„ინფექცია სისხლში იყო წასული... სასწრაფოდ მჭირდებოდა ოპერაცია...“ - თამო ვაშალომიძე

ვაშალომიძე

ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე კლინიკიდან გაწერეს. 

მოდელი „პრაიმტაიმთან“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ქირურგს, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა, მადლობას უხდის.

„გასულ კვირას დამეწყო გაუსაძლისი მუცლის ტკივილი, თავიდან მეგონა, რომ კუჭის პრობლემა იყო. დავლიე წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, რომ არაფერმა მიშველა, წავედი საავადმყოფოში.

ექოსკოპიას მიღებდნენ 20 წუთი, მაშინ მივხვდი, რომ კარგი ამბავი არ იყო, თან სიცხე მქონდა. როდესაც სისხლის ანალიზი ამიღეს, ნახეს, რომ ინფექცია სისხლში იყო წასული. მითხრეს, რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ბრმა ნაწლავის ოპერაცია, სხვა შემთხვევაში 36 საათში გასკდებოდა.

ექიმებმა მითხრეს, რომ ლაპარასკოპიის გარდა, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც გამხდარიყო საჭირო.

წარმოიდგინეთ, 7-ის ნახევარზე ხდება ეს ყველაფერი და ნახევარ საათში უკვე საოპერაციოდ მამზადებდნენ. ემოციურად ისეთ შოკში ვიყავი... ვტიროდი, ვერც გავიაზრე ეს ყველაფერი. 

როდესაც ოპერაცია დასრულდა, მითხრეს, რომ მუცლის ღრუს სხვადასხვა მიდამოები დაჩირქებული იყო, უკიდურესად რთული მდგომარეობა იყო. ქირურგი დიმა ჩაჩხიანი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, ყველანაირად ეცადა, რომ ქირურგიული ჩარევა არ დამჭირვებოდა, გაითვალისწინა, რომ ფოტომოდელი ვარ. მხოლოდ სამი პატარა შრამი მაქვს, რომელიც თითო-თითო სანტიმეტრიც არ არის და ესეც არ დამრჩება ცოტა ხანში. 

ბევრ ქირურგთან მქონია შეხება, მაგრამ, ეს ადამიანი იმდენად ყურადღებიანია. ყოველთვის ხაზზე იყო, სულ მკითხულობდა და მინდა თქვენი მეშვეობით მადლობა გადავუხადო“, - ამბობს თამო ვაშალომიძე „პრაიმტაიმთან“.