სად აგრძელებს საქმიანობას ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

და­ავადებათა კონტროლის ეროვ­ნუ­ლი ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა. გამყრელიძეს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.

რა გეგმები აქვს გამყრელიძეს პოსტის დატოვების შემდეგ? - აქვს თუ არა მას  პოლიტიკაში მოსვლის ამბიციები? - ამ საკითხების გარკვევას „პრაიმტაიმი“ შეეცადა. როგორც გამყრელიძემ გვითხრა, მისთვის პოლიტიკაში ჩართვა ძალიან დაგვიანებულია.

„პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად არ ვაპირებ. რა დროს ჩემი პოლიტიკაა, სხვა გეგმები მაქვს“,- განაცხადა გამყრელიძემ „პრაიმტაიმთან“. კითხვაზე, რას უკავშირდება ამირან გამყრელიძის სამომავლო გეგმები? - ის გვპასუხობს: „სამედიცინო მეცნიერება, განათლება და საკონსულტაციო მუშაობა, საიდანაც მოვდივარ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს გამოქვეყნდა ინტერვიუ „ინტერპრესნიუსთან“, სადაც ამირან გამყრელიძე  უკვე მიმდინარე საქმიანობაზე საუბრობს :

„ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით ვსაქმიანობ. ვაჯამებ ამ 10 წლის მოღვაწეობის შედეგებსა და გამოცდილებას რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის, რაც ვფიქრობ, შესაძლოა, მომავალში გამოადგეს ცენტრისა და დარგის ხელმძღვანელობას თუ რა თქმა უნდა, მათთვის მისაღები იქნა. 

ვანახლებ ლექციათა ციკლს გლობალურ ჯანმრთელობაში, რომელსაც ვკითხულობდი რამდენიმე უნივერსიტეტში საქართველოსა და ნორვეგიაში. ჯერ კიდევ ვარ კონსულტანტად და მრჩევლად რამდენიმე საერთაშორისო პროექტსა და პროგრამაში. ამ ეტაპზე, ამ თემებით ვარ დაკავებული. ვალაგებ და სისტემატიზაციაში მომყავს ის ძალიან ბევრი ქაღალდი და ელექტრონულ ფაილი, რაც თან წამოვიღე“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.