„წინა პლანზე წამოვიდა გრიპის სეზონური ვირუსები, მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო...“ - ინფექციონისტი

 ირაკლი ხმალაძე

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში რესპირაციული ვირუსები გავრცელდა. სეზონური ვირუსებით უფრო ბავშვები ინფიცირდებიან, რასაც თავიდანვე შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

როგორც ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „პრაიმტაიმთან“ აღნიშნავს, საზოგადოებაში შექმნილია იმუნური ფენა კორონავირუსის წინააღმდეგ, ახლა კი წინა პლანზე წამოვიდა გრიპის სეზონური ვირუსები.

„ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გამწვავება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა იკლებს. ამ ეტაპზე, საზოგადოებაში შექმნილია იმუნური ფენა კორონავირუსის წინააღმდეგ,  წინა პლანზე კი წამოვიდა გრიპის სეზონური ვირუსები.

რაც უფრო ვირუსის არიდების პრევენციაზე იქნება ორიენტირებული საზოგადოება, უკეთესი იქნება მათთვის. სჯობს, სანამ ვირუსი დაგვემართება, მანამდე დავიცვათ თავი, ვიდრე რომ დაგვემართება, მერე. საუბარია ორგანიზმის გაძლიერებაზე და ეპიდემიოლოგიურ თავდაცვაზე, უნდა მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს, აუცილებელია ხელების დაბანა და პირბადის ტარება იქ, სადაც ბევრი ადამიანია.

სეზონური ვირუსები უფრო ბავშვებშია მოდებული, შემდეგ ვირუსები მათ ოჯახებში მიაქვთ. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ გადადებული ინფექცია უფრო ძლიერდება, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ თავი ვირუსის მასიური გავრცელებისგან“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ექიმების ცნობით საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს მათ შორის რინო, ადენო და რესპირაციული ვირუსები. ექიმები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.