1732386875
VIDEO: ,,ერთი შეხედვით, საკეისრო კვეთა ადვილია, მაგრამ ეს ასე არ არის..." - რას გირჩევთ მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე
მეან-გინეკოლოგმა ზაზა სინაურიძემ საქართველოში საკეისრო კვეთის მაღალი მოთხოვნის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაციის ნაკლებობის გამო ხდება. მისი განმარტებით, საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში.
„ცალსახად არის აღსაქმელი ერთი რამ - ორსულობა და ფიზიოლოგიური მშობიარობა არ არის არც დაავადება და არც ავადობა. შესაბამისად, ყველაფერი ის, რაც ორსულობასთან არის დაკავშირებული, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული.
მშობიარეების 95%-ს საერთოდ არაფერი სჭირდებათ, მაგრამ იმ 5-ს, შეიძლება დიდი დახმარება დასჭირდეთ. საკეისროს მაღალი მოთხოვნა არის ჩვენი, ექიმების ბრალი. შესაბამის ინფორმაციას არ ვაწვდით პაციენტს. ერთი შეხედვით საკეისრო კვეთა ადვილია, მაგრამ ეს ასე არ არის. 15-20 წუთი გვჭირდება დასამთავრებლად. ჩვენ ორ საათში ვაყენებთ ქალს ფეხზე საკეისროს შემდეგ. საკეისრო კვეთა არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც რჩება ქალის ორგანიზმში.
საკეისრო კვეთა არის ჩარევა, იხსნება მუცლის ღრუ, იხსნება საშვილოსნოს ღრუ. რაც მთავარია, საშვილოსნოზე ჩნდება ის ნაწიბური, რომელიც ძალიან სახიფათოა შემდგომი ორსულობისთვის. ჩვენთან საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 38% გვაქვს ნაკეისრალების მშობიარობა. საშვილოსნო არის კუნთი. როდესაც კუნთი იზრდება, შემაერთებელი ქსოვილი ვერ მიჰყვება. ამიტომ ხდება ისეთი არასასიამოვნო შემთხვევები, როდესაც ხდება გახევა და მას მოჰყვება ძალიან ცუდი მდგომარეობები, როგორც ქალისთვის, ასევე ბავშვისთვის.
XXI საუკუნეში გამოიცა ახალი მიმართულება, რომელსაც შეარქვეს „მეანების ბიბლია.“ იქ არის ათი მცნება. პირველი მცნება არის მშობიარობის პროცესის დემედიკალიზაცია. მათ შორის არის ზედმეტი ჩარევა ეპიდურის თვალსაზრისით. დაზიანების გამო, რომ წელს ქვევით მოწყდე, ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. მნიშვნელოვანია, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება. საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა: „მოდი, გამიყუჩე რა.“ არის ვითარება, როდესაც ჩვენ თვითონ ვეუბნებით, რომ ამ შემთხვევაში ეპიდულარული გაყუჩება უკეთესია, ვინაიდან გასავლელი დიდი გზა აქვს, ბევრი ტკივილი ელოდება წინ. ტკივილი მნიშვნელოვნად მოქმედებს ნაყოფზეც. თეთრი ჰიპოქსიები ზუსტად ამით არის გამოწვეული. ნაყოფსაც აქვს ტკივილის შეგრძნების უნარი,“ - განაცხადა სინაურიძემ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“.