„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ფარში მცხოვრები მამაკაცის ცხედარი სახლთან ახლოს იპოვეს. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და შუბლის არეში 2 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. მამაკაცი თ. დ-ია. მამაკაცის ცხედარი ქუთაისის სამხარაულის ბიუროში გუშინ გადაასვენეს.
პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მოკლულის ნათესავია. წყაროს ინფორმაციით, სოფელში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
„მათ ადრე ჰქონდათ კონფლიქტი, მაგრამ დიდი ხნის წინ და ეს უკვე მივიწყებული იყო. ოჯახებით გვერდიგვერდ ცხოვრობენ. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ გალობას ასწავლიდა სკოლებშიც. ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.",-ამბობს წყარო.
მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1976 წელს დაბადებული კ.დ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, მესტიის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი - 1963 წელს დაბადებული თ.დ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად თ.დ. ადგილზე გარდაიცვალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.“ - წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.