როგორია ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა

სასწრაფო

თბილისის ცენტრში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ლაღიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, თუმცა პოლიცია კვლავ მობილიზებულია მიმდებარე თაბუკაშვილის ქუჩაზე, სადაც დგას ავტომობილი, რომელიც სავარაუდოდ აფეთქების შედეგად დაზიანდა

ამ დროისთვის, პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. კონკრეტულად ვინ იკითხება საგამოძიებო უწყებაში და რამდენი პირია პოლიციაში გამოკითხვაზე გადაყვანილი, ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები. მათი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ისმის კამათის ხმა, ამიტომ უჭირთ თქმა, უძღოდა თუ არა აფეთქებას წინ რაიმე დაპირისპირება.

დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 პირი. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. ექიმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"რუსთავი2-ის" ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთი პირის მდგომარეობა, რომელიც არსებული ინფორმაციით, რიგითი გამვლელი იყო და ინციდენტისას შემთხვევით დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 19-109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) დაიწყო.