სიახლე - ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ

სისხლის ჩაბარება

ანაზღაურების მიღების მიზნით, მოქალაქეები სისხლის ჩაბარებას ვეღარ შეძლებენ. დონაციის ცენტრებში მიმდინარე რეორგანიზაციის დაწყება მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე ხორციელდება.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო კახაძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, კანონში ცვლილებები 2025 წლამდე უნდა განხორციელდეს, მანამდე კი საჭიროა აქტიური საინფორმაციო კამპანიები.

„ეს საკითხი კომიტეტში შემოვიდა. ამას ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა. ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, გვაქვს აღებული ვალდებულებები ევროასოცირების შესახებ და სწორედ იმ ქვეყნების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია დონაცია.

დონაცია, ანუ სისხლის გაცემა კეთილშობილი მისიაა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამის რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა და იმ ქვეყნების, რომლებიც ევროკავშირს წარმოადგენენ. დონაცია უნდა იყოს უფასო.

ყველა ვერ გახდება დონორი, დონორი რომ გახდე, დიდი პატივია. პირველ რიგში, უნდა იყო ჯანმრთელი. სისხლის გაცემა ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც კარგია. ტვინის მასტიმულირებელი ფუნქციის მატარებელია და ამ წესის დამკვიდრება ძალიან კარგია.

ქვეყანაში, დაახლოებით, 24 დონაციის ცენტრია. პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს მკაცრად ცენტრალიზებული უნდა იყოს. რასაკვირველია, ფილიალთა სისტემით - ეს მიეკუთვნება სტაციონარებს, მრავალპროფილურ კლინიკებს, რომელიც მოემსახურება ქვეყნის შიგნით პოპულაციას. მათი რეკომენდაციით, სისხლის ბანკების რაოდენობა უნდა შემცირდეს 24-დან 3-მდე, ეს ჯერ განხილვის საგანია და აღნიშნული პროცესი 2025 წლით თარიღდება. ახლა გასააქტიურებელია საგანმანათლებლო ნაწილი, სოციალური რეკლამირება. დღეს დონაცია ბიზნესია. პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ფასიანი მომსახურება, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის რეკომენდაციაა, რომ ეს შეიცვალოს.“ - განაცხადა კახაძემ.

კითხვაზე, ხომ არ შემცირდება დონორთა რაოდენობა და ხომ არ შექმნის ეს კრიზისს, კახაძე ამბობს, რომ ამისთვის იგეგმება რამე წამახალისებელი კამპანია.

„მალე ამის საჯაროდ განხილვას დავიწყებთ და ბევრი ადამიანი ჩაერთვება - არასამთავრობო ნაწილი, პროფესიონალები, უცხოელები, საერთაშორისო ექსპერტები და ა.შ. გერქვას დონორი - ვფიქრობთ, რომ რაღაც შეღავათების სისტემა უნდა ამოქმედდეს, ეს თეორიული ნაწილია, რომელზეც ახლა განხილვა მიმდინარეობს და ეკონომიურ საფუძველზეა დასადები.

ფართო მასების ჩართულობა, მრავალფეროვნება და აქედან საუკეთესო ვარიანტის არჩევა, ეს იქნება საერთო მიზანი დონაციის საკითხის მოგვარების.

სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია. არსებობს ციფრები, რამდენია დღეს დონაცია, რამდენი ბანკი არსებობს, ზოგჯერ დეფიციტზეა საუბარი. ჩვენს ქვეყანას 85 000 დონორისაგან დონაციით მიღებული პროდუქტი გვაქვს, მოხმარებულია 74 000. 10 000 ჭარბია. ეს მეცნიერულად შესასწავლია. ნებისმიერმა პოტენციურ პაციენტად უნდა წარმოვიდგინოთ თავი, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ. დონაციის პრინციპი ეს არის. ამის გაგება დიდი პასუხისმგებლობაა.

უნდა ვიცოდეთ, რომ 65 წლის შემდეგ სისხლს ვეღარ ჩააბარებთ. არის ისეთი დაავადებები, რომლის არსებობის შემთხვევაში სისხლი მეხსიერებაში ინახავს და ესეც საფრთხილოა. დასამკვიდრებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი. მოსაწესრიგებელია განათლების და ჯანდაცვის სისტემები, პროფესიული კუთხით საჭიროა პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ეს არის პროცესი, რომელშიც უკვე ჩავერთეთ, რახან ეს გზა ავირჩიეთ. “ - განაცხადა კახაძემ.