სასიკვდილო ინფექცია, რომელსაც „უწყინარი“ მწერები ავრცელებენ

სასიკვდილო ინფექცია

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.

ყირიმ-კონგოს გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებისთვის, რადგან ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიები, აქვს სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი (10-40%), ხშირია საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში გავრცელების შემთხვევები, ამავე დროს, რთულია მისი პრევენცია და მკურნალობა. ყირიმ-კონგოს ცხელება ენდემურია აფრიკისთვის, ბალკანეთისთვის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისთვის.

 

რამდენად ხშირად გვხვდება ის ჩვენს ქვეყანაში?

ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები საქართველოში ყოველ წელიწადს რეგისტრირდება. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც მწვავე ცხელებით მიმდინარეობს. მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ლეტალური შედეგი ამ დაავადების დროს საკმაოდ მაღალია: სხვადასხვა მონაცემებით 2%-დან 50%-მდე შემთხვევებისა სიკვდილით სრულდება. საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ დაავადების 30-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული. რამდენიმე შემთხვევა წელსაც აღინიშნა და ერთი მათგანი ლეტალური შედეგით დასრულდა - ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმ-კონგოს ცხელება მასობრივად არ ვრცელდება, საკმაოდ ვერაგი დაავადებაა.

 

ძირითადად, რა შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო?

ამ ვირუსის გადამტანი ხშირად არის ერთი შეხედვით უწყინარი მწერი - ტკიპა, რომელიც ადამიანს ჰკბენს და აინფიცირებს. ოღონდ, ეს მხოლოდ დაინფიცირებულ ტკიპებს ეხება. მხოლოდ რამდენიმე სახეობის მწერს აქვს უნარი, რომ ეს ვირუსი გადაიტანოს. საქართველოში ტკიპის უამრავი სახეობაა, მაგრამ ყველა როდი ხდება ამ საშიში ინფექციის წყარო. ასევე შესაძლებელია, ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირება ავადმყოფთან კონტაქტის დროს. საშიშია დაავადებული პირუტყვის სისხლთან ან გამონაყოფთან კონტაქტიც. ეს პროფესიული დაავადებაა - მედპერსონალიც რისკ-ჯგუფში შედის, რადგან მას ავადმყოფ ადამიანთან აქვს კონტაქტი. თუ მედდა ან ექიმი არ იყენებს ხელთათმანს, სათვალეს და სხვა დამცავ საშუალებებს, ის შეიძლება დაინფიცირდეს.

 

როგორ უნდა შეატყოს ადამიანმა, რომ ის უკვე დაინფიცირებულია?

ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში, ყირიმ-კონგოს ცხელების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 1-3 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი ცხრა დღე. ინფიცირებულ სისხლთან ან ქსოვილთან კონტაქტის შემთხვევაში, დაავადების საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 5-6 დღეა, მაქსიმალური პერიოდი კი 13 დღემდე გრძელდება. 

სიმპტომები უცაბედად ვლინდება — ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ტკივილი ზურგის არეში, თავის ტკივილი, თვალების წვა და ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება იყოს გულისრევის შეგრძნება, ღებინება და ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში, ყელის ტკივილი, განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და დაბნეულობა. ორი ან ოთხი დღის შემდეგ, ნერვული აღგზნებადობა შეიძლება ჩაანაცვლოს ძილიანობამ, დეპრესიამ, დაღლილობამ, უხალისობამ, მუცლის ტკივილი შეიძლება ლოკალიზდეს ზედა მარჯვენა ნაწილში, გადიდებულია ღვიძლი.

სხვა კლინიკურ სიმპტომებს შორის არის ტაქიკარდია (გულისცემის მომატება), ლიმფადენოპატია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება) და პეტექიალური გამონაყარი (კანში სისხლჩაქცევებით გამოწვეული გამონაყარი) შიდა ლორწოვან ზედაპირებზე, მაგალითად, პირის ღრუსა და ყელში, და კანზე. პეტექია შეიძლება გადაიზარდოს უფრო დიდ გამონაყარში (ეკქიმოზი) და სხვა ჰემორაგიულ ფენომენებში. ჩვეულებრივ, არსებობს ჰეპატიტის მტკიცებულებაც, ძლიერ მძიმე პაციენტებს კი შეიძლება განუვითარდეთ თირკმლების სწრაფი გაუარესება, ღვიძლის უცაბედი უკმარისობა ან ფილტვების უკმარისობა დაავადების მიმდინარეობის მეხუთე დღეს.

 

გაფრთხილება!!!

ადამიანებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მართვის მთავარ მიდგომას წარმოადგენს სიპტომების ზოგადი მხარდამჭერი მკურნალობა. აშკარა სარგებელი აქვს ანტივირუსულ პრეპარატ რიბავირინით მკურნალობას. ეფექტიანია როგორც ორალური, ისე ინტრავენური მიღება

ყირიმ-კონგოს ცხელების სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტია, სიკვდილი კი ძირითადად ავადობის მეორე კვირას დგება. გამოჯანმრთელებულ პაციენტებში მდგომარეობის გაუმჯობესება იწყება დაავადების დაწყებიდან მეცხრე-მეათე დღეს.

ყირიმ-კონგოს ინფექციის პრევენცია ან კონტროლი ცხოველებსა და ტკიპებში ურთულესია, რადგან ტკიპა-ცხოველი-ტკიპის ციკლი ძირითადად შეუმჩნევლად მიდის და ძირითადად, შინაურ ცხოველებში ინფექცია აშკარა არ არის. გარდა ამისა, ინფექციის გადამტანი ტკიპები ძალიან ბევრი და ფართოდ გავრცელებულია; შესაბამისად, დაავადების კონტროლის ერთადერთი რეალური გზაა ტკიპების კონტროლი აკარიციდებით (ნივთიერებები, რომელიც ტკიპებს ანადგურებს).

ადამიანებში ინფექციის შემცირების ერთადერთ გზას წარმოადგენს ცნობადობის გაზრდა რისკ-ფაქტორების შესახებ და ადამიანებისთვის იმ ზომების სწავლება, რომელთა მიღებაც მათ შეუძლიათ ვირუსისგან თავის ასარიდებლად.