ბათუმში 17 წლის გოგოს მკვლელი ირანში განმეორებითი მკვლელობისთვის დააკავეს - გახმაურებული საქმის სკანდალური დეტალები

  policia

2015 წლის 21 იანვარს, ირანში 8 წლის ბავშვი მოკლა, მანამდე, ბათუმში 17 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულად იქნა ცნობილი. ის მოჰამად ამინ რუინთანია, რომელიც ირანში, გომიშანის ოლქში სწორედ 8 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დააკავეს... 

ამ ინფორმაციას პროექტი ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი ავრცელებს: 

მარიამ კოჩალიძის ცხედარი პოლიციამ და ახლობლებმა მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბულვარის მიტოვებულ ნაწილში იპოვეს. სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, გოგონას ყელი ბასრი საგნით ჰქონდა გამოჭრილი და ზურგზე დიდი ლოდი ედო. ადგილზე არ აღმოჩნდა მისი ველოსიპედი, სამკაული და მობილური ტელეფონი. 

"მარიამი იმ ადგილებში ველოსიპედით თითქმის ყოველ საღამოს სეირნობდა. დღიურიც ჰქონდა, სადაც ახალი ნაცნობების შესახებ ინტერვიუებს და შთაბეჭდილებებს იწერდა," - ამბობს კოჩალიძის ნათლია, ნატალია კვინტრაძე. 

სანაპიროს ის ნაწილი, სადაც კოჩალიძე იპოვეს, დაუსახლებელი იყო.

"იქ  თავს უსახლკაროები იყრიდნენ და მათ მარიამიც კარგად იცნობდა, მათთვის საჭმელიც ბევრჯერ მიუტანია. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელსაც იცნობდა, მაგრამ მის დღიურში ამის შესახებ არაფერი წერია,“ – აცხადებს კვინტრაძე.

გოჩა მსხილაძე, კინოლოგი, რომელიც ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც ცხედარი აღმოაჩინა, აცხადებს:

"იმ საღამოს ის უცხოელი დავინახე, ვკითხე, საიდან გაქვს–მეთქი ეს ველოსიპედი, ვიქირავეო, მიპასუხა. მარიამის გვამი რომ ვიპოვეთ, პირველი, რაც თავში მომივიდა, ის იყო, რომ მაგის ჩადენილი იქნებოდა ეს არაადამიანური დანაშაული."

მოკლული მარიამ კოჩალაძე 

პოლიციის განცხადებით, კოჩალიძის მკვლელობის შემდეგ, რუინთანმა მსხვერპლს ზურგზე დიდი ლოდი დაადო და მისივე ველოსიპედით დატოვა მკვლელობის ადგილი. მალე მან ტაქსი გააჩერა და 12 კილომეტრით დაშორებული სარფის საბაჟო პუნქტისკენ გაემგზავრა, საქართველო – თურქეთის საზღვარზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2013 წელს საზღვარზე 80 ეჭვმიტანილი დააკავეს, მაგრამ რუინთანი მათ შორის არ აღმოჩნდა. 

მოჰამად რუინთანი საზღვარზე

მან მშვიდობიანად დატოვა სარფის საბაჟო და უკან მხოლოდ ვიდეო ჩანაწერი მოიტოვა, რომელიც გამომძიებლებს საქმის წარმართვაში უნდა დახმარებოდა. რუინთანი თურქეთში 19:22 წთ–ზე გადავიდა.

მოგვიანებით, ტაქსიში დატოვებულ სისხლის კვალში, კოჩალიძის დნმ აღმოაჩინეს. გამოძიებამ რუინთანი მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

2013 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნულმა ბიურომ რუინთანის „წითელი ცირკულარით“ ძებნა გამოაცხადა, რაც მისი ადგილსამყოფელის დადგენასა და დაპატიმრებას ითვალისწინებდა. პროცესი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. თუმცა ინტერპოლის მონაცემებში რუინთანის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ცნობები არ მოიპოვებოდა, მისი დაკავების შესახებ სწორედ ირანის ინტერპოლმა გაავრცელა.

2015 წლის 21 იანვარს საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსმა, გიორგი მეზვრიშვილმა, სპეციალური განცხადებით დაადასტურა ინფორმაცია რუინთანის დაპატიმრების შესახებ. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ჰამშაჰრის“ ცნობით, რუინთანი 8 წლის ბავშვის მკვლელობის გამო დააკავეს. ირანის პოლიციის განცხადების საფუძველზე ირკვევა, რომ დამნაშავის მოტივი ორივე მკვლელობის შემთხვევაში იყო შურისძიება ყოფილი ქართველი მეგობარი გოგონას გამო, რომელმაც ის მიატოვა. მისივე თქმით, მხვერპლის სისხლის ყურება მას შვებას ჰგვირდა. 

2015 წლის 21 იანვარს, 8 წლის ბავშვის მკვლელობის შემდეგ, ირანში, გომიშანის ოლქში მოჰამად ამინ რუინთანი დააკავეს.

მკვლელი მოჰამად ამინ რუინთანი

რუინთანის დაკავების შემდეგ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"რადგან რუინთანი ბავშვის მკვლელობაზეა დაკავებული, ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქაურ განაჩენს დაველოდოთ, რათა შემდგომ გადაწყდეს ეს ადამიანი ორივე დანაშაულისთვის ირანში მოიხდის სასჯელს თუ საქართველოში,“ – განაცხადა წულუკიანმა. 

განაჩენის ირანში გამოტანის შემთხვევაში, რუინთანი, შესაძლოა, სიკვდილით დაისაჯოს. თუმცა, ირანული კანონის თანახმად, მას ასევე აქვს შესაძლებლობა სასჯელისგან განთავისუფლდეს. ირანში, მკვლელობა ისჯება „ქესასის“ ქვეთავის 204–268 მუხლებით. ირანის საკანონმდებლო სისტემა მკვლელობას განიხილავს, როგორც ორ კერძო მხარეს შორის მომხდარ ფაქტს და ამიტომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას არ იღებს საკუთარ თავზე.

თეორიულად, მსხვერპლის ნათესავები ან ე.წ. „სისხლის მემკვიდრეები“ წყვეტენ დამნაშავის ბედს.

მოჰამად ამინ რუინთანი განაჩენის მოლოდინში 

ირანის საელჩოში აცხადებენ, რომ რუინთანთან დაკავშირებით, მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ადასტურებენ, რომ განაჩენის აღსრულებას, შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.

ირანის ადამიანთა უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დამფუძნებლის, მაჰმუდ–ამირი მოგჰადდამის თქმით,

"პროცესმა შეიძლება რამდენიმე დღიდან ათწლეულებამდე გასტანოს. ყველაზე მცირე პერიოდი, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, 40 დღე იყო, ყველაზე ხანგრძლივი კი – 20 წელიწადი. ეს ყველაფერი ორ ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი, თუკი მსხვერპლის ოჯახი დაჟინებით ითხოვს განაჩენის აღსრულებას და მეორე, თუკი ხელისუფლებას საკუთარი სიმკაცრისა და სისწრაფის დემონსტრირება სურს".

მოგჰადდამის ცნობით, არც ერთ ფაქტორს არ ჰქონია ადგილი რუინთანის შემთხვევაში და ის ჯერ კიდევ ციხეშია, საკუთარი განაჩენის მოლოდინში.