"ბევრი ხელოვანისგან მოვისმინე, ამ ჯოჯოხეთში ვეღარაფერს ვქმნითო, მე კი - პირიქით" - ლევან სონღულაშვილი ომზე ხატავს

songulashvili art

31 წლის ლევან სონღულაშვილი, რომელიც ენდი უორჰოლის მიერ დაარსებულ პრესტიჟულ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ისტორიაში, პირველი ქართველი სამაგისტრო კურსდამთავრებული მხატვარი გახლავთ, სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მძიმე დროს მისთვის შემოქმედებითად ნაყოფიერია. 

მხატვარი რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე ქმნის ტილოებს და პარალელურად, ნამუშევრების დეტალებს, მეგობრებს ფეისბუქით უზიარებს. 

ლევან სონღულაშვილი: ბევრი ხელოვანისგან მოვისმინე, ამ ჯოჯოხეთში ვეღარაფერს ვქმნითო. მე კი პირიქით, სწორედ მაშინ ვმუშაობ, როცა ყველაზე მეტ ემოციას განვიცდი.

საპირწონედ ბორხესს ვციტირებ, რომელიც მეგობარმა გამიზიარა დედაჩემის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენის შემდეგ: „ნებისმიერი მწერალი, ნებისმიერი ხელოვანი მისთვის თავს დატეხილ ამბავში, იქნება ეს მარცხი, შეურაცხყოფა თუ უბედურება, უნდა ხედავდეს ისეთ მასალას ხელოვნებისათვის, საიდანაც ის ძალას მიიღებს. ეს ყველაფერი ჩვენ ტრანსფორმაციის მიზნით გვეძლევა, იმისათვის, რომ ჩვენი უბადრუკი ყოფისგან შევქმნათ რაღაც მარადიული ან მარადისობისკენ სწრაფვის სურვილი.“