„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ერთი კვირის წინ, მარნეულში მოკლული მამაკაცის ოჯახი შეკვეთილ მკვლელობაზე ალაპარაკდა.
როდილ ეფენდიემის შვილი დარწმუნებულია, რომ მამა ფულისა და უძრავი ქონების გამო გაიმეტეს. ამის თქმის საფუძველს, ქალს, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებული საეჭვო ზარები აძლევს. ლიმა ეფენდიემი იხსენებს, რომ მოკლულს მისთვის უცნობი მამაკაცი, სახელად რომა ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ 100 000 დოლარი ქეშად თურქეთში უნდა ჩაეტანა, საკუთარი სახლის გასაღები კი კონკრეტული პირებისთვის უნდა გადაეცა.
პირი, რომელიც თანხას ითხოვდა, ოჯახის წევრების თქმით, კრიმინალური „ავტორიტეტია“, რადგან სწორედ ამ სტატუსით გაეცნო მოკლულს, როდესაც დაურეკა. ოჯახი დარწმუნებულია, რომ 60 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული ბიძაშვილი დამნაშავეა, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ მან დანაშაული ზეწოლის და მუქარის შედეგად ჩაიდინა. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელმა სხვისი დავალება შეასრულა.
მკვლელობიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე ოჯახი სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ოჯახის ინტერესების დამცველის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, დამატებით მტკიცებულებებს აგროვებს.
„კურიერი“ დაკავებული იუსუბოვის ოჯახშიც იმყოფებოდა, სადაც შეკვეთილი მკვლელობის ირგვლივ გავრცელებულ ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.
60 წლის მამაკაცი სახლთან ახლოს მოკლეს. 14 ივლისს ის ცეცხლსასროლი დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა მოკლულის ახლო ნათესავი, 65 წლის აფთანდილ იუსუბოვი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
პირველი ვერსიით, ბიძაშვილებს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ დავას მოჰყვა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიება მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს, მათ შორის ჩვენებებს აძლევენ მოკლულის ახლობლები.