სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

თაღლითი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის
თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად „Apple“- ის პროდუქციას შეიძენდა და ტექნიკის საქართველოში რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და დაზარალებულის კუთვნილ თანხას თაღლითურად დაეუფლა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვა დაზარალებულს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მოტყუებით გამოართვა 19 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, თუმცა თანხა არ გადაუხადა.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით ბრალდებული დაზარალებულების კუთვნილ, დიდი ოდენობით - 467 000 ლარს დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე
ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითმიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.