„საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის...“ - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ახალ დეტალებს დაჭრილი ზამი როგავა „პრაიმტაიმთან“ ჰყვება

დაჭრა ზუგდიდში

სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ალერტკარში მეზობელი მამა-შვილი როგავების დაჭრაში ეჭვმიტანილ 41 წლის ვალტერ როგავას.

ვალტერ როგავამ, 14 ოქტომბერს დაახლოებით 14 საათზე,74 წლის შადიმან როგავა იჟ- 57- ორლულიანი სანადირო თოფით, ხოლო მისი ქალიშვილი 41 წლის მარტოხელა დედა ზამი როგავა დანით დაჭრა.

დაჭრილი ახალგაზრდა ქალი „პრაიმტაიმთან“ დეტალურად ჰყვება, თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი მეზობლებს შორის და რა გარემოებები უძღოდა ამ ყოველივეს.

„ოჯახში უფროსი შვილი მე ვარ. მყავს კიდევ ორი და. ვინც მე და მამა დაგვჭრა, ჩემი მეზობელი და კლასელია. წლების წინ, სტუდენტობის დროს კონფლიქტი გვქონდა მის ძმასთან თემურ როგავასთან. ამჟამად ვალტერის ძმა თემურ როგავა ციხეშია.

თემურ და ვალტერ როგავამ გასული წლის აგვისტოში ჯგუფურად დაჭრეს ჩემი დის ქმარი, ჩემი სიძე.

ვალტერ როგავამ 4 წელი მოიხადა სასჯელი და 1 წელი პირობითი. ამ ყოველივეს კი დაემატა გუშინდელი დაჭრის ფაქტი. ვალტერს თავისი ძმა რომ დაეხსნა, ხალხს გვიგზავნიდა. საპროცესო გარიგებას ითხოვდა ძმისთვის, ვინ არ მოგვიგზავნა... სწორედ ამას მოჰყვა გუშინდელი კონფლიქტი.

მამა დღეს გონზე მოვიდა, ორივე რუხის კლინიკაში ვართ... არ გვაკლია ყურადღება. მე დაჭრილი ვარ კისრის უკანა მხარეს ხერხემალთან, მუცელზე დანით, ხოლო ფეხზე იარაღით",- გვეუბნება ზამი როგავა.

შსს- ს მიერ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

✕