პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში, ბოლო ორი კვირაა, ნაწლავური ინფექციებით ინფიცირებულების შემოდინებამ განსაკუთრებულად მოიმატა.
იაშვილის კლინიკის ემერჯენსის ექიმი ასახელებს სიმპტომებს, რაც ახასიათებთ ძირითადად პაციენტებს:
ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ნაწლავური ინფექციებით პაციენტთა მომართვიანობა მკვეთრადაა გაზრდილი. ძირითადად, დიარეა, ღებინება, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუპოვარი ცხელება აღენიშნებათ. თუ ბავშვმა საკმარისი რაოდენობის სითხე ვერ მიიღო, ეს დეჰიდრატაციას იწვევს. პაციენტთან ნაწილს გადაუდებელი დახმარება უტარდება და შემდეგ მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ.
ექიმი დავით გადაელია მოუწოდებს საზოგადოებას კარგად გარეცხონ საკვები პროდუქტები და არ მიირთვან საკვები ისეთ ადგილებში, რომელიც საეჭვო ჰიგიენის ობიექტია.
„მძიმე ხიფათი, თითქოს არაფრისგან!
ვის არ გამოგიცდიათ ნაწლავური ინფექცია. “- რაღაცამ მომწამლა”, “- მგონი რაღაც შემყვა..” გვითქვამს ხშირად. მართალია ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა – 1-2 დღე დიარეა, გულის რევა, ღებინება, ხანდახან ტემპერატურის მომატებაც- მაგრამ ძირითადად უკვალოდ გაუვლია. ცხადია ბანალურ ნაწლავურ ინფექციებს და ვირუსებს ვგულისხმობ და არა ქოლერის ან თუნდაც დიზენტერიის შემოტევას. ამ “მომწამლა”, “რაღაცამ მაწყინას” მიზეზი უმეტესად არის ნაწლავის ჩხირები, შიგელა, სალმონელოზი, კლოსტრიდიუმ დიფიცილე, ენტეროვირუსები და უსიამოვნო შეგრძნებების მიუხედავად მაინც მსუბუქ, ცოტა არ იყოს არასერიოზულ დაავადებად მიგვაჩნია- რადგან ბევრჯერ გადაგვიტანია!
გვახსოვდეს: ბავშვებში დიარეა არასდროს არ ყოფილა მთლად მარტივი დაავადება და ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზთა ხუთეულში მუდამ შედიოდა! ახლა კი ბოლო დროს ძალიან გავრცელებულ უმძიმეს დაავადებაზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. ესაა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, ანუ მოკლედ, აბრევიატურით – ჰუს-ი. დაავადება იწვევს სისხლის წითელი ბურთულების- ერითროციტების დაშლას, თირკმლის მიკროცირკულაციის მოშლას- უბრალო ენით რომ ვთქვათ, თირკმლის უმცირესი სისხლძარღვების გაბიდნვას, გაჭედვას და თირკმელების სრულ გამოთიშვას! დაავადება იწყება საკმაოდ უწყინრად- ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექციით და არის კიდეც ჩვეულებრივი ნაწლავური ინფექცია. ჰუს-ს ძალიან მაღალი ალბათობით, ნაწლავის ჩხირი იწვევს. იშვიათად- სხვა ბაქტერიებმაც შეიძლება გამოიწვიოს და შეიძლება არც თუ მძიმედ მიმავალი დაავადების ფონზე უცებ მოხდეს შარდის ნაწილობრივი, ან სრული შეკავება! საერთოდ, მიღებულია მსოფლიო სტატისტიკით, რომ
ჰუს-ით დაავადებულთა 90% ბავშვია. ამის მიუხედავად, ჩვენს კლინიკაში, სადაც განურჩევლად ხვდებიან ბავშვებიც და დიდებიც, ბავშვთა ჰუს-ის თითო-ოროლა შემთხვევა მახსოვს, ხოლო მარტო ამ ზაფხულს, მოზრდილთა ჰუს-ებმა ათეულს ბევრით გადააჭარბა! სტატისტიკით, ამ დაავადების 6% სიკვდილით მთავრდება. სიკვდილს გადარჩენილების ნაწილი შეიძლება მძიმე ინვალიდებად დარჩნენ, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო- წლობით დიალიზზე მიჯაჭვულები. ყველაფერ ამას იწვევს ეშერიხია კოლის შიგა ტოქსინი. სწორედ ეს ტოქსინი შლის ერითროციტებს. ამიტომაცაა საშიში თვითნებურად ანტიბიოტიკების ხმარება- ამ დროს მეტი შიგა ტოქსინი თავისუფლდება და უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. სამწუხაროდ, დაავადებულთა დიდი ნაწილი, რომელიც მძიმედ წარიმართა, ჩვენს კლინიკაში, 20- 40 წლის ახალგაზრდებზე მოდის და ყოველი შემთხვევა თავგანწირულ ბრძოლას ითხოვს. მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული შედეგი, ამიტომ დავმარცხებულვართ კიდეც.
რა უნდა იცოდეთ ამ დაავადების შესახებ? არანაირი სამკურნალო რეკომენდაცია ცხადია არ გაიცემა – დაავადება ინტენსიურ მეთვალყურეობას ითხოვს, ამიტომ არათუ სახლში, ჩვეულებრივ პალატაშიც კი არ მიდის მკურნალობა. სახლის პირობებში ბანალური ნაწლავური ინფექციის მკურნალობისას ყურადღება მიაქციეთ შარდის გამოყოფას. თუ მნიშვნელოვნად შემცირებულია- განგაშია ასატეხი! მთავარი კი პროფილაქტიკაა: ყველანაირად უნდა აიცილოთ ნაწლავის ჩხირის მოხვედრა ორგანიზმში წყალთან და საკვებთან ერთად, პირის ღრუდან! გარეცხეთ სხვა დროსაც და განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი. არ მიირთვა ცუდად მოხარშული და შემწვარი ხორცი. არაფრით არ ჭამოთ საეჭვო ჰიგიენის მქონე ობიექტების დამზადებული საკვები- ძალიან სახიფათოა და ძალიან გახშირდა ეს უმძიმესი დაავადება- ჰუს-ი“, – წერს დავით გადელია.