რომელია ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო ეპილაცია მოზარდებისთვის - ზაზა თელიას რეკომენდაცია

დერმატოლოგი

არსებობს მოსაზრება, რომ მოზარდებისთვის ეპილაციის გაკეთება გარკვეულ რისკებს შეიცავს და მშობლები ამისგან თავის არიდებას ცდილობენ. არადა, გარდატეხის ასაკში თმიანობა ბავშვებს კომპლექსებს უჩენს და ფსიქოლოგიური ტრამვების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მშობელმა გაითვალისწინონ, რომ 11-12 წლის ასაკში ამ პროცედურის ჩატარება დაშვებულია და მითია მოსაზრება, რომ ეპილაციის შემდეგ უფრო მეტი და მუქი ფერის თმა ამოდის.

უქმნის თუ არა მოზარდებს საფრთხეს ეპილაცია, რომელი მეთოდია უფრო ეფექტიანი და რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული ამაზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს.

„ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ლაზერული ეპილაციის გაკეთება თმის სრულ გაქრობას არ გულისხმობს. ის უბრალოდ ამცირებს თმის ამოსვლას. ასევე, ამ მეთოდის გამოყენებისას უნდა დავიცვათ გარკვეული პერიოდულობა, თუ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს.

ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ყველაზე პოპულარული ალექსანდრიტისა და დიოდის ლაზერია. თუმცა, ორივეს განსხვავებული სიხშირის ტალღა აქვს. ნაკლებად ცნობილია იაგ ნეოდიუმი, რომელიც უფრო გრძელტალღოვანია, ვიდრე ალექსანდრიტი და დიოდი და მუქი ფერის კანზეა მისი გამოყენება რეკომენდებული. უფრო უსაფრთხოა, რადგან მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებს შედარებით მაღალი რისკი აქვთ, რომ ლაზერული ეპილაციის შემდეგ გარკვეული გვერდითი ეფექტები განუვითარდეთ. მაგალითად, როგორებიცაა ჰიპერპიგმენტური ან ჰიპოპიგმენტური ლაქები. ვისაც თეთრი ფერის კანი აქვს, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ მეთოდს მიმართონ. უნდა ვიცოდეთ, რომ ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტური არის ადამიანებში, რომლებსაც თეთრი ფერის კანი და მუქი ფერის თმა აქვთ, იმიტომ, რომ ლაზერი თმის პიგმენტს, მელანინს იჭერს. ასევე, ქერა ტიპისა და თეთრი თმის ლაზერული ეპილაცია არ არის ეფექტური იმიტომ, რომ ლაზერი ვერ აღიქვამს და შესაბამისად, არც სასურველი შედეგი გვაქვს. ლაზერული ეპილაციის გაკეთება მოზარდებში უსაფრთხოა. ამის გარდა, არსებობს ნემსით ეპილაციაც, თუმცა, გაცილებით მტკივნეული მეთოდია და აღნიშნულ ასაკში არ მიმართავენ ხოლმე.

ცვილით ეპილაციაც ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია. უსაფრთხოა მოზარდებისთვისაც, თუმცა გარკვეული რეკომენდაციები უნდა დაიცვან. ცვილით ეპილაციის გაკეთებამდე, აუცილებლად თბილი წლით უნდა დაიტენიანონ კანი. ეპილაციის შემდეგ კი ასევე თბილი წყლით დაბანა და დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, რომ კანის გაღიზიანება თავიდან ავირიდოთ. ყველაზე ეფექტურია მინერალური ზეთის, თეთრი ვაზელინის ან სხვა ისეთი ტიპის დამატენიანებლის გამოყენება, რომელიც პარფიუმს არ შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი აღნიშნულ რეკომენდაციებს მიმართავს, კანზე გარკვეული გვერდითი ეფექტები მაინც უვითარდებათ და სხვა ტიპის ეპილაციას უნდა მიმართონ“, - განაცხადა დერმატოლოგმა „მშობლებთან“.