1734813647
საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთისთვის, 5 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე - 1984 წელს დაბადებული ი.ა., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1987 წელს დაბადებული ა.გ., 1988 წელს დაბადებული მ.ი. და 1980 წელს დაბადებული ჰ.ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.