„ეს არის ალმასის ქვა, დაახლოებით, 50-კარატიანი და მოყვანილობით ცრემლს ჰგავს“ - დავით ჭითავა ძვირფასი თილისმის ფონდისთვის გადაცემას აპირებს

საფლავი

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება პროექტის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაცვლილი ტყვეების ნეშტების თავმოყრა და ერთ ტერიტორიაზე გადასვენებას შეეხება.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „დედის ცრემლების“ დამფუძნებლის, დავით ჭითავას თქმით, გაკეთდება საფლავი, სადაც 63 000 ჯარისკაცის ნეშტს გადაასვენებენ.

პროექტის ავტორის თქმით, დეტალები ზუსტდება და მოლაპარაკებები ორშაბათიდან ისევ განახლდება.

„ვამზადებთ პროექტს. რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 100ჰა. მიწაა საჭირო, სადაც თითოეული აგური დაიდება ყველა იმ ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე შეეწირნენ სხვადასხვა შეიარაღებულ შეტაკებებს. აქ საუბარია გერმანელ ჯარისკაცებზე, იტალიელებზე, ფრანგებზე, რუსებზე, აფხაზებზე, ოსებზე და ა.შ. განურჩევლად იმისა, ვინ ვის მხარეზე იბრძოდა. ჩვენ ვთვლით, რომ ჯარისკაცების ბრალეულობა 0-ის ტოლია. მათ პროპაგანდის მსხვერპლებად ვთვლით.

ეს ძალიან მოსწონს დასავლეთს, განსაკუთრებით, გერმანია-იტალია-იაპონიას, იმიტომ, რომ ისინი ამაში ხსნას ხედავენ - თავიანთმა მოქალაქეებმა ამაყად თქვან, რომ ჩვენი წინაპარი, ბაბუა, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში და იბრძოდა საკუთარი ქვეყნის ღირსებისათვის. ისინი ფაქტობრივად, თავიანთი ქვეყნის გმირები იყვნენ, ჩვენთვის და სხვებისთვის იყვნენ ფაშისტები თორემ...

ბიძაჩემი უკრაინის ტერიტორიაზე, მიკოლაევის დაცვაში იბრძოდა. გადაცურვის დროს ფეხებში დაიჭრა, იხრჩობოდა, თან მარტო იყო. წყლიდან გერმანელმა ოფიცერმა ამოიყვანა და გადაარჩინა. რუსული იცოდა და ესაუბრებოდა. ბიძაჩემის მოვლის დროს თვითონაც დაიჭრა, ძალიან მძიმედ. მოიხსნა თილისმა და უთხრა: ეს დედაჩემმა მომცა ჯარში რომ მოვდიოდი, ის აცილებდა ჯარისკაცებს, ეშელონებით რომ მიჰყავდათო. ეს გერმანელი დედების ცრემლშია ამოვლებული, მე ვერ დამიცვა, მაგრამ შენ დაგიცავსო. მთავარი ის იყო, რომ გერმანელი დედები შვილის დაკარგვას იმდენად არ განიცდიდნენ, რამდენადაც ფაქტს, რომ შვილები სხვა დედების შვილების მკვლელები უნდა გამხდარიყვნენ.

ეს არის ალმასის ქვა, რომელიც ავწონე და დაახლოებით, 50-კარატიანი ქვაა და მოყვანილობით ცრემლს ჰგავს. გლუვი თავი აქვს, თუმცა ბავშვობაში სოფელში შუშას ვჭრიდი. შემდეგ ბებიაჩემმა მიანდერძა და ვაპირებ, რომ ფონდს გადავცე.

გერმანელებისთვის ეს ისტორია და ჯარისკაცებთან დაკავშირებული გეგმა ძალიან ამაღელვებელი იყო. გერმანელები ამ ყველაფერს თავიანთი სახსრებით აკეთებენ.

საფლავებს კი ერთ-ერთი გერმანული ორგანიზაცია უპატრონებს, რომელიც 1919 წელს შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს. ადგილზე 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ და თუ არ ვცდები, 112 ქვეყანაში ჰყავთ წარმომადგენლობა. 

აფხაზეთის ტერიტორიაზე ხელი არ მიგვიწვდება. სურვილი გვაქვს, რომ სასულიერო პირების მეშვეობით ხმა მივაწვდინოთ დე-ფაქტო ხელისუფლებას და წინააღმდეგობა არ გაგვიწიონ და გერმანელი ჯარისკაცების აქეთ გადმოსვენება მოვახერხოთ.“ - ამბობს დავით ჭითავა.