დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა - დაუჯერებელი ისტორიები, რომელთა შესახებაც მისი სულიერი შვილი ჰყვება

mama gabrieli

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ისტორიების დაჯერება, რომელთა შესახებ მისი სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე საჯაროდ, პირველად ჰყვება, გაგიჭირდებათ.

ჩვენი რესპონდენტი  21 წელია ბელგიაში ცხოვრობს. აქვს ქართული სკოლა და ლიტერატურული თეატრი.

სათნო, ლამაზი, ღვთისნიერი მანანა ბევრს ეიმედება. მისი იმედი და სასო კი - უფალია. ღმერთი კი მამა გაბრიელმა შეაყვარა...

მანანა ხორბალაძე: უწმინდესის კურთხევა მაქვს, სასულიერო პირებიც მთხოვენ, რომ მოვყვე ან დავწერო ჩემი ისტორია. ახლა მარჯვენა ხელზე ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ვეღარ ვხმარობ. ამიტომ მოყოლა უფრო გამიადვილდება...

მამა გაბრიელი მაშინ გავიცანი, ეკლესიური ცხოვრება ახალი დაწყებული რომ მქონდა. ბევრი ჩემი განსაცდელის შედეგად ქრისტეს გზას შევუდექი. შეუძლებელია დალხინებული ადამიანი უფალთან მივიდეს. ღმერთს ტკივილით და განსაცდელით პოულობ. მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის.

სიმსივნე მარჯვენა საკვერცხეზე მქონდა. ექვს თვეში მარცხენაზეც განვითარდა. მაშინ უფალმა გადამარჩინა. საოპერაციოში დავინახე მაცხოვარი... მერე კლინიკური სიკვდილი მქონდა.

ეკლესიური ცხოვრება ამის შემდეგ დავიწყე.

მამა გაბრიელთან მოძღვრის, მამა არჩილ მინდიაშვილის კურთხევით, მეგობარმა წამიყვანა.

სამთავროს მონასტერში რომ შევედით, მამა გაბრიელი კელიასთან დაგვხვდა. როგორც მასპინძელი ელოდება სტუმარს, ასეთი შემთხვევა იყო. დამლოცა, გულში ჩამიკრა და მითხრა: ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს. როგორ უყვარხარ, დაო, ღმერთსო. მე ეს სიტყვები გამიკვირდა, რადგან მანამდე მთელი ცხოვრება საშინელი ათეისტი ვიყავი. გულში გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე ვუყვარდე ღმერთს-მეთქი. დიახ, მამა გაბრიელი ამ სიტყვების შემდეგ ჩემს გულში შემოვიდა. მე მასში ამ დღიდან ცოცხალ წმინდანს ვხედავდი.

ვუამბე, როგორ გავხდი ეკლესიური. მითხრა, შენ უფალი დიდ გამოცდას მოგიწყობსო. გადაიჭდო ხელები და დაამატა, როგორ უყვარხარ უფალს, ჩემთან მინდა მანანაო, ამბობსო. მე ვერ ვხვდებოდი მისი ეს ნათქვამი რას ნიშნავდა. აღმოჩნდა, რომ მამა გაბრიელი ამით მინიშნებას მაძლევდა.

დავიწყე ამ მონასტერში სიარული და უკვე კვირაობით ვრჩებოდი დედებთან. შვილებს ჩემს ქმართან ვტოვებდი, მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებს და მე მონასტერში ვიყავი...

მამა გაბრიელი ამოუცნობი და დიდი იყო. კაცთანაგან ვერავინ ჩასწვდა მის სიღრმეებს. ყველასთვის მიუწვდომელი იყო. ის იმისთვის მოვიდა ამქვეყნად, რომ ქართველი ხალხისთვის ღმერთის და მოყვასის სიყვარული ესწავლებინა. მთლიანად სიყვარული იყო. უყურებდი, რომ შენს წინ ცოცხალი წმინდანი იმყოფებოდა, მაგრამ უცებ ისე დაიწყებდა სალოსობას, რომ გაოგნებული რჩებოდი. ამის გამო ბევრი განიკითხავდა. უამრავი მეგობარი მყავდა მასთან მიყვანილი, თან ყველას ვაფრთხილებდი, ცოცხალ წმინდანთან მიმყავხართ-მეთქი. მამა გაბრიელი ხომ ყველაფერს წინასწარ გრძნობდა, ჩვენს ფიქრებსაც. ამიტომ მასთან მისულების წინ ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ ისინი დაებრკოლებინა. ეს არის წმინდანიო, მერე გაოცებული მეკითხებოდნენ.

ამას იმიტომ აკეთებდა, რომ თავი დაემდაბლებინა. მე მისი მსგავსი სიმდაბლის ადამიანი არსად მინახავს. ასეთი სიმდაბლე მხოლოდ წმინდანების ხვედრია.

არ უნდოდა, რომ მასზე ეფიქრათ, რომ ის წმინდანია. ამიტომ სალოსობით ამ ეჭვს აქარწყლებდა. ცოდვილთა შორის ყველაზე ცოდვილი ვარ, მტვერი ვარ, არარაობა ვარო, სულ ამას ამბობდა...

განაგრძეთ კითხვა