გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მკვლელობა ჭიათურაში - გამოძიების მტკიცებით, ორი შვილის მამა, ვლადიმერ ცერცვაძემ სიცოცხლეს ჯერ სანადირო თოფით გამოასალმა, შემდეგ კი მოკლული მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადასვა, ავტომობილი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წაიყვანა, ხევში გადააგდო და მანქანას ცეცხლი წაუკიდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირებას შეეცადა, თუმცა ეჭვი, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება, მალევე გაქარწყლდა, რადგან დამწვარი მანქანიდან ამოყვანილ ცხედარს სხეულზე იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩნდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და პოლიცია სავარაუდო დამნაშავის კვალზეც გავიდა.
მოკლული ბესო აბდულაევის ოჯახი ეჭვობს, რომ დანაშაულში შესაძლოა სხვა პირიც მონაწილეობდა. მოკლულის ახლობლები ჰყვებიან, რომ სავარაუდო მკვლელმა ორი მცირეწლოვანი შვილის მამა სიცოცხლეს სულ რაღაც 300 ლარის გამო გამოასალმა. აბდულაევმა ვლადიმერ ცერცვაძეს თანხა ფერმის ასაშენებლად გადასცა, თუმცა მას შემდეგ, რაც სამუშაოები მიატოვა, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. კონფლიქტიც სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.
ის, რომ დანაშაულის მოტივი სავარაუდოდ 300 ლარი გახდა, ამას ბრალდებულის ოჯახშიც არ უარყოფენ. ვლადიმერ ცერცვაძის ძმა "კურიერს" უყვება, რომ ბესო აბდულაევი მის ძმასთან ერთად საერთო საქმის წამოწყებას გეგმავდა.
ვლადიმერ ცერცვაძეს ბრალი უკვე წარედგინა და სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ თავს იცავდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.