სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები გრძელდება - დღეს რამდენიმე საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

სასამართლო

ცისანა მინდიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლო მას შემდეგ დატოვა, რაც მოსამართლემ თამარ ქორიძის შეურაცხყოფისთვის 1 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ქორიძემ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტს თავად მიმართა, რის შემდეგაც უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო.

1 500 ლარით დაჯარიმდა როსტომ ჟორდანიაც. მან საჯარო სივრცეში, კერძოდ სოციალურ ქსელში, ექსპერტ დავით ზარდიაშვილს უხამსი და ღირსების შემლახველი კომენტარი დაუწერა.

მოსამართლის ვერდიქტი ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოისმინა ავგი ბალაბანოვამ. მოქალაქემ სოციალურ ქსელში პოლიტიკოს თამარ ჩერგოლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. სალანძღავი სიტყვებისა და სიძულვილის შემცველი ტექსტის გამოქვეყნების გამო, მას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

დღეს რამდენიმე სხვა სასამართლო პროცესიც იყო ჩანიშნული, თუმცა ისინი გადაიდო. მათ შორისაა გიორგი ზავრაშვილის საქმე, რომელსაც სანდრო შარაშენიძის შეურაცხყოფას ედავებიან, ასევე დავით ნაგლიაშვილის საქმე, რომელსაც პოლიტიკოს ანა წითლიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ბადრი შუბლაძის მიერ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეურაცხყოფის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 22 ივლისს გამოაცხადებს. სასამართლო ასევე იმსჯელებს ელისო ბრეგვაძის საქმეზე, რომელსაც რუსუდან შარაძის მისამართით სალანძღავი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ედავებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი შესაძლო სამართალდარღვევების გამოვლენასა და შესწავლას აქტიურად განაგრძობს. უწყების განცხადებით, მიზანი უცვლელია: ქვეყანაში ჯანსაღი დებატების ხელშეწყობა და სიძულვილის ენის შემცირება.

მუშაობის დაწყებიდან 50 დღეში დეპარტამენტმა უკვე ასობით სავარაუდო სამართალდარღვევა გამოავლინა.