თუ კი ბავშვს გულის თანდაყოლილი მანკი აქვს - „პრაიმტაიმის“ კითხვებს ექიმი თენგიზ შირიაევი პასუხობს

gulis manki

სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა და მოზრდილთა გულის ქირურგია ისე კარგად არის საქართველოში განვითარებული, როგორც ნებისმიერ, მსოფლიოს სხვა წერტილში. უფრო მეტიც, ბევრად უკეთ გვაქვს საქმე ამ კუთხით, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინ ფრაზა: გულის თანდაყოლილი მანკი აქვს ბავშვს, ერთგვარი განაჩენი იყო და არ იძლეოდა ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას. რა შეიცვალა და რა რეალობა გვაქვს ამ კუთხით საქართველოში? „პრაიმტაიმის“ კითხვებს, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გულის თანდაყოლილი მანკების ქირურგიის სამსახურის უფროსი, ბავშვთა კარდიოქირურგი თენგიზ შირიაევი პასუხობს.

როგორც ექიმი ამბობს, უკვე შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს, რომელ მანკს როგორ და რა ვადაზე უმკურნალონ. წინასწარ იციან 20-25 წლის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ განვითარდება და რა სტატუსი ექნება. ამ ყველაფერს კი თენგიზ შირიაევი, ამ საუკუნის ყველაზე დიდ სამედიცინო მონაპოვარად მიიჩნევს.

„უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენა რომ გვქონდეს, გულის თანდაყოლილ მანკს ახასიათებს გულის განვითარების ანომალიები, ანუ გული ანატომიურად არასწორად ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, ეს შეიძლება იყოს გულის სტრუქტურების ანომალიური ჩამოყალიბება, ძგიდეების, სარქვლების და გულთან ახლოს მდებარე სისხლძარღვების. გულის თანდაყოლილი მანკი ეს არის ყველაზე ხშირი ანომალია თანდაყოლილ ანომალიებს შორის.

რა თქმა უნდა, ეს ფრაზა ყოველთვის შიშის მომგვრელი იყო მშობლისთვის თუ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა ძალიან ცუდ პერსპექტივას მათი შვილისთვის, თუმცა ბოლო 50 წელიწადია, რაც ვითარება გაუმჯობესდა. ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა ამ მხრივ მსოფლიოში. ტექნოლოგიები განვითარდა არანორმალური სისწრაფით და დღესდღეობით ძალიან მარტივად შეგვიძლია ვუმკურნალოთ და გულის თანდაყოლილი მანკის მქონე ბავშვები გადავიდნენ ჯანმრთელ კატეგორიაში მთელი ცხოვრების განმავლობაში.

არსებობს გულის თანდაყოლილი მანკები, რომელსაც ჩვენ ძალიან მარტივად, ერთი ან ორი ოპერაციით მოვარჩენთ და ბავშვებს უკვე პროფესიული სპორტის შეზღუდვაც კი აღარ აქვთ ხოლმე, თუმცა არსებობს მცირე ნაწილი მანკებისა, როდესაც პაციენტს ესაჭიროება რამდენიმე ოპერაცია და ასეთ დროს, მშობლებს მოვუწოდებთ, ხოლმე რომ ბავშვები, ტრავმული თუ მაღალი ფიზიკური დატვირთვის სპორტით არ დაკავდნენ, თუმცა თანატოლებთან ერთად ხტუნვა - თამაში რა თქმა უნდა, არ ეკრძალებათ. ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი მიღწევა მედიცინაში.

ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა ეს ყოველივე, თუმცა დიდწილად, ეს არის პიონერების და დიდი მეცნიერების თავიდან დაგროვებული ცოდნისა თუ გამოცდილების შედეგი. ცოდნა გადავიდა გამოცდილებაში, და დღესდღეობით, ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომელ მანკს როგორ და რა ვადაზე ვუმკურნალოთ და რა შედეგს უნდა ველოდოთ, წინასწარ ვიცით 20-25 წლის შემდეგ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იქნება და რა სტატუსი ექნება.
 
- თუკი ბავშვს აქვს გულის თანდაყოლილი მანკი, უწევს თუ არა სამედიცინო დაწესებულება პაციენტს სამედიცინო მეურვეობას 20-25 წლის მანძილზე?

- განვმეორდები, ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, თუ რა ტიპის გულის თანდაყოლილი მანკი აქვს პაციენტს. ჩვენთვის საზოგადოებისთვის, გულის თანდაყოლილი მანკი არის ფრაზა, რომელიც ყველაფერს მოიცავს, თუმცა გულის თანდაყოლილი მანკი მოიცავს სხვადასხვა ვარიაცებს - ძალიან მარტივიდან კატასტროფულად რთულ სიტუაციამდეც კი. ჩვენი ძირითადი საქმიანობიდან, უმეტესობა არის შემთხვევები, როდესაც ერთ ოპერაციას გავაკეთებთ და ბავშვი მთელი ცხოვრება არის ჯანმრთელი. ასევე არსებობს მანკები, როდესაც აუცილებელია, წელიწადში ერთხელ კონტროლი, დინამიკაში დაკვირვება ან შესაძლებელია კიდევ დაიგეგმოს ერთი ოპერაცია, ან არაოპერაციული ჩარევაც კი.

ბოლო წლებში ძალიან განვითარდა ოპერაციის გარეშე ჩარევები, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, მაგრამ კონტროლი მნიშვნელოვანია. გულის თანდაყოლილი მანკის დროს, ჩარევების დიდი წილი ჯერჯერობით მოდის ქირურგიულ ქმედებაზე. თანამედროვე ტექნოლოგიები შესაძლებელს ხდის და გვიმარტივებს რომ გავაკეთოთ ახალშობილებში, დღენაკლულ და მცირეწონიან პაციენტში, რთული, მასშტაბური ოპერაციები. ეს მარტო მონდომებით და ჩვენი სურვილით რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა. ამისათვის გვჭირდება ძალიან თანამედროვე და განვითარებული ტექნოლოგია.

- ადრე იყო გამოცდილება და ცოდნა, მაგრამ არ არსებობდა ინსტრუმენტული შესაძლებლობა იმისა, რომ გაკეთებულიყო ასეთი მასშტაბების ოპერაცია...

- საუკუნეების განმავლობაში უნდოდათ, რომ მსგავსი ოპერაციები ჩატარებულიყო, თუმცა შესაბამისი აპარატურის არქონის გამო ეს ვერ ხერხდებოდა. ყველა დარგს თავისი სპეციფიკა აქვს და გარედან ძალიან რომანტიკულად ჟღერს, როდესაც პატარა ბავშვს უკეთებ გულის ოპერაციას. მთელ მსოფლიოში ასეთი ოპერაციები მიღებული პრაქტიკაა.

1996 წელს საქართველოში გაიხსნა ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი, მანამდეც კეთდებოდა გულის თანდაყოლილ მანკებზე ოპერაციები, თუმცა ეს კეთდებოდა ერთ საავადმყოფოში ვიზიტორი ქირურგების მიერ - შერჩეული ოპერაციები, მხოლოდ შერჩეული პაციენტებისთვის. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა ჩვენი სამედიცინო ცენტრი, შეიქმნა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის ერთიანი სისტემა, რაც მანამდე საქართველოში და რეგიონში არ არსებობდა.

ამის შემდეგ დაიწყო ამ პრობლემის ასე მასშტაბურად მოგვარება. თავდაპირველად, ჰოსპიტალი გაიხსნა მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის, რომელთაც ჰქონდათ გულის თანდაყოლილი მანკი. ეს მოხდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, ამერიკელი ფილანტროპი ქალბატონის, ჯო ენ მაკგოვენის უშუალო ჩართულობითა და სურვილით, რომ ბავშვები აღარ დაღუპულიყვნენ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო. მისი ცხოვრების ბოლო პერიოდიც, სწორედ ამ დიდ საქმეს მიეძღვნა.

ეს იყო ამერიკელების და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი, და ორ ქვეყანას შორის დიდი მეგობრობის შედეგი. სწორედ ამერიკიდან ჩამოვიდნენ ახლად გახსნილ ჩვენს ჰოსპიტალში იმ პერიოდის დარგის წამყვანი სპეციალისტები სტენფორფის ბავშვთა საავადმყოფოდან და აქტიურად ჩაერთნენ სისტემის ამოქმედებაში. იმ დროისათვის უახლესი აპარატურა, თანხები, ყველა საჭირო ინვენტარი მობილიზდა ამერიკის დახმარებით. სწორედ ეს ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, გაგრძელდა და დღემდე ერთიანად მოდის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ არ გავჩერდეთ, რადგან არ გვინდა ჩამოვრჩეთ თანამედროვე მსოფლიოს მედიცინის განვითარებას არცერთ შემთხვევაში.

დღესდღეობით, საქართველოში ბავშვთა და ასევე მოზრდილთა გულის ქირურგია ბრწყინვალედაა განვითარებული და აქ ნებისმიერი გულთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ისევეა შესაძლებელი, როგორც ევროპისა და ამერიკის ნებისმიერ წამყვან საავადმყოფოში. ეს თავისით არ მოსულა და დიდი ადამიანების დამსახურებაა, იმ პიონერების, რომლებმაც ქართული გულის ქირურგიაში თავისი სათქმელი თქვეს.

მათ უზარმაზარი შრომა ჩადეს იმისთვის, რომ დღეს ეს შედეგი დამდგარიყო. ჩემს მასწავლებლებს ჰქონდათ ის ფუფუნება, რომ მსოფლიოში დარგის საუკეთესო სპეციალისტები ჰყოლოდათ მასწავლებლად. საქართველოში ჩამოეყვანათ ან მათთან წასულიყვნენ და ასე სიღრმისეულად შეესწავლათ ეს დარგი უკვე პრაქტიკაში. სრული პასუხისმგებლობით, შემიძლია ვთქვა - ბავშვთა გულის ქირურგია, ასევე მოზრდილთა გულის ქირურგია ისევე კარგად არის საქართველოში განვითარებული, როგორც ნებისმიერ, მსოფლიოს სხვა წერტილში, მეტსაც გეტყვით, ბევრად უკეთ, ვიდრე მსოფლიოს სხვა დანარჩენ ნაწილში.