„სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს“ - ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი

საავადმყოფო

ზამთრის პერიოდში, დეკემბრის თვეში, ზოგადად, როგორც ყველა ქვეყანაში, ალბათ ჩვენთანაც მოიმატებს თვითონ გრიპის შემთხვევები. თუმცა, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია.

„თუ ჩავიტარებთ ვაქცინაციას სწორედ გრიპის იმ შტამზე, რომელიც ახლაა გავრცელებული - H3N2, სწორედ ამის საწინააღმდეგო კომპონენტია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ 6 თვიდან ყველა ასაკის ადამიანისთვის არსებობს ვაქცინები და ჩავიტაროთ. 2-4 კვირა საკმარისია იმისთვის, რათა იმუნიტეტი ჩამოგვიყალიბდეს.

კორონავირუსზე არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს გრიპის ვირუსს და სწორედ ამიტომ გვახსენებენ ჰონკონგის ტიპის ვირუსს, რომელიც 1968 წელს იყო გავრცელებული და მაშინ პანდემიის სახე მიიღო. საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. სიკვდილიანობა და მძიმე მიმდინარეობა გრიპსაც ახასიათებს, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ყველას - იმისათვის, რომ გრიპი მძიმე ფორმით არ დაგვემართოს, სეზონი მოდის და შემთხვევები მატულობს, ჩავიტაროთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ჩხაიძემ.