საუნივერსიტეტო კლინიკის ერთი სართული ინფექციურ პათოლოგიათა სამკურნალო განყოფილებად გარდაიქმნება

ლევან რატიანი

WHO-ს მოწვეული ექსპერტის მიერ საქართველოს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში  მხარდამჭერი ვიზიტი განხორციელდა.

მიმდინარე პროექტის მიხედვით, კლინიკის ერთი სართული გარდაიქმნება ინფექციურ პათოლოგიათა სამკურნალო განყოფილებად. განყოფილების პროექტირება მოხდება ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის აუცილებელი რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტებისა შესაბამისად.

ინფექციური განყოფილების სრული ფართობი 400 კვადრატულ მეტრამდე იქნება და იგი ჯამში 24 საწოლზე იქნება გათვლილი. აქედან 8 საწოლი ინტენსიური თერაპიის საჭიროებებისთვის პაციენტებისთვის იქნება გამოყოფილი.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაწესებულებაში პაციენტთა და სამედიცინო პერსონალის მოძრაობის ნაკადებს, ჟანგბადის მიწოდებას, ინფექციის პრევენციისა და კონტროლისათვის საჭირო პროცედურების შესაძლებლობებს და სათანადო ვენტილაციის სისტემების მოწყობას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საავადმყოფო ერთ-ერთია, რომლის ბაზაზეც კოვიდ კლინიკა პანდემიის დაწყებისთანავე გაიხსნა. კვლევის შედეგად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა დაწესებულებაში სიკვდილიანობის ინდექსი 5.17%-ით განსაზღვრა, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი ზოგიერთ კლინიკაში 30%-საც კი შეადგენდა.

„ეს ექსპერტი ჩვენთან სამჯერ იმყოფებოდა და მივიღეთ ასეთი დასკვნა: კოვიდ-მართვის შესახებ განყოფილება შეფასდა მკვეთრად დადებითად და ბრილიანტიც კი უწოდა ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებას. პაციენტების ისეთი დიდი ნაკადი შემოდიოდა, რომ მიმღებში, სკამებზე გვყავდა. თუ პაციენტს არ სჭირდებოდა ექიმი, მას ერთი წუთი დავტოვებდით?!

შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შემოწმდა ჩვენი კლინიკა, დასკვნაში გვიწერია, რომ დამატებითი ანაზღაურების, დანამატის გაცემის დარღვევა არ ფიქსირდება.“ - განაცხადა რამდენიმე თვის წინ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.