თქვენი შვილი ავარიაში მოყვა... - ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა

მობილური

ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა - "თქვენი შვილი ავარიაში მოყვა" - თუ ასეთი ტექსტით ტელეფონზე დაგირეკავენ, არ მოტყუვდეთ. ეს აფიორაა.

ხელწერა ყველა შემთხვევაში ერთია - რუსულენოვანი ქალი სახლის ტელეფონზე რეკავს, მოპასუხეს კი ატყუებს, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში გადაყვანისა და ოპერაციისთვის კი ფულს ითხოვს. კომუნიკაცია ქაოსურია - თაღლითი ხან ტირის, ხან აგრესიულია და ამბებს მსხვერპლის რეაქციების შესაბამისად იგონებს.

მსგავსმა ზარებმა უკვე არაერთი ადამიანი შეაშინა. ამ პრობლემაზე აქტიურად წერენ სოციალურ ქსელშიც, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ზარები მოქალაქეებთან, სახლის ტელეფონზე, მთელი ზაფხულის განმავლობაში ხორციელდებოდა. მიზანი იყო ფულის გამოძალვა თუ უბრალოდ ბოროტი ხუმრობა, შედეგად, ათობით ადამიანი შეშინდა. ამ სატელეფონო მახეს დაზარალებული, რომელმაც ზარის ავტორს თანხა ჩაურიცხა, არ ჰყავს, მაგრამ ფსიქოლოგიური სტრესი ნამდვილად ბევრისთვის იყო. იდეის ავტორები, მეტი დამაჯერებლობისთვის, ობიექტსაც შესაბამისი მახასიათებლებით ირჩევენ.

ზოგს არაერთხელ, რამდენჯერმე დაურეკეს - ერთი და იგივე ხმით და ტექსტით, ზოგის მოტყუებაც მარტივი არ აღმოჩნდა.

ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეებს არარეალური შემთხვევა დააჯერეს კიდეც და საავადმყოფომდეც მიიყვანეს. კლინიკაში თანამშრომლებს სცენარი ეცნოთ.

მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სქემის გასაშიფრად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს. სქემაში მონაწილეებსა და იდეის ავტორს სოლიდური ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.