დამატებითი დეტალები 25 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე

პოლიცია

რამდენიმე წლის წინ, თბილისში, ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე პროექტ "ფემიციდს"მოკლულის ბებია და ბიცოლა ესაუბრა. 

როგორც ისინი ამბობენ, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე, მოკლულის დედას ყოფილი ქმარი ემუქრებოდა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, შვილს მოუკლავდნენ... 

მკვლელმა მუქარა აასრულა... 

“ერთხელ ისე გაამწარა ჩემი შვილი, კიდევ კარგი, მაშინ მიასწრეს და სიკვდილს გადარჩა. მერე გამოვიდა ციხიდან და რა გააკეთა? ბავშვებს დედა მოუკლა. ”- ამბობს ბებია.

“დაურეკა ყოფილ ცოლს, შერიგება თხოვა და უარის შემდეგ შვილების დახოცვით დაემუქრა. მათი დაშორების მიზეზი ფიზიკური ძალადობა იყო. სანამ ამ გოგოს მოკლავდა, მანამდე ყოფილი ცოლის დახრჩობის მცდელობაც ჰქონდა და  სასწაულებრივად გადარჩა მაშინ, მაგრამ ვეღარ გადარჩა ჩემი მაზლის შვილი...”- იხსენებს ოჯახის ნათესავი. 

მკვლელი დაცვის პოლიციაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ის ორჯერ არის ნასამართლევი.  სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით სისხლიანი ტანსაცმელი ამოიღეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელი, სავარაუდოდ, ბინაში მივიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით დაიწყო.

ის მომხდარიდან 24 საათის შემდეგ, თელეთში დააკავეს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი - დანა.

დაკავებულს ბრალი 15 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს: მე-11-ე პრიმა მუხლი, რითაც პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის დაეკისრა და  109-ე მუხლით, რაც  დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

15 აპრილს სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი, 1968 წელს დაბადებული თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.