მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
დღეს დილით რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.
მსახიობს რუსთაველის თეატრიდან რვა იანვარს გამოასვენებენ და დაკრძალავენ.
ნიკა ქაცარიძე ფართო საზოგადოებამ სერიალებიდან - "შუა ქალაქში" (ხელოსნის როლში) და "ჩემი ცოლის დაქალები" (სკვითის როლში) გაიცნო.
მსახიობს რეჟისორები, კინოსა და თეატრში, სახასიათო როლებს აძლევდნენ.
ჰყავდა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
"მხოლოდ იმიტომ ღირს ცხოვრება, შვილები გაახარო" - პირველ იანვარს ფეისბუქზე წერდა მსახიობი და ნაძვის ხესთან საჩუქრებით გახარებული შვილების ვიდეოს აქვეყნებდა...
ნიჭიერი მსახიობი, იუმორის მქონე, პოზიტიური ადამიანი და მზრუნველი მამა - ეს არის დახასიათება, რასაც ყველაზე ხშირად მისი მისამართით გაიგონებ.
ნიკას პარტნიორი "ჩემი ცოლის დაქალებში" პაატა გულიაშვილი იყო. ისინი სერიალში სკვითი ძმების როლს ასრულებდნენ.
პაატა გულიაშვილი: - როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წუხელ დალია და გამთენიისას, გულით გარდაიცვალა. არაფერი აწუხებდა. გულს არ უჩიოდა. ნაბახუსევზე გარდაიცვალა.
ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ყველგან ერთად, თეატრსა თუ გადაღებებზე...
ჩემი და ნიკას უკანასკნელი საუბარი საახალწლო მილოცვა იყო მესენჯერში მივწერეთ ერთმანეთს.
დარჩა ანგელოზივით მეუღლე და ორი პატარა, რომლებზეც გიჟდებოდა. შვილებზე გადაყოლილი მამა იყო.
მიმძიმს საუბარი. მადლობა...
ნიკას "პრაიმტაიმთან" იხსენებს ეკა მჟავანაძე, "ჩემი ცოლის დაქალების" ქასთინგ-მენეჯერი.
ეკა მჟავანაძე: - არ ვიცი, რა ვიფიქრო. ახალგაზრდა, 43 წლის კაცი ასე უცებ წავიდა... არასდროს გამიგია, რომ გულს უჩიოდა. ექიმთან ეგ არ წავიდოდა და არ გამოიკვლევდა, რა სჭირდა. ხომ იცით, ახალგაზრდების ამბავი. ალბათ, რამე მიზეზი ჰქონდა და სმამ ეს გამოიწვია.
არაჩვეულებრივი ბიჭი იყო. ნიჭიერი მსახიობი. ტიპაჟით ყოველთვის მომწონდა, უცნაური ფერის თმით. "რიჟას" ვეძახდით. ხმის განსხვავებული ტემბრი ჰქონდა. იუმორი - ზღვა. გამარჯობას რომ გეტყოდა, ისეთ ხუმრობებს მოაყოლებდა, სიცილით კვდებოდი.
ახლა მოკლემეტრაჟიან ფილმზე ვმუშაობ და მსახიობების სია მაქვს, სადაც ნიკაც მყავდა გათვალისწინებული. რეჟისორისთვის უნდა გამეცნო.
მახსოვს, ნიკა და პაატა გულიაშვილი ერთად ისხდნენ, რომ სკვითების როლი შევთავაზეთ და მაშინვე, ექსპრომტად გაათამაშეს როლი.
გიჟი მამა იყო, ერთი ციდა შვილებს ზრდიდა. თავს ევლებოდა თავის გოგოს და ბიჭს. ცალ ხელში ერთი ეჭირა, მეორეში - მეორე.
კოლეგას იხსენებს რუსთაველის თეატრის მსახიობი, მალხაზ ქვრივიშვილიც.
მალხაზ ქვრივიშვილი: - დღეს თვალი გავახილე თუ არა, ჩემმა ცოლმა ეს საშინელი ამბავი მითხრა. კინაღამ მეც გავყევი...
არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, ნიჭიერი. მახსოვს, მისი თეატრში მოსვლა.
იყო საოცარი მამა, კეთილშობილი ადამიანი. რა გითხრათ, ვწუხვარ და განვიცდი..
რა სამწუხარო რეალობა გვიდგას. რამდენი სიკვდილიანობაა. ეს ახალგაზრდები როგორ იღუპებიან. სულ პანაშვიდები და მწუხარებაა.