დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
უმრავლეს შემთხვევებში, ფემიციდი ოჯახებში ხდება, მკვლელობათა რიცხვი კი წლიდან წლამდე იზრდება. ერთ–ერთი მოკლულია 28 წლის ნინო კილასონია, რომელიც ყოფილმა ქმარმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითონაც თვითმკვლელობით დაასრულა.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი femicide აქვეყნებს.
მკვლელობა 2016 წლის 27 იანვრის ღამეს, თბილისის გარეუბანში, ვარკეთილში მოხდა. მსხვერპლი ქალი 16 წლის იყო, როცა მომავალმა მეუღლემ მოიტაცა და მასზე იძულებით იქორწინა. ისინი 11 წლის განმავლობაში იყვნენ ცოლ–ქმარი. მსხვერპლს მეუღლე ხშირად სცემდა და აშინებდა.
მსხვერპლის დის გადმოცემით, ქალს მაინც ოჯახის შენარჩუნება სურდა, მიზეზად კი თავის ორ შვილს ასახელებდა:
„ზოგჯერ მისი მეუღლე ჩადენილ საქციელს ნანობდა და ნინოს პატიებას სთხოვდა. მას არასდროს უმუშავია, მთელ ოჯახს ჩემი და არჩენდა“.
მსხვერპლი: ნინო კილასონია
რამდენიმე ხნის წინ ცოლ–ქმარი დაშორდა, კილასონიამ სოფელ ქვიანსაც დააღწია თავი და ორ შვილთან ერთად თბილისში, დასთან ჩამოვიდა. ახალი ცხოვრების დაწყება სურდა და სამსახურს ეძებდა. დაიწყო კიდეც მუშაობა ერთ–ერთ საამქროში, სადაც ხატებს ამზადებდნენ, მაგრამ მალე მისი სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა.
მეზობლების გადმოცემით, მკვლელობა დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. მათი თქმით, იარაღის გასროლის ხმაზე და კივილზე ყველანი გარეთ გამოცვივდნენ. მსხვერპლი სახლიდან დაახლოებით, 50 მეტრში ეგდო.
ბავშვებიც იქვე იყვნენ, უცქერდნენ, როგორ იცლებოდა დედა სისხლისგან.
გარდაცვლილის დის გადმოცემით, დოლიძე ყოფილ მეუღლეს ხშირად ემუქრებოდა, ამის შესახებ დებმა პოლიციასაც განუცხადეს: „პოლიცია ჩავაყენეთ საქმის კურსში, რის შემდეგაც, ჩემი დის მეუღლეს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ ცოლს და შვილებს ახლოს არ გაეკარებოდა, არც დაურეკავდა“.
ამ ყველაფერს, გარდაცვლილის დის მიხედვით, შედეგი არ მოჰყოლია:
„ნორმალურ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა, ასეთ ადამიანს აუცილებლად განარიდებდნენ საზოგადოებას“, – ამბობს ის.
ბაია პატარაია, იურისტი, რომელიც ქალთა საკითხებს იკვლევს, ამბობს, რომ ასეთი კრიმინალის შესაჩერებლად არც ერთ შემთხვევაში არ იყენებენ დამატებით ძალას. მისი თქმით, სამართალდამცველა რეაქცია არაეფექტურია ხოლმე, კანონი კი მსხვერპლს სათანადო გარანტიებით არ იცავს, შესაბამისად, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.
პატარაია დასძენს, რომ უმეტეს შემთხვევაში პოლიციამ არ იცის, რა მოიმოქმედოს და არც კონსულტაციას გადის კომპეტენტურ ადამიანებთან. პატარაია აპირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სპეციალური დანაყოფის შექმნა მოითხოვოს კონკრეტული მიმართულებით – გენდერული ნიშნით ჩადენილი კრიმინალის გამოსაკვლევად.
2016 წელს ქალმა პარლამენტარებმა, თამარ კორძაიამ და თამარ ხიდაშელმა სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდისა და სექსუალური ჩაგვრის შესახებ მუხლების დამატება სცადეს. მათი ინიციატივა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანეს.
განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მოქალაქეები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. კორძაიას განმარტებით ეს არ იყო მხოლოდ კაცების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი, ის უბრალოდ ითვალისწინებდა დისკრიმინაციულ და უთანასწორო გარემოებებს ქალების მიმართ, რაც მსგავს ტრაგედიებში იჩენს ხოლმე თავს.
ხმაურიანი და მწვავე განხილვის მიუხედავად, საინფორმაციო ვებგვერდის liberali.ge–ს მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივას მხარი მხოლოდ სამმა დეპუტატმა დაუჭირა.
“მეუღლემ ხელი მოაწერა განცხადებას იმის შესახებ, რომ ცოლს და შვილებს ახლოს აღარ გაეკარებოდა“.