"ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო... თავის გმირებსაც ჰგავდა... ჰქონდა ღირსება და დიდი სიკეთე" - ცნობილი ქართველები ლეგენდას გამოემშვიდობნენ

buba

ნათლისღების დღეს, მშობლიურ ვერაზე, "წუთისოფლის ეტლმა, ჭენებ-ჭენებით გააქროლა" ჩვენი ლეგენდა. საქართველომ კი გულიდან წამოსული ცრემლით გააცილა...

ტაში და აღიარება, რომელიც მთელი ცხოვრება თესა, საბოლოოდ უკანასკნელ გზაზე მოიმკა და შლეიფივით თან გაიყოლა...

"სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა..."  დიახ, ბუბას პროცესია ვარდისფერი იყო, სიყვარულის და ვარდის ფურცლებისფრად მეფურიც და ფაქიზიც. 

სევდიანი იყო სცენა, საიდანაც ჩვენი მიმინო აფრინდა, შემდეგ მთელი ცხოვრება, დიადი კამარა შეკრა და 2023 წლის 19 იანვარს, მარადიულ განსასვენებლამდე, რამდენიმე საათით შეისვენა. შესვენება იყო ცრემლიან- ყვავილიანი. არც ტაში დაჰკლებია, პირიქით, მადლიერი აპლოდისმენტებით გული იჯერა და ისე წავიდა. მაგრამ ეს სულ სხვა ტაში იყო. ის არაფრით ჰგავდა ბუბას შესრულებით აღტაცებულ აპლოდისმენტებს. იყო სევდიანი, მადლიერებით გაჟღენთილი და სამარის კარამდე მიმცილებელი.

 

ამ ყველაფრის შემსწრე ასკვნი, რომ უმთავრესი სიკეთის თესვა და ადამიანობაა. მეტი ვერც ვერაფერი მიგვაქვს "იქ"!!!

და კიდევ: ბუბას დედა სიონის ტაძრის მგალობელი იყო. ამიტომაც გვაჩუქა ასეთი ბუბა!

გენო ნადირაშვილი, "ორერას" სოლისტი: მე ერთი წლით უფროსი ვარ ბუბაზე. ფილარმონიის ბაღში გავიცანი. ის 24 წლის იყო. იმ დროს სახელმწიფო ორკესტრში - "რეროში" ვმღეროდი. ბუბამ მითხრა, მოდი, ვიმეგობროთო და იქვე ბაღის ბუფეტში შევედით. მივუჭახუნეთ ჭიქები და დავმეგობრდით. 16 ფუტი მარილის ჭამა არ დაგვჭირვებია. მოდი, ხვალ ისე შევხვდეთ ერთმანეთს, როგორც ძველი მეგობრებიო. მას შემდეგ ვმეგობრობდით.

მოსკოვში კონცერტის დროს, ბუბა დარბაზში ჩადიოდა. ერთ ადგილას ელექტრო ჭა იყო და ფეხი რომ დააბიჯა, დენმა დაარტყა. ამოყირავდა და ფეხზე დადგა. დარბაზში ეგონათ, ეს დადგმული ტრიუკი იყო. ამ დროს დენმა დაარტყა. მაგრამ მან სიმღერა გააგრძელა. სცენაზე გაფითრებული ამოვიდა. შიში ვჭამეთ.

ბოლოს, მის საიუბილეო კონცერტზე ვნახე. კლინიკაში არ შემიშვეს. მიჭირს ბუბაზე წარსულში საუბარი.

დიდი პატრიოტი იყო!

ვატო კახიძე: ადამიანი რომ მიდის ამ ქვეყნიდან, მას ხალხი მიაკუთვნებს იმ ადგილს, როგორსაც იმსახურებს. ბუბა ყოველთვის დარჩება ჩვენი ხალხის მეხსიერებაში. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, არაჩვეულებრივად ხატავდა. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რომ აუცილებლად თავს გამოაჩენს. შესაძლოა, სულ სხვა თაობაში.

მთელ ქვეყანას ვუსამძიმრებ. ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

დათო ხუჯაძე: ბედნიერება მხვდა წილად, რომ მისი სიმღერა "ჩიტო-გვრიტო", რომელიც მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იყო, მე შევასრულე. კონცერტებზე, როდესაც ვხვდებოდით, ვეკითხებოდი, კანსტანტინოვიჩ, დღეს ხომ არ მღერით "ჩიტო-გვრიტოს"-მეთქი. მიდი, მიდი იმღერეო. მოსწონდა ჩემი ვერსია. და როცა ერთად ვიყავით კონცერტებზე, თვითონ არასდროს მღეროდა, მე მამღერებდა.

რამდენი ხალხი მოვიდა, ხედავთ, თანაც არა მხოლოდ ქართველები. ამ ადამიანმა კაცურად იცხოვრა. ხალხიც გაახარა და თვითონაც იხარა. ღმერთმა მის ასაკამდე მიგვიყვანოს ყველა.

სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის წასვლით, ეპოქა დამთავრდა. 

ზაზა შენგელია: ბუბა ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ლოგო იყო. განსხეულებული იყო ქვეყნის სულთან, სტუმართმოყვარეობასთან, მეგობრობასთან. მასთან ურთიერთობა უდიდესი ჯილდო და ზეიმი იყო. საინტერესო იყო მასთან ერთად მუშაობა. თავმდაბლობით გამოირჩეოდა. სულ იხსენებდა სასაცილო ამბებს. 

"ბრავო რეკორდსთან" უნდა ეთანამშრომლა, უნდა ჩაგვეწერა "ყვავილების ქვეყანა" და არა მხოლოდ ეს სიმღერა. ალბომზეც ვფიქრობდით. მოგეხსენებათ, სულ გასტროლებზე იყო, მის გარეშე პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ბევრი წვეულება არ ტარდებოდა. სამწუხაროდ, მოუცლელობის გამო ეს პროექტი არ დაგვცალდა. ის რეალური დანაკლისია ჩვენი კულტურისთვის.

თემურ ყვითელაშვილი: მე მასთან ერთად მრავალ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მის ექვს ალბომში ვუკრავ. ნაყოფიერი თანამშრომლობა გვქონდა. მრავალმხრივი არტისტი იყო და მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ვიყავი. უნიჭიერესი იყო.

ბევრი ისეთი სიმღერა აქვს შესრულებული, რომელიც შეიძლება საეტაპოდ და სავიზიტო ბარათად ჩათვალოთ. გულწრფელად გადმოსცემდა ქალაქის და ქვეყნის სიყვარულს.

ნათელში ამყოფოს  ღმერთმა. ძალიან მწყინს მისი წასვლა. ნამდვილი არტისტი იყო! 

ნინო სუხიშვილი: ბუბა ჩემი ოჯახის უახლოესი მეგობარი იყო, ილიკოსი, ნინოსი. თენგიზთან ერთად სწავლობდა სკოლაში. ახალგაზრდობა ერთად გვაქვს გატარებული. უდიდეს პატივს ვცემდი. მიყვარდა. ნამდვილი თბილისელი და ლეგენდა იყო. ბუბა ნამდვილად პატივისცემის ღირსი პიროვნება იყო. 

ბუბა კიკაბიძე საქართველოს დააკლდება თავისი ნიჭით, პატრიოტიზმით, მოქალაქეობრივი პოზიციით. მისი სიმღერები ჩვენს გულებში იქნება.

ლაურა რეხვიაშვილი: დიდებული ხელოვანი წავიდა. ნამდვილი სახალხო არტისტი, რომელმაც თავისი შემოქმედებით თავი შეაყვარა სრულიად საქართველოს. და არა მხოლოდ საქართველოს. რა საკვირველია, კინოში, შანსი რომ მქონოდა, პარტნიორად ვისურვებდი, თავისი ენერგეტიკით, უსაშველო ხიბლით. თავის ფილმებში, ყველგან საყვარელია. მაგრამ ჩემთვის "არ დაიდარდოა" ყველაზე ძვირფასი.

ის იყო ღირსებებით სავსე, ერთგული ადამიანი და მოქალაქე. მაგარი კაცი! უკვდავია მისი სახელი. ვიზიარებ მთელი ქვეყნის მწუხარებას. ნათელი და სანთელი მის გზას. 

ნინო კასრაძე:  ბუბა ჩემი თაობისთვის სიყვარულის, სიხარულის, იმედის და ღირსების სიმბოლო იყო. რაც წლები გავიდა, მეტად დავინახეთ ეს ყველაფერი. ძალიან მწყდება გული, რომ ჩვენთან აღარ არის ბუბა კიკაბიძე. ერთ რამეს ვისურვებდი. მისი ოცნება იყო, საზოგადოებაში სიყვარული დაბრუნებული, ერთობა დაბრუნებულიყო. აღარ ყოფილიყო დაპირისპირება. ვინატრებდი და ვილოცებდი,  რომ ასეც მოხდეს. 

თემურ ჭყონია: მე მიყვარს "ვერის უბნის მელოდიები". მიყვარს ბუბას ყველა სიმღერა მიყვარს, მაგრამ განსაკუთრებულად  - "მეფაიტონე"....

გივი სიხარულიძე: მე კი ასე ვიტყოდი: ბუბა იყო თბილისი და თბილისი - ბუბა. ულამაზეს სამყაროში გაფრინდა. სანამ ამ ქვეყნიდან უკანასკნელი მოჰიკანები წავლენ, მანამ ბუბა სამარადისოდ ემახსოვრებათ. ყველასთვის სანუკვარი კაცი წავიდა. უნიჭიერესთა შორის უნიჭიერესი იყო. 

12 წელი დიალიზზე იჯდა. ავადმყოფობას არ დაემორჩილა და არ დაუწუწუნია. უყვარდა სუფრა და დაბადებული იყო თბილისისთვის.

თბილისის ბოჰემისთვის შექმნილმა უკანსკნელმა მოჰიკანმა დატოვა ჩემი ქალაქი.

შალვა ნათელაშვილი: ის გარდაიცვალა იმისთვის, რომ მუდამ ჩვენთან დარჩენილიყო. უპრეცედენტო პატრიოტიზმის მაგალითი მოგვცა. სამშობლოს გამო უარი თქვა დაფნის გვირგვინზე და იმ დიდ ბენეფიტებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ელოდებოდა. ამას ისტორიული მატიანე ოქროს ფურცლებად დააფიქსირებს. ნათელში იყოს! 

რომან გოცირიძე: ბუბას "მიმინო" და "არ დაირადო" შედევრებია. მსოფლიო დონის მსახიობად წარმოაჩინა თავი. უნიკალური მოვლენა იყო. როგორც ხელოვანი, ასევე როგორც ადამიანი, რომელსაც თავისი სამოქალაქო პოზიცია და პრინციპები ყოველთვის ჰქონდა. 

საკუთარ გმირებს ცხოვრებაშიც ჰგავდა. მისი გმირების მთავარი მახასიათებელი სიკეთე და ღირსებაა. ბუბა ცხოვრებაშიც ასეთი იყო. მრავალმხრივ ნიჭიერი გახლდათ. დიდ ხელოვანთან ერთად დიდი ადამიანი იყო...