განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყო. ისინი ერთმანეთს პირველად 2003 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მეგობრობა სიყვარულში მალევე გადაიზარდა, მაგრამ 2004 წელს წყვილმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ აღარავის ეგონა, რომ აფლეკი და ლოპესი ერთმანეთს კვლავ შეხვდებოდნენ. თუმცა, 20 წლიანი განშორების შემდეგ მათი გზები კვლავ გადაიკვეთა და 2022 წელს მსოფლიო ჯეილოსა და ბენის გრანდიოზული ქორწილის მომსწრე გახდა...

წყვილის განქორწინების ამბის მიუხედავად, ჯეილოსა და ბენის გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ მათი სიყვარული ამ სირთულესაც გაუძლებს და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი კვლავ ერთად იქნება.