1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ბოლო ორი თვეა, მიუხედავად იმისა, რომელი ვირუსია გამომწვევი, თითქმის ყველა ოტიტით - ყურის ანთებით და ნევრიტით რთულდება, როცა, ასაკის მიუხედავად, პაციენტს ყურებში ხმაური აქვს“,- ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, თსსუ პროფესორი ლიკა ლომიძე გადაცემაში „პირადი ექიმი“ საუბრობს.
ექიმი გვირჩევს როგორ უნდა ამოვიცნოთ ტკივილი მცირე ასაკის ბავშვებში და რატომაა დროული რეაგირება აუცილებელი:
„სეზონური გრიპი ძალიან ხშირად ყურის ტკივილით რთულდება. ვირუსული ინფექციების დროს პირველი სამიზნე ცხვირია. ცხვირი იჭედება და ლოგიკურად, იჭედება ის არხიც, რომელიც ცხვირს ყურთან აკავშირებს. სწორედ ეს დამაკავშირებელი არხი, რომელიც ცხვირ-ხახაში იხსნება, გაჭედვის დროს შუა ყურს ხურავს. შუა ყურში სითხე დგება, რომელიც ყურის ტკივილსა და ანთებას იწვევს. სიმპტომები კი ასეთია: სმენის დაქვეითება, ყურების დაგუბება, ხმაური ყურებში, ტკივილი, განსაკუთრებით ბავშვებში. გარეთა ოტიტია, როცა უმეტესად ინფექცია გარეთა ყურიდან ვრცელდება, ეს იქნება აუზიდან, ყურის ჩხირების გამოყენების დროს კანის ეპიდერმისის დაზიანებით, რომელიც შემდგომ უკვე რბილ ქსოვილებში გადის და საკმაოდ ძლიერ ტკივილს იწვევს.
ასევე, იწვევს სმენის დაქვეითებას, რადგანაც გარედან ბგერა ვეღარ შედის და შუა და შიგნითა ყურს შესაბამისად ვერ მიეწოდება. შუა ყურის ანთება კი ძირითადად ევსტაქის მილიდან ვრცელდება, რომელიც ცხვირსა და შუა ყურს ერთმანეთთან აკავშირებს. მკურნალობის პირველ ეტაპზე მნიშვნელობას ცხვირის გახსნას, ანუ ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებას ვანიჭებთ." - ამბობს ლიკა ლომიძე.
სპეციალისტი ასევე განმარტავს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ყურის ტკივილი მცირე ასაკის ბავშვებში:
"ხშირად წოვა უჭირთ და იწყებენ ჭირვეულობას. მშობლებისთვის პირველი ნიშანი სწორედ ეს არის ხოლმე და მოჰყავთ ბავშვები და ამბობენ, რომ ძუძუზე უარს ამბობენ, ან საკვებს არ ჭამენ. ოტოსკოპიის გარეშე, ფაქტობრივად, დიაგნოზს ვერ დავსვამთ. პატარები ტკივილს უფრო ძლიერად აღიქვამენ, მაგრამ ამას ვერ გადმოგვცემენ. ერთადერთი, წლამდე ასაკში მშობლებმა შესაძლოა საკვებზე უარის თქმით ამოიცნონ. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, თანამედროვე მედიკამენტების წყალობით იშვიათი გახდა, რომ ქირურგიული ჩარევა და დაფის აპკის ხელოვნური გაკვეთა დაგვჭირდეს, რაც ბავშვს ტკივილს უმსუბუქებს. როდესაც უარყოფითი წნევა, რომელიც სითხის დაგროვებითაა გამოწვეული, დაფის აპკს აწვება და ტკივილს იწვევს. მისი გაკვეთა იქნება ეს, თუ თვითგახეთქვა და სითხის გადმოსვლა, ბავშვს უკვე შეღავათს აძლევს. ამიტომაც, თუ ყურადღებიანი მშობელია, სითხეს რომ დაინახავს, სწრაფადვე რეაგირებს და ექიმთან მიჰყავს. თუმცა, გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვს ყური უკვე აღარ სტკივა და სითხის გადმოსვლას არ აქცევენ ყურადღებას. სითხე გადმოსდის, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ისეთივე სიმპტომია, როგორც ცხვირიდან გამონადენი. ჩვენი რჩევაა, რომ პრობლემას დროულად მიაქციონ ყურადღება. დროულ და სწორ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაფის აპკზე ნახეთქები არ დარჩეს, დროულად გაშრეს და შეხორცდეს, რადგანაც თუ შუა ყურის ანთება ქრონიკულში გადავიდა, ამ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაა საჭირო. დაფის აპკის აღდგენა საკმაოდ სერიოზული ოპერაციაა." - ამბობს ლიკა ლომიძე.