"აბა, ძაღლებს ვინ ითვლის ომში? მიმათვალე მოკლულთა სიას..." - დიანა ამფიმიადი მორიგ ემოციურ ლექსს აქვეყნებს

naxati

პოეტი დიანა ანფიმიადი, რომლის უკრაინის ომზე დაწერილმა ლექსმა "აღდგომამ", საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება პოვა, ფეისბუქზე ახალ ლექსს აქვეყნებს. ბუნებრივია, თემა ისევ ომია. 

 

ჯერ ძაღლი? ჯერ პატრონი?

(კადრები ბუჩადან)

ჩემი ბაღის ჰიაცინტების ცისფერი კვალის სიგრძისაა

ჩვენ შორის სივრცე. ჯერ ვინ? მე თუ

ჯერ ჩემი ძაღლი? ალბათ ჯერ ძაღლი,

იყმუვლებს, იქნებ საკბენადაც გამოიწიოს,

ჩააჩუმე, რომ წყნარად მომკლა. ან იქნებ ჯერ მე?

აბა, ძაღლებს ვინ ითვლის ომში? მიმათვალე მოკლულთა სიას,

(იქნებ ერთ დღესაც გაგიზარდონ სამხედრო პენსია)

მოკლედ ჯერ ქალი, მერე ძაღლი, ასე ჯობია, ლეკვობიდან გულზე მეწვინა,

ჯერ მე მომკალი. იქნებ ჯერ ძაღლი?

მერე ქალი? ძაღლი შენც გყავდა?

არ გილოკავდა ხელებს, როცა წიხლებს ურტყამდი?

არ ვიცი, იქნებ ქალი მოკლა და მერე ძაღლი.

წარმოიდგინე, რა კადრია, ძაღლი ულოკავს პატრონს ჭრილობას,

მტაცებელია, სისხლი უყვარს (ამბობენ ასე)

სინამდვილეში, მე ვუყვარვარ (გპასუხობ მკვდარი).

კაი, ჰა, ჯანდაბას, ორი ტყვია, გაწიე - გამოწიე,

აღარც კივილი და არც ყეფა. მკვდარი აკორდი.

„დაუნდობელი ჯარისკაცი ვარ, კაცი ვარ“

მიდიხარ კმაყოფილი.