"ჩემს კარგ მეგობარ ილიკო სუხიშვილთან ერთად სიურპრიზი მოგიმზადეთ. დიდი ქართული გულები პატარა უკრაინულ გულებს ეხმარებიან" - ნახეთ, რას გეგმავს ივანა მელაი

ivana

ივანა მელაი 26 მარტს უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად კონცერტის გამართვას გეგმავს. საქველმოქმედო კონცერტი "რესპუბლიკის ივენთ ჰოლში" 20 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეთა სია ასე გამოიყურება: ქართული ლეგენდარული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, თეა დარჩია, უკრაინელი არტისტი ივანა მელაი, "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი არტისტი რუსლანა,  ჯგუფი "სახე" და დავით ალადაშვილი.

კონცერტის ორგანიზატორმა, ივანა მელაიმ საქართველოში საქველმოქმედო ფონდი United Hearts დააარსა, რომელიც მშობლების გარეშე დარჩენილ უკრაინელ ბავშვებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევს. ფონდის პირველი პროექტი კი სწორედ 26 მარტის საქველმოქმედო საღამოა. დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოს რეგიონში ბანაკმა "ზოლოტა გენერაცია" 419 ბავშვი შეიფარა, რომელთა მშობლები რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ, ან ახლაც იბრძვიან. ქართველი და უკრაინელი არტისტები სწორედ მათ დასახმარებლად ერთიანდებიან. კონცერტთან დაკავშირებულ დეტალებს იხილავთ ამ ბმულზე. 

შვიდი წელია მელაი ჩიკაგოში ცხოვრობს. მას გურამ ლომიძესთან ("ქუჩის ბიჭები") ქორწინებიდან ექვსი წლის გოგონა ჰყავს. 

ივანა "პრაიმტაიმთან" თავის ფონდსა და პირველ საქველმოქმედო კონცერტზე ჰყვება და ბედნიერია, რომ ეს ორი ერი, ამ კონცერტისთვის სიმბოლურად ერთიანდება... მომღერალმა აღნიშნა ისიც, რომ მის ნახევრად ქართველ ქალიშვილს სწორედ ქართული გენით აქვს თანაგრძნობის უნარი და უხარია, რომ თანატოლების დასახმარებლად ისიც მზად არის. 

ივანა მელაი: როდესაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამხელა მხარდაჭერას უწევს უკრაინას, ამას ცრემლის გარეშე ვერასდროს ვუყურებ.

საქართველოშიც სწორედ იმიტომ დავაარსე ჩემი ფონდი, რომ საქართველო ჩემთვის მეორე მშობლიური ქვეყანაა, ქართველები კი უსაყვარლესი ერი.

- ივანა, ფეისბუქზე ილიკოსთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებთ და ინტრიგას აგდებთ. ამ კონცერტზე სუხიშვილებთან ერთად იცეკვებთ?

- თქვენ ხომ კარგად მიცნობთ?! მართალია, დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, მაგრამ ხომ გახსოვართ. ჰოდა, არ მოგიყვებით ასეთ დეტალებზე. მერე საინტერესო აღარ იქნება (იცინის). გეტყვით იმას, ჩემს კარგ მეგობარ ილიკოს სუხიშვილთან ერთად სიურპრიზი მოგიმზადეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც ნამდვილი მეგობრები გყავს, რომლებიც გვერდით გიდგანან. 

- მაშინ გვითხრათ რაიმე ექსკლუზიურად, მხოლოდ ჩვენ...

- მეგობრებო, მე თქვენ ექსკლუზიურად გეტყვით იმას, რომ მთელს ქვეყანაზე ყველაზე მაგარი ერი ხართ, საუკეთესოები! ვიმეორებ, ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვხედავ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ, ყოველთვის ვტირი... ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და სითბოს ჩვენს მიმართ.

მინდა უკრაინელ ბავშვებს კონცერტით დავეხმარო. მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი, ტილოებს გავყიდდი და შემოსული თანხით დავეხმარებოდი. მე ვარ მომღერალი და ამიტომ კონცერტით შემიძლია მათი დახმარება. 

დასახმარებლად მე ავარჩიე ბავშვები, რადგანაც მე ვარ დედა. ჩვენ ბედნიერები ვართ, ჭერქვეშ ვცხოვრობთ, საკვები და სითბო გვაქვს. დასავლეთ უკრაინაში მდებარე ისტორიულ ქალაქ ივანო-ფრანკოს რეგიონის ბანაკში კი, დაახლოებით ოთხასი ბავშვი ცხოვრობს, რომელთა მშობლები ამ ომს შეეწირნენ. როდესაც ამ ბანაკის დირექტორს ვესაუბრე, მან მითხრა, რომ მათ საკვების საჭიროება აქვთ. ეს ბავშვები ერთი წლის წინ ისევე ბედნიერად ცხოვრობდნენ, როგორც ჩვენი შვილები. მათი პატარა გულები შეშინებულია დღეს. რა საშინელი დღეები გამოიარეს... საქართველომაც მსგავსი საშინელი დღეები გამოიარა, ეს განცდა თქვენთვის უცხო არ არის, ამიტომაც ადვილად გესმით დღეს უკრაინელი ხალხის ტკივილი. ამიტომაც ხართ ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერები. 

ასე რომ, ამ კონცერტის ყოველი ბილეთი თითოეული ბავშვის გამოსაკვებად შეგიძლიათ შეიძინოთ. 

საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლოა. ჩემი ქალიშვილი ნახევრად ქართველი და ნახევრად უკრაინელია. ჩიკაგოდან წამოსვლამდე ჩემმა შვილმა მითხრა, მე ჩემს სათამაშოებს შევაგროვებ და უკრაინელ ბავშვებს გავუგზავნიო. ექვსი წლისაა და მას ეს ესმის. ძალიან განიცდის და მიხარია, რომ მას, როგორც ნახევრად ქართველს, თანატოლების მიმართ ამგვარი თანაგრძნობა აქვს. 

- რას შეასრულებთ ამ საქველმოქმედო კონცერტზე?

 - მე შევასრულებ უკრაინულ სიმღერას და ჩემს ამერიკულ პროგრამას, რომლითაც ჩიკაგოში გამოვდივარ. ამ კონცერტზე იმღერებს რუსლანა, რომელიც "ევროვიზიაზე" პირველი უკრაინელი გამარჯვებულია. პატარა ვიყავი, როდესაც რუსლანა კონკურსზე მხარდაჭერას მიცხადებდა. შემდეგ, როდესაც ჩვენ ერთად ვიდექით სცენაზე, ეს სიზმარივით დაუჯერებელი რამ იყო ჩემთვის. მასთან ერთად პატარა სიურპრიზი გვექნება. 

ამ კონცერტზე ქართველი და უკრაინელი არტისტების ამგვარი გაერთიანება, სიმბოლურია. ეს არ არის ჩვენზე, არტისტებზე აგებული კონცერტი. ეს კეთილი და ადამიანური მხარდაჭერის გამომხატველი საქველმოქმედო კონცერტია. კეთილი გულები ერთიანდებიან და დიდი ქართული გულები პატარა უკრაინულ გულებს ეხმარებიან. შევახსენებთ ყველას, რომ სიკეთე არსებობს და ადამიანებს სურთ დახმარება გაუწიონ უმწეოებს. რომ კეთილშობილი ქართველები უკრაინელებს ეხმარებიან. ჩვენ კი მადლობას გიხდით ქართველებს იმისთვის, რასაც ჩვენთვის იღებთ. 

ამ კონცერტზე ცხონებულ ვახტანგ კიკაბიძეს უნდა ემღერა. ეს უდიდესი ადამიანი ძალიან ძვირფასია ჩვენთვის და მე ამ კონცერტზე მისი ხსოვნის პატივსაცემად ვიმღერებ...

- მადლობა.

 - იცით, ადამიანურად და შემოქმედებითად, ეს სწორია. ასე რომ, მადლობა არ არის საჭირო. მადლობა თქვენ ასეთი ადამიანისთვის და მადლობა უფალს. ვახტანგ კიკაბიძე უდიდესი პიროვნება გახლდათ...

მადლობა მე უნდა გითხრათ ყველა ქართველს უკრაინის მხარდაჭერისთვის!

მოხარული ვიქნები, რომ 26 მარტს "რესპუბლიკის ივენთ ჰოლში" ჩვენს საქველმოქმედო კონცერტზე შეგხვდეთ.