„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოთხი პირი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობასა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებენ.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ოთხივე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეუფარდა პატიმრობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს - მოგახსენებთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება - მაგალითად, ის კადრებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ საჯაროდ, თუ როგორ აზიანებდნენ და ცდილობდნენ ბრალდებულები პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტია.
აგრეთვე, კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ძალადობდნენ ბრალდებულები სხვადასხვა პირებზე, მათ შორის, სამართალდამცველებზე. ამას გარდა, გახლავთ ექსპერტიზის დასკვნები - ჰაბიდოსკოპური ექსპერტიზა, სასაქონლო ექსპერტიზა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, რითაც დასტურდება პირთა მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. მოწმეებად გახლავთ სხვადასხვა პირები, რომლებიც იძლევიან მამხილებელ ჩვენებებს,“ - აცხადებს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.
კომენტარი გააკეთა დაკავებულების ადვოკატმაც.
„მხოლოდ და მხოლოდ ის კადრები აქვს ამოჭრილი პროკურატურას, რაც ბრალდების დასასაბუთებლად სჭირდება, თუმცა შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არის ის ორგანი, განსხვავებით დაცვის მხარისგან, რომელიც ვალდებულია მოიპოვოს როგორც გამამართლებელი, ისე გამამტყუნებელი მტკიცებულებები. სხვადასხვა გარემოება და ვითარება იყო, შესაბამისად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად თუ ვიმსჯელებთ ამ თუ იმ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, გამოვიტანთ არასწორ დასკვნებს“, - აცხადებს თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანისა და სერგო მეგრელიშვილის ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი.
სავარაუდოდ, დღესვე წაუყენებენ ბრალს ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს. მათ შორის არის აქტივისტი ნანა სანდერი. გამოძიება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მოწოდების, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.