1728499899
ორი ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“, გია თბილისსკი და თენგულაშ სუხუმსკი ერთ დღეს გარდაიცვალა
როგორც საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმი“ წერს, ორი ქართველი კანონიერი ქურდი ერთ დღეს გარდაიცვალა. მათ შორის ასაკობრივად ზუსტად 20-წლიანი სხვაობა იყო.
თურქეთში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გია გიორგაძე, კრიმინალურ წრეებში ცნობილი, როგორც გია „თბილისსკი“, რომლის ქურდული დინასტია 2019 წელს, უმცროსი ვაჟის, ჯემოს სიკვდილით დასრულდა. გია 1961 წელს იყო დაბადებული და 61 წელი იცხოვრა.
თენგიზ ლაკერბაიაც გუშინ, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. თენგულაშ „სუხუმსკი“, როგორც მას კრიმინალურ წრეებში ეძახდნენ, 41 წლის იყო.
თენგიზ ლაკერბაია 10 წლის წინ, ჯანგველაძეების სოხუმის კლანის მიერ „მოინათლა“, მთელი ამ ხნის განმავლობაში თითქმის ერთპიროვნულად ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ეროვნულ „ქურდულ თავადაზნაურობას“, რომელიც არ ცნობდა მის ავტორიტეტს. გუდაუთელი ქურდების, ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას ორმაგი მკვლელობის საქმეზე გამოძიებამ ლაკერბაია მთავარ ეჭვმიტანილად მიიჩნია.
აფხაზეთში მისი მკვლელობაც სცადეს, რის შემდეგაც დაწვეს ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ.
კრიმინალური ავტორიტეტის, თენგიზ ლაკერბაიას ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობა სოხუმში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაკერბაიას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ, რომელსაც მოგვიანებით ცეცხლი წაუკიდეს.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე მას ციხეში ადუღებული ზეთი შეასხეს. თავდასხმის უკან კანონიერი ქურდის, რაულ ბარცბას დაჯგუფებას მოიაზრებენ.
რაც შეეხება გია თბილისსკის, ის 2014 წელს ის რუსეთმა ქვეყნიდან გამოაძევა და 2019 წლამდე თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.
ის „კანონიერ ქურდად“ ჯერ კიდევ 1981 წელს, 19 წლისა აკურთხეს. 2014 წელს მის მიერ „კანონიერ ქურდად“ ხელდასხმულ იქნა დავით გერლიანი (დათო სვანი).
2017 წელს გია გიორგაძე სარფის საზღვარზე დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა. მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები სასამართლოს ეზოშივე დახვდნენ და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
ბოლო პერიოდში გიორგაძე თურქეთში ცხოვრობდა. მანამდე წლების განმავლობაში რუსეთს აფარებდა თავს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილების შავ ბიზნესს აკონტროლებდა. 2014 წელს მოსკოვში სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს. გიორგაძე გატაცებული ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. „კანონიერი ქურდის“ დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც პოლიციამ მის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. რუსეთის კრიმინალურ წრეებში გიორგი გიორგაძეს როვშან ჯანიევის კლანის წევრად განიხილავდნენ.